ზუსტად არ მახსოვს, რომელ კლასში დავიწყე პროფესიაზე ფიქრი, მაგრამ ის მახსოვს რომ პირველად მინდოდა „ექიმობა“. ეს ძალან ცოტა ხანი გაგრძელდა და შეცვალა „მასწავლებლობამ“. რომელი საგნის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი, ამაზე არც დავფიქრებულვარ. ზუსტად ვიცოდი – მათემატიკა. საგანი, რომელიც დღესაც ყველაზე მეტად მიყვარს და არასდროს არ ვნანობ იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი დავამთავრე.
საფეხური #1 – საბუთების შესატანად რომ მივედი უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, იქ აღმოვაჩინე, რომ მექანიკა-მათემატიკის გარდა, თურმე არსებობდა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტიც. იმდენად დამაინტერესა ამ სიახლემ, რომ დიდხანს არც მიფიქრია და საბუთებიც ამ უკანასკნელზე შევიტანე.
სწავლა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო.
საფეხური #2 – მომავალ სამუშაო ადგილებზე გადასანაწილებლად (მაშინ ასე ხდებოდა), სტუდენტების შეკრება დაინიშნა მე-5 კურსის სასწავლო წლის ბოლოს, ერთ-ერთ ორშაბათს. რიცხვი არ მახსოვს და ზუსტად არც მაშინ მახსოვდა, და ამიტომაც შემეშალა და ორშაბათის მაგივრად მეორე დღეს მივედი კათედრაზე.
წარჩინებულ სტუდენტს უმუშევარს ხომ არ დამტოვებდნენ, და კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა – დამტოვეს კათედრაზე. მოკლედ, შინაურებისთვის შემონახული ადგილი ჩემი დაუდევრობითა და მათი გულისხმიერებით, მე მერგო.
კათედრაზე დაახლოებით ერთი წელი ვიმუშავე. უფრო სწორედ, სამსახურში ვიარე. ბუღალტრული მინი პროგრამის გაკეთებას ვცდილობდით მე და ჩემი ხელმძღვანელი უნივერსიტეტისთვის. საათებს ვმათხოვრობდით სხვადასხვა ინსტიტუტებში კომპიუტერზე სამუშაოდ. მაშინ პერსონალური კომპიუტერები არც არსებობდა და ასე მუშაობდა ყველა. სამწუხაროდ მივხვდით, რომ ეს მაშინდელი ხელმძღვანელებიდან არავის დიდად არ აინტერესებდა და საქმეც ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. ამიტომ სადღაც ერთი წლის თავზე დავრჩი უმუშევარი.
საფეხური #3 – ზაფხულში სოფელში ვისვენებდით და დასავლეთისკენ მიმავალმა ჩემმა ჯგუფელებმა გზად შემომიარეს. ჩემი უმუშევრობის ამბავიც იქ გაიგეს და ჩემთვის რომ არ უკითხავთ (პრინციპში სხვა გზა არც მქონდა), ახალი სამსახურის საკითხი ისე გადამიწყვიტეს.
ზუსტად ორ დღეში „ქავთარაძის ლეჩკომბინატში“დავიწყე მუშაობა ახალგახსნილ ინფორმატიკის განყოფილებაში. „ექიმობა“ ვერა, მაგრამ მათთან ურთიერთობა კი მომიწია შემდეგი ერთი წლის განმავლობაში.
ამის შემდეგ უფრო რთული პერიოდი დაიწყო… უშუქობა, უტრანსპორტობა და ა.შ. ყოველდღე ფეხით გავდიოდი სამსახურამდე გზას და უკან. სადღაც ჯამში დღეში 18 კილომეტრზე მეტს. უშუქობის გამო ნახევარზე მეტად ვეღარ ვმუშაობდით. ხელფასებიც ხან იყო, ხან არა. ამიტომ სამსახურში მორიგეობით დავიწყეთ სიარული.
საფეხური #4 – ერთ-ერთი ასეთი მორიგეობით სამსახურში ყოფნის დროს, ჩემი ახალი სამსახურის საკითხიც გადაწყდა და ჩემდა გაუცნობიერებლად აღმოვჩნდი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში (მაშინ ასე ერქვა უშიშროების სამსახურს).
სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გასამხედროებული კარიერა „რიგითიდან“ – „პოლკოვნიკამდე“.
ძალიან რთული, ძალიან განსხვავებული და ძალიან ძალიან საინტერესო…
ასე, გაუცნობიერებლად დაწყებული სამსახური აღმოჩნდა ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი კარიერისა და ბავშვობაში ნაფიქრიდან და გადაწყვეტილიდან რადიკალურად განსხვავებული პროფესიის დასაწყისი.
ეს იყო სამსახური, სადაც ვისწავლე რომ წარმატებისთვის მთავარია გიყვარდეს შენი საქმე და იყო ამ საქმის ერთგული. რომ არ არსებობს „ქალური“ და „მამაკაცური“ პროფესიები, რომ მთავარია პროფესიონალიზმი და რომ ქვეყნისთვის სამსახურს სქესი და ასაკი არა აქვს.
რომ ფუჭი არ არის მიზანი „ყველა რიგითი ჯარისკაცი გენერლობას რომ ნატრობს“ და რომ თუ ერთხელ ამ საქმით „მოიწამლე“, მთელი ცხოვრება გაგყვება.
მიუხედავად „ჩემი საქმის“ ერთგულების და საკმაოდ წარმატებული კარიერისა, აქაც დავრჩი სამსახურის გარეშე…
ბუნებრივია, როცა ძალიან დიდი შრომა დევს შენი წარმატების უკან, უფრო მეტად განიცდი მის დაკარგვასაც, მითუმეტეს თუ ამას შენი სურვილის საწინააღმდეგოდ აკეთებ.
ეს ძალიან მოკლედ და თავშეკავებულად ამ თემაზე.
საფეხური #5 – „ჯეპრა“
ზოგადად:
როცა არასდროს გიმუშავია, პირველი სამსახურის შეგუება ადვილია
როცა ძველ სამსახურში აღარ მოგწონს და ახალს იწყებ – სიახლეა და მასთან შეგუება ცოტა სარისკოა (ძველზე უკეთესია თუ არა), მაგრამ რთული არაა.
როცა ძველ სამსახურში ძალიან მოგწონს, შენია და მერე სუბიექტური თუ ობიქტური მიზეზებით ახალ სამსახურს იწყებ – რთულია, ძალიან რთული.
შედარებას აკეთებ ყველაფერზე და ყველაზე. ახალს თანდათან ეგუები, მაგრამ ძველსაც ვერ ივიწყებ…
რთულია კიდევ იმიტომ, რომ სრულიად განსხვავებული საქმეა, რასაც ხედავ, რასაც ისმენ… ტერმინებიდან დაწყებული – სწავლებითა და პროექტებით დამთავრებული.
რთულია, მაგრამ მე გამიმართლა!!!
გამიმართლა იმიტომ, რომ პირველივე დღიდანვე თავი ოჯახის წევრად მაგრძნობინეს.
იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მეგობრები შევიძინე.
ეს არის სახლი, სადაც ყველაფერზე, ყველა საკითხზე გულახდილად საუბრობენ და კამათობენ განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად. სადაც დიდი ყურადღება ექცევა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას და სადაც ყოველდღე სწავლობ ურთიერთობას.
ხოდა რა მინდა ვთქვა, შენი პროფესია ხშირად არ ემთხვევა ბავშვობაში შენს მიერ არჩეულს, ან მშობლების რჩევის შემდეგ გადაწყვეტილს.
ირჩევ, ცვლი, ახალს ირჩევ, იმასაც ცვლი…
ან საერთოდ არ ირჩევ და პირველი სამსახურში შეძენილი გამოცდილება ხდება შენი პროფესია.
წარმატების მისაღწევად კი საჭიროა ბევრი დრო და ენერგია, მიზანდასახულობა და თანმიმდევრულობა, პიროვნული ზრდა და მოტივაცია, შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება, მომავლის ხედვა და სირთულეების გადალახვა… მოკლედ ძალიან დიდი შრომა და გამოცდილება.
მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცხადია, ამ წარმატებას ვერ მიაღწევ შენი მეგობრების, კოლეგების, იმ ადამიანების გარეშე, ვინც ხელს გიწყობს, გეხმარება, გასწავლის, რჩევას გაძლევს და ვინც შენთან ერთად განიცდის მარცხსაც და სიხარულსაც.
და ბოლოს, არ ვიცი ეს „საფეხურები“ სად გაგრძელდება და გაგრძელდება თუ არა, მაგრამ „ჯეპრა“, ასაკისა და გამოცდილების მიუხედავად, გასწავლის შენი შესაძლებლობების ახლებურად დანახვასა და საკუთარი თავის რწმენას და ამიტომ ცვლილებები გამორიცხული არაა და თან „გენერლობაზეც“ ჯერ უარი არ მითქვამს.