დაახლოებით ერთი თვეა, რაც საქართველოში ახალი COVID-19-ის ვირუსთან დაკავშირებით უსაფრთხოების მკაცრი ზომების შემოღება დაიწყო. ეს კი სერიოზული გამოწვევაა, როგორც ბიზნესებისთვის, ასევე თითოეული ჩვენთაგანისთვის.
ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიებმა განაგრძონ ფუნქციონირება და შეინარჩუნონ თანამშრომელთა ჩართულობა. ეს შეუძლებელი იქნება თუ თანამშრომლებისთვის არ შევქმნით შესაბამის სამუშაო პირობებს: ამაში კი არა მარტო მათ უსაფრთხოებაზე, არამედ ემოციურ სტაბილურობასა და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვაც მოიაზრება. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ თანამშრომლებს შექმნილ სტრესთან გამკვლავებაში:
- ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და თავს ვგრძნობთ დაუცველად შექმნილი გაურკვევლობის წინეშე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში კომპანიებმა გამოიჩინონ გამჭვირვალობა და მოახდინონ მუდმივი კომუნიკაცია თანამშრომლებთან. მენეჯმენტმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე და პერიოდულად მიაწოდოს თავის გუნდს ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს არსებული ვითარება ბიზნესზე და როგორ უმკლავდება მას.
- დისტანციური მუშაობის პირობებში აუცილებელია კავშირის შენარჩუნება თითოეულ თანამშრომელთან. ჯეპრაში, მაგალითად, გვაქვს საშუალება, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა ონლაინ შეხვედრებში, რომელსაც ყოველდღიურად ვატარებთ. ჯერ ერთმანეთს ვუზიარებთ მიმდინარე საქმეებს, შემდეგ კი უბრალოდ ჩვენს განცდებსა და განწყობებზე ვსაუბრობთ.
- პანდემია აისახება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაზე, გვიწევს სამუშაო და პირადი საქმეების ერთდროულად მოგვარება, რაც ზრდის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და მორალურ დატვირთვას და შედეგად შფოთვისა და დაძაბულობის დონეს. ხშირ შემთხვევაში იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავთ თითქმის შეუძლებელი ხდება სამსახურისა და პირადი ცხოვრების გამიჯვნა, რაც სამუშაო პროცესებზე არსებითად აისახება. ამ შემთხვევაში ყველა გაგებით უნდა მოვეკიდოთ ერთმანეთის მდგომარეობას. სტრესულ სიტუაციებში პირველ ადგილზე უბრალო ურთიერთობები და თანადგომა წამოიწევს.
- თუ პანდემიის გავლენის ქვეშ თქვენი საქმიანობა შემცირდა და თანამშრომლებს ნაწილობრივ გამოუნთავისუფლდათ დრო, გამოიყენეთ ეს დრო სასარგებლოდ. ჯეპრაში დავგეგმეთ საგანმანათლებლო აქტივოვები. ამ აქტივობებში შედის: შიდა ტრენინგები – ერთმანეთს ვუზიარებთ ბოლო პერიოდში მიღებულ ახალ ცოდნას, რაც ხანდახან რთული იყო გადატვირთული გრაფიკის პირობებში, და გარე რესურსიც – პანდემიის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა ონლაინ ლექციების, სემინარებისა და ვორქშოპების რაოდენობა (საერთაშორისო და ლოკალურ დონეზე).
ეს არის მარტივი რჩევები, რომლის შესრულება ნაკლებ რესურსს მოითხოვს და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია.