ჯეპრას უმცროსი კონსულტანტი, თაკო ვარამაშვილი 2020 წელს აფასებს.
რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაზე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ „ახალ რეალობას?“
2020 წელი სრულიად ამოუხსნელია ჩემთვის დღემდე. მგონია, რომ ადამიანებს ერთი წელი მოგვპარეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ოდესმე დაგვიბრუნებენ. როდის არ მკითხოთ, ჯერ მეც არ ვიცი 🙂
2020-ში ჩემთვის თითქმის ყველაფერი შეიცვალა: ჩემი ყოველდღიურობა, სამუშაო გრაფიკი, ურთიერთობები და ძილის წინ ფიქრებიც კი. დღემდე ძალიან მიჭირს ამ რეალობაზე მორგება, მიჭირს დისტანცია და მიჭირს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ჩახუტების გარეშე ყოფნა. პროფესიულადაც არ იყო მარტივი სრულიად ახალ გარემოზე მორგება. თავიდან შემეშინდა კიდეც, რომ ყველაფერი გაჩერდებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ მიმდინარე პროექტები, რომელიც ერთი წლით ან რამდენიმე თვით ადრე იყო დაგეგმილი და გაწერილი, შეიძლებოდა ორ კვირაში სრულად შეცვლილიყო ისე, რომ არსებულ რეალობას მორგებოდა. ვერ ვიგებდი როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი სამუშაო დღე, როდის უნდა გამეხსნა ლეპტოპი და როდის დამეკეტა. თავიდან მქონდა განცდა, რომ სახლში ყოფნის დროს მუშაობა არ იყო პროდუქტიული და ბევრად მეტი დრო მჭირდებოდა თითოეული დავალების შესასრულებლად. თუმცა, მალევე მომიწია თვალებში კარგად გამომეხადა, გამეაზრებინა არსებული სიტუაცია და მესწავლა განსხვავებულ ფორმატში მუშაობა. რამდენადაც რთული წელი იყო, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა პროექტების მიმართულებით. მივიღე საუკეთესო გამოცდილება, თუ როგორ უნდა ვიმოქმედო კრიზისულ სიტუაციაში და თან ეს ყველაფერი როგორ გავაკეთო ძალიან სწრაფად და ზედმეტი ნერვიულობის გარეშე. ამაში ძალიან მეხმარებოდა ჯეპრას ყოველდღიური თათბირები, რომელზეც მუდმივად იგრძნობოდა გვერდში დგომა და შემართება, რომელიც არ უნდა დაგვეკარგა არცერთ ჩვენგანს, რადგან ამის დრო მაშინ ყველაზე ნაკლებად იყო.
აღწერე შენი სამსახური სიტყვების: პიარის, მარკეტინგის და კომუნიკაციების ხსენების გარეშე.
ჯეპრა არის სახლი, რომელშიც გენდობიან და ბოლომდე სჯერათ შენი. აქ ყველა ერთი მიზნისთვის ვმუშაობთ – თანამშრომლებმა, კლიენტებმა თუ პარტნიორებმა იმ შედეგს უნდა მივაღწიოთ, რაც გვქონდა ჩაფიქრებული.
გვანახე შენი სამუშაო მაგიდა და აგვიხსენი რატომ გამოიყურება ის ასე.
ახლა ჩემი სამუშაო მაგიდა ცარიელი და მოწყენილია. მე კიდევ არ მიყვარს არაფრის გაზიარება, სადაც მოწყენილობა ჩანს. შესაბამისად არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით, რომ არც ფოტო მაქვს. ჩემი სამუშაო მაგიდა წარმოუდგენელია ნინანოს სამუშაო მაგიდის გარეშე, რომელიც ზუსტად ჩემ გვერდით არის და ყოველთვის ფერადი და გადატვირთულია. ბევრი ფერადი ფურცლით, სადაც სხვადასხვა საკითხებია ჩამოწერილი, რომ რამე არ დაგვავიწყდეს 🙂 როდესაც ეს მხიარული განწყობა დაბრუნდება ჩვენს მაგიდებზე, აუცილებლად გადავიღებ ბევრ ფოტოს და თქვენც გაგიზიარებთ.
გვითხარი რა იყო შენთვის, როგორც პიარკონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა
როდესაც პიარკონსულტანტი გქვია, ნიშნავს რომ ადამიანებს შენი იმედი აქვთ და სჯერათ რომ რთულ სიტუაციაშიც იპოვი გამოსავალს და დაანახებ მათ სწორ გზას, საითკენ აიღონ გეზი. თუმცა, პირველ რიგში საჭიროა, რომ შენ გქონდეს საკუთარი თავის იმედი და გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ალბათ ამის გაცნობიერება იყო ყველაზე რთული 2020 წლის მარტში, როდესაც პირველად მოგვიწია დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. მახსოვს დაახლოებითორი კვირა ვიყავი ქაოსში, ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა შეცვლილიყო ის ყოველდღიურობა, რომელიც ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია – შეხვედრები და მჭიდრო ურთიერთობები ადამიანებთან.
ვცდილობდი არ დამეკარგა იმის ძალა საკუთარ თავში, რომ პროექტების მართვა ლოგინიდან ადგომის გარეშეც შემეძლო 🙂
დაგვისახელე 3 ადამიანი (სხვა სფეროებიდან), ვისგანაც ხშირად შთაგონებას იღებ
ბავშვობაში, როდესაც ჯერ კიდევ მეგობრების დღიურებს ვავსებდი, მაშინაც მიჭირდა კონკრეტული ადამინების გამოყოფა. არასდროს მყოლია ერთი საყვარელი მსახიობი, ერთი საყვარელი მომღერალი, ასევე ვერ გამოვყოფ ერთ კონკრეტულ ფილმს ან წიგნს. ბევრი სხვადასხვა ემოცია მჭირდება შთაგონებისთვის. ეს ემოცია კი შეიძლება სრულიად უცხო ადამიანისგანაც მივიღო, რომელიც უბრალოდ ქუჩაში სეირნობს და ჩაფიქრებული მორცხვად იღიმის.