დაუგეგმავი ნაბიჯები ყოველთვის სასარგებლოა, თუკი შინაგანად მზად ხარ ამისთვის. ამას სულ ცოტა ხნის წინ მივხვდი, როცა წითელ ხიდთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ვიდექი. ბოლომდე არ ვიცოდი, სად მივდიოდი, ვინ დამხვდებოდა და რა ბედი მელოდა, მაგრამ, როგორც ჩემს თვეში (თუ მე მის თვეში) დაბადებული მხედართმთავარი იტყოდა, წილი ნაყარიაო. ჰოდა დავავლეთ ჩვენ-ჩვენს ბარგს ხელი მე და ნონამ და საბაჟოზე შევედით.
აზერბაიჯანულ „ნიჭიერში“ მიგვიწვიეს. იქ პირველი სეზონია და განსხვავებულ ნომრებს ეძებენ. საქართველოდან, ჩემ გარდა, ნონა გიუნაშვილი, გიორგი ბაგუშვილი, დათო რობაქიძე, როსტომ ყაველაშვილი და ჯგუფი „ვორქაუთი“ გამოდიან. კასტინგები ისე დაიგეგმა, რომ მე და ნონას ნომერები ერთად უნდა ჩაიწეროს. არც ერთი საქართველოს გარეთ ნამყოფები არ ვართ, ნონამ რუსული არ იცის და ჩემს იმედზეა მე კი – საკუთარი თავის, ტელეფონის და რუსულის, რომელიც, ოდესღაც კარგად ვიცოდი.
ბაქოში მარნეულიდან ავტობუსით წავედით, რომლის ხარჯებს (ისევე, როგორც ყველაფერ სხვას) ტელევიზია ანაზღაურებდა. ქართული საბაჟო უპრობლემოდ გავიარეთ.
სანამ თავისუფალ ზონაში მამაჩემს ტელეფონზე ვექაქანებოდი და როუმინგის ჩართვას ვცდილობდი, ილუზიონისტი როსტომიც წამოგვეწია და სამივე მივუახლოვდით აზერბაიჯანის საბაჟოს. აი, სწორედ იქ ვიგრძენი, რომ სადღაც სხვაგან მივდიოდი: თუ ჩვენი საბაჟო ოფისს გავდა, მათი ნამდვილი ციხესიმაგრე იყო, დიდი ხორბლისფერი ქვებით მოპირკეთებული. პასპორტებში შესვლის ნებართვა ჩაგვირტყეს თუ არა, მგზავრთათვის განკუთვნილი ვიწრო დერეფნით მეორე მხარეს გამოვედით და სხვა ქვეყანაში აღმოვჩნდით.
არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ მართლა ასე იყო, მაგრამ იმავე წამს ვეებერთელა განსხვავება ვიგრძენი. სადღაც 300 მეტრში შეიცვალა არქიტექტურა, ხალხი და ბუნებაც კი. ეს დაუჯერებელი იყო. საზღვრის გადაკვეთას ასე რეალისტურად თვითმფრინავში ვერ იგრძნობ. გარშემო ქაოსი: ბევრი ხალხი და სხვადასხვა ზომის მანქანა. ყველაზე ხშირად რაც მესმოდა, უფრო სწორედ, რაც დამამახსოვრდა, იყო „თაქსი, თაქსი ბაკუ!“ და „ლარ – მანათ!“ მე კი იმწუთას მხოლოდ ერთი საფიქრალი მიტრიალებდა: სად იყო ჩვენი ავტობუსი!!!
მძღოლი, რომელსაც ბაქომდე უნდა ჩავეყვანეთ, აზერბაიჯანელი იყო და ჩვენთვის ყურადღების მიქცევა ჰქონდა დავალებული. ჰოდა სწორედ ეს კაცი და მისი ავტობუსი არ ჩანდა ჩვენს თვალსაწიერში და არც ტელეფონს პასუხობდა. ავნერვიულდი. სისტემატურად ვუშვებდი ზარს, ნონა გვერდიდან არ მცილდებოდა. უცებ მითხრა, მგონი, ჩვენ გვეძახიანო. გავთიშე ტელეფონი, მიმოვიხედე და, უპს… ავტომობილების გამშვებ ზონაში შევსულვართ. დავაპირეთ უკან გამობრუნება, მაგრამ ვინ გვიშვებს? ჯერ რიგითი ჯარისკაცები მოცვივდნენ, მათ მოყვნენ მწვანემუნდირიანი ოფიცრები და ბოლოს ერთი-ორი მათი უფროსიც მოვიდა. გამოიცანით, თავში ერთდროულად დაკითხვის რამდენმა სცენამ გამიელვა. დაბნეული ვუხსნიდი რუსულად, რომ საზღვარი ამ წამს გადმოვკვეთეთ, რომ ჩვენს ავტობუსს ვეძებთ და რომ მძღოლი არ გვპასუხობს. წარწერაც აზერბაიჯანული იყო და იმიტომ ვერ გავიგეთ, რომ იქ შესვლა არ შეიძლებოდა. უფროსმა სამხედრომ პასპორტები გამოგვართვა, გადაათვალიერა, გაეცინა (შეიძლება, შევეცოდეთ) და ათამდე კაცმა თავი დაგვანება. ყველაზე დიდი სტრესი გამოვიარეთ, მაგრამ ავტობუსი მაინც არ ჩანდა.
საღამოვდებოდა, სიცივე და ქარი მატულობდა. გიორგის, რომელიც ჩვენი მგზავრობის დეტალებს აგვარებდა, რამდენჯერმე დავურეკე, რომ დეტალები გაერკვია. იქვე საჩაიეში შევედით და ყოველ გამვლელ ავტობუსს მოლოდინის თვალს ვაყოლებდით. ამასობაში ბაქოდან კასტინგ მენეჯერმა გიუნაიმ (ძალიან ლამაზი აღმოჩნდა, როგორც მეორე დღეს დავრწმუნდი) დამირეკა და დამამშვიდა, რომ ავტობუსი ჯერ კიდევ საბაჟოზეა და მოწმდება.
2 დალოცვილი საათის შემდეგ, კარგად დაღამებულში, ჩვენმა ავტობუსმა გამოგვიარა და აგვკრიფა. მძღოლმა გვითხრა, თქვენ არაფერზე ინერვიულოთ, სადაც გავაჩერებთ, საკვების ფულს მე გადავიხდიო. მივხვდი, ტელევიზიიდან დაურეკეს და „დააყენებინეს.“ დაიწყო 7-საათიანი გზა. არანაირი ხე, მთა ან ბუჩქი – მხოლოდ უსასრულო ჰორიზონტი ორივე მხარეს და სწორი, პრიალა გზა. მგონი, ორჯერ გავჩერდით საკვებად. პირველზე მახსოვს, რომ ჩავედით, მეორეზე სამივეს გვეძინა და დაგვეზარა. მაგიდასთან მიმტანმა ჭკუამხიარულმა კაცმა მოირბინა. ვუთხარი, მენიუ თუ შეიძლება-მეთი. მიპასუხა – „ია მენიუ.“ სიცილი ძლივს შევიკავეთ. მერე იმ მენიუკაცმა ჩაი, სალათი და მწვადი მოგვიტანა. გაუკვირდა, ნატეხი შაქარი პირში რომ ჩავიდე და ჩაი ისე მივაყოლე, დალევის წესი საიდან იციო.
3 საათისვის ფანჯრებიდან სინათლემ შემოგვიჭყიტა და ავტობუსმაც უცნაურად მიხვეულ-მოხვეულ გზებზე დაიწყო სიარული. ყველაფერი განათებული იყო. ხან შემაღლებულ ესტაკადაზე მივდიოდით, ხან მიწისქვეშ. მერე თეთრად გაჩახჩახებულ სტადიონსა და შემინულ არქიტექტურას მოვკარით თვალი. ეს ბაქო იყო. ქალაქი, რომელიც ბოლო დროს ისე სწრაფად ვითარდება, ადგილობრივებსაც კი უჭირთ ცნობა. ნევტჩილარის (მენავთობეების) მეტროსადგურთან „ნიჭიერის“ პროდიუსერი თავისი მანქანით დაგვხვდა, რეკვიზიტები ტელევიზიაში წაგვაღებინა და სასტუმროში დაგვაბინავა. ქალაქს რომ ვათვალიერებდი, ბავშვური გულუბრყვილობით საკუთარ თავს ვუმეორებდი: „მე ეს შევძელი.“