
“ფოკუსები შეიძლება იყოს საინტერესო, სანახაობრივი, გასაოცარი და ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელიც, მაგრამ მაყურებელს ყოველთვის უჩნდება კითხვა – როგორ? “ – spotlightX-ის ფინალურმა გამომსვლელმა, ილუზიონისტმა ლაშა გელაშვილმა, საკუთარი გამოსვლა სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო და სანამ სანახაობაზე გადავიდოდა, ერთ რამეზე დაგვაფიქრა – რომ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე საუბრის მიუხედავად, რეალურად ყველანი ერთსა და იმავე საკითხს ვუტრიალებდით: როგორ იქმნება წარმატება? როგორ ვითარდება პროდუქტი? როგორ იცვლება ინდუსტრია? როგორ უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი? და საბოლოოდ, როგორ არ დავკარგოთ საკუთარი თავი ამ ცვლილებების პროცესში?
იმ 13 წლის განმავლობაში, რომელიც spotlight-ის პირველი შეხვედრიდან დღემდე გავიდა, კომუნიკაციების სფერო რადიკალურად შეიცვალა. თუ მანამდე ციფრული მედია უმნიშვნელო, დამხმარე პლატფორმა იყო, დღეს ის კომუნიკაციის მთავარი სივრცეა. მომხმარებლის ქცევის ცვლილებამ და კომუნიკაციის ახალმა მოდელებმა მთლიანად შეცვალა ის, თუ როგორ ვგეგმავთ, ვქმნით და ვაფასებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. ამ ყველაფერს კი ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტიც დაემტა, რომელმაც არა მხოლოდ ტექნოლოგია, არამედ სამუშაო პროცესის ლოგიკაც კი თავდაყირა დააყენა.
დღეს კითხვებზე პასუხების მიღება თითქმის არაფრად გვიჯდება. თუ ადრე რაღაცის გასაგებად კვლევის ლოგიკური პროცესის გავლა იყო საჭირო, ახლა ეს გზა გრძელი და მოსაწყენი გვეჩვენება, რაც ხელოვნურმა ინტელექტმა, როგორც თანამედროვე კაციობრიობის უდიდესმა შესაძლებლობამ, განაპირობა.
მაგრამ სწორედ ამ შესაძლებლობას მოაქვს ერთი საინტერესო გამოწვევაც: როდესაც პასუხები ასე მარტივად ხელმისაწვდომი ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა პასუხის პოვნა, არამედ ამ პასუხით მოქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება.
ეს გამოწვევა განსაკუთრებით კარგად ჩანს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაშიც. ჯეპრაში ყოველდღიურად ვმუშაობთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც ინფორმაციის მოძიება სირთულეს აღარ წარმოადგენს, თუმცა სწორი გადაწყვეტილების მიღება კვლავ მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენი საქმიანობა ინფორმაციის გაანალიზებასთან ერთად სხვადასხვა აუდიტორიის ინტერესების, მოლოდინებისა და განწყობების გააზრებას, საზოგადოებრივი და ბიზნესკონტექსტის შეფასებას, რისკების წინასწარ დანახვას და ისეთი სტრატეგიების შემუშავებას გულისხმობს, რომლებიც რეალურ შედეგამდე მიგვიყვანს.
სწორედ ამიტომ იყო საინტერესო, რომ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე საუბრის პარალელურად SpotlightX-ზე ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები საბოლოოდ ისევ ადამიანურ გამოცდილებას, პასუხისმგებლობასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს შეეხებოდა.
ამიტომ SpotlightX-იდან ყველაზე მეტად ერთი რამ დამამახსოვრდა: ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ადამიანის მთავარი ამოცანა შესაძლოა ტექნოლოგიასთან შეჯიბრი კი არა, საკუთარი ადამიანურობის შენარჩუნება იყოს.
კომუნიკაციების სფეროში ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი საქმიანობა მნიშვნელობებთან, კონტექსტთან, ინტერპრეტაციასთან და ნდობასთან ყოველდღიურ კავშირშია და მხოლოდ ინფორმაციასთან მუშაობას არ გულისხმობს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მონაცემების დამუშავება, ტენდენციების აღმოჩენა და პასუხების სწრაფად გენერირება, თუმცა საზოგადოების განწყობების, კულტურული კონტექსტის, ადამიანური ემოციებისა და პასუხისმგებლობის სრულფასოვანი გააზრება კვლავ ადამიანურ გამოცდილებას მოითხოვს.
სწორედ ამიტომ ტექნოლოგიების ეპოქაში კომუნიკაციის პროფესიონალის მთავარი ღირებულება არა ინფორმაციის ფლობა, არამედ კრიტიკული აზროვნება, სწორი კითხვების დასმის უნარი და მიღებულ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღებაა.
ეს პრინციპი ჯეპრას სამუშაო პროცესშიც ფუნდამენტურია. ჩვენთვის ტექნოლოგია ინსტრუმენტია და მის მიერ მოცემული ნებისმიერი მონაცემი, ტენდენცია თუ პასუხი მხოლოდ მაშინ იძენს მნიშვნელობას, როდესაც მას ადამიანური ანალიზი, გამოცდილება და სტრატეგიული ხედვა ემატება. სწორედ ამ პროცესში იქმნება კომუნიკაცია, რომელიც არა მხოლოდ აღწევს აუდიტორიამდე, არამედ ნდობასაც აღძრავს მასში.
ამ კონტექსტში საინტერესო იყო ისიც, რომ SpotlightX-ზე ადამიანურ უნარებზე საუბარი არაერთი განსხვავებული კუთხით წარმიართა: მაგალითად, მოვისმინეთ გამოსვლა იმაზე, თუ როგორ გავხდეთ გამბედავი, ანუ გამოვიმუშავოთ უნარი აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე მაშინ, როდესაც კონკრეტული,სწორი პასუხები არ არსებობს. ხელოვნურ ინტელექტი ვერ შეძლებს ჩვენს ნაცვლად განსაზღვროს, რომელი გზაა სწორი კონკრეტულ კონტექსტში და რა შედეგებზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ამიტომ გამბედაობა არის ის, რაც აქტუალობას არასდროს კარგავს და რისი ავტომატიზაციაც შეუძლებელია.
შესაბამისად, თანამედროვე ეპოქაში შესაძლოა მთავარი კონკურენტული უპირატესობა აღარ იყოს ინფორმაციის სწრაფად მოპოვება, არამედ უნარი, გავარჩიოთ მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან, რეალური ხელოვნურისგან და მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილებები მაშინ, როცა მომავალი ბუნდოვნად გვესახება.
სწორედ ამიტომ, SpotlightX-დან ყველაზე მეტად ერთი რამ დამამახსოვრდა: რაც უფრო ძლიერდება ტექნოლოგია, მით უფრო იზრდება ადამიანის, როგორც მოაზროვნე, მომავალზე ორიენტირებული და პასუხისმგებელიანი სუბიექტის მნიშვნელობა.
Spotlight-ზე ნანახმა გამოსვლებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი გარშემო: იცვლება პლატფორმები, ინსტრუმენტები, ტექნოლოგიები და მიდგომები. ლოგიკურია ვარაუდი, რომ მომდევნო წლებში ცვლილების ტემპი მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება.
მაგრამ ამ ცვლილებების ფონზე ერთი რამ უცვლელი რჩება: ყველა მნიშვნელოვანი იდეა, ყველა საინტერესო პროდუქტი და ყველა წარმატებული ნაბიჯი იწყება არა პირდაპირი, მექანიკურად მიღებული პასუხით, არამედ ერთი მარტივი კითხვით „როგორ?“