როგორ დავეწიოთ ცვლილებებს მედია ბაზარზე

როგორ დავეწიოთ ცვლილებებს მედია ბაზარზე

ტელევიზორი სულ ჩართული მაქვს. ძველი პროფესიული ჩვევაა. თან, საინფორმაციოზე დამოკიდებულების მკურნალობა არც ისეთი ადვილი ყოფილა. ბოლო სამი წელია ვითარება კიდევ უფრო დამიმძიმდა. სამსახურიდან გამომდინარე, საინფორმაციოს გარდა, სხვა გადაცემების ყურების აუცილებლობა გაჩნდა.

ბოლო პერიოდში რამდენიმე ტელევიზია დაიხურა, გაიხსნა, განახლდა, პროფილი შეიცვალა, პანდემიას მოერგო, გადაერგო და რა აღარ. მედია მენეჯერები ბაზას ისედაც ყოველ ახალ სეზონზე ვაახლებთ, მაგრამ ეს რაოდენობა და სისწრაფე მეტისმეტი აღმოჩნდა.

ჯერ ვცადე, რამდენიმე არხისთვის ერთდროულად მედევნებინა თვალი. ტელევიზორში ერთი გადაცემის მხოლოდ გამოსახულება ჩავრთე; ტელეფონში – მეორე გადაცემის მხოლოდ ხმა; ლეპტოპის ერთ ფანჯარაში – მესამე გადაცემა ხმითა და გამოსახულებით და მეორე ფანჯარაში – საინფორმაციო სააგენტოები ჩამოვსქროლე. იმიტომ რომ, მე ხომ საინფორმაციოდამოკიდებულიც ვარ.

მოკლედ, მიხვდით ალბათ, რომ ამან არ გაამართლა. მერე დავფიქრდი, რისი ცოდნა მჭირდება, რომ კლიენტის „რამე კარგი, პანდემიის შესაბამისი შემომთავაზე, დიდი დაფარვა რომ ჰქონდეს“ დავაკმაყოფილო და ეს გამოვიდა:

გადაცემის სახელი და ფორმატი

„რაღაცა ახალი გადაცემაა ამ არხზე“ – არ მოსულა კლიენტთან. როცა მედია პროდუქტს ვთავაზობთ, ზუსტად უნდა ავუხსნათ, რა და რატომ უნდა გააკეთოს. ჯერ ჩვენ თვითონ უნდა შევისწავლოთ მედია ბაზარი დეტალურად, რომ მერე კლიენტის ყველა კითხვას ვუპასუხოთ. რა ჰქვია გადაცემას და რა ფორმატი აქვს – ელემენტარული საკითხებია.

რას გვიყვებიან გადაცემაში

ეკონომიკა, სოციალური თემა, კულინარია, ყვითელი ამბები, მედიცინა და ა.შ. ერთ გადაცემაში არ ეტევა. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ძირითადად რაზე ამახვილებს ყურადღებას გადაცემის გუნდი, რომ პროდუქტი არაადეკვატურ გადაცემაში არ ჩავტენოთ. მეტიც, კარგი იქნება, თუ კლიენტს მაგალითებს წარვუდგენთ კიდეც.

ვინ არის აუდიტორია

ეს საკითხი პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული ზედა საკითხზე – რას გვიყვებიან გადაცემაში. გათვლილია თუ არა შოუ მასაზე, რა ასაკისა თუ ინტერესების აუდიტორია ჰყავს მას – ამ კითხვებს მხოლოდ გადაცემაში მოყოლილი ამბებით შეგვიძლია ვუპასუხოთ.

რეიტინგი

თუ ტელევიზიების რეიტინგებზე ხელი არ მიგვიწვდება, შევდივართ სოციალურ ქსელში და ვიწერთ ნახვების რაოდენობას. კლიენტს ყოველთვის სიამოვნებს ციფრების დანახვა.

სახეები

ვიცოდეთ და კარგი იქნება, ვიცნობდეთ კიდევაც წამყვანებს. ხანდახან, გადაწყვეტილების მიღებისას, კლიენტისთვის წამყვანის ვინაობა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოვიდგენთ. ტელესახეები ხშირად ასოცირდებიან ვიღაცასთან, ან რაღაცასთან. და კიდევ, თუ წამყვანს კარგად ვიცნობთ, ინტეგრაციას უფრო გულისხმიერადაც მოეკიდება.

კადრს უკან მდგომნი

და რეალური გადაწყვეტილების მიმღებნი. მათი ცოდნა და ცნობა წამყვანების ცოდნა-ცნობაზე ბევრად მნიშვნელოვანია. თუმცა, ეს მაინცდამაინც არ ადარდებთ კლიენტებს. ეს მედია მენეჯერებს უფრო გვადგება, საქმის სწრაფად და მარტივად გაკეთებაში.

ფასების გადამოწმება

ყოველ ახალ სეზონზე, ყოველი ახალი გადაცემის ფასი იცვლება. როცა მედია ბიუჯეტს შეადგენთ და წინა სეზონის ფასებით იხელმძღვანელებთ, კლიენტს დაადასტურებინებთ და მარკეტინგთან გადაცემის დასაჯავშნად დარეკავთ, აღმოაჩენთ, რომ ინტეგრაციის ეს ფორმა 500 ლარით გაძვირდა.

ამ ყველაფერმა მედია გეგმების შედგენადა კლიენტთან ურთიერთობა ბევრად გამიმარტივა. მედია ბაზის განახლებაც უფრო შესაძლებელი გახადა. ტელევიზორი, ძირითადად, ისევ საინფორმაციოებს უჩვენებს.