ალბათ გასაკვირი იქნება (შეიძლება არც იყოს! ძირს სტერეოტიპები) ის ფაქტი, რომ ჯეპრას ტექნოლოგიური განვითარების მენეჯერი გიჟდება კინო-მიუზიკლებზე. ბევრისთვის დაცინვის ობიექტად ქცეული ჟანრი ჩემთვის ყოველთვის იშვიათი, ღია და თავისუფალი ენერგიის მატარებელ კინემატოგრაფის ნიშად მიმაჩნდა, სადაც წარბშეკრული რეალიზმი და მოსაწყენი პროზა გზას უთმობს დისტილირებულ, მელოდიაშესხმულ მოყოლას. ხელოვნების ასპროცენტიანი ათვისების საუკეთესო მეთოდია.
ამის ამიუხედავად, ვერასოდეს ვუღებდი ალღოს თეატრალურ დადგმებს; იყო ალბათ ამაში ჩვენებური კლასიკური რეპერტუარების მიმართ ფავორიტიზმის ბრალიც, მაგრამ ის ჯადოსნური თვისება და ფოკუსირებული ენერგიის გრძნობა, რაც მოდის „ჩიკაგოდან“ და „მუსიკის ხმებიდან“, სცენაზე უბრალოდ მიმართულების გარეშე იფანტება და იკარგება. ბევრს ამაზე აღარ ვიბოდიალებ და ეგრევე გავაჭრი მთავარისკენ – ბროდვეიზე კი ყოველთვის მინდოდა მოხვედრა და უკვდავი დადგმების ნახვა, მაგრამ გული მაინცდამაინც არ მიისწრაფოდა. სირცხვილი და თავის მოჭრა!
ჰოდა, ერთი თვის წინ შეიცვალა ეს ყოველივე. აღმოვაჩინე 2015 წლის ბროდვეის „ჰამილტონი.“
ყოველგვარი ფიქრის გარეშე ვუწოდებ იმ წლის საუკეთესო ხელოვნების მიღწევას.
ეს ამბიციური და კვალიფიკაციას მოკლებული აზრი გამოვთქვი სპექტაკლის ყურების გარეშე – დამჭირდა მხოლოდ ჩანაფიქრის მოსმენა, საუნდტრეკის პოვნა და აქა-იქ მიმოფანტული კლიპების ყურება იუთუბზე… და მანდ დამთავრდა ჩემი ამბავი.
საუნდტრეკი ბურბუშელასავით შევახრამუნე და გადავეშვი XVIII საუკუნის ამერიკული რევოლუციის პერიოდში, რომელიც შემაშინებელი პარალელების რაოდენობით დაიკვეხნის ჩვენი ძმობილი XXI-ს მიმართ. ეს დიდწილად მიღწევადია დადგმის მუსიკალური იდიომით – ამერიკის დამფუძნებლების ისტორიის მოყოლა ჰიპ-ჰოპის სტილში ხდება, რაც სპექტაკლს საშუალებას აძლევს ისტორიის ამ ნაწილის უნიკალური რე-კონტექსტუალიაზია მოახდინოს თანამედროვე მაყურებლებისთვის, წარაჩინოს ალექსანდრ ჰამილტონის დამღუპველი პოლიტიკური იდეალიზმი და მოახდინოს ტოტალური გადატრიალება თეატრის სამყაროში. და, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, გამოაღვიძოს საუკეთესო მიუზიკლების ენერგია ცოცხალ სცენაზე.
ახლა, ამას სანამ ვწერ, ჰამილტონის ბილეთების ფასები $20,000-ს უკაკუნებენ, ხოლო სპექტაკლის დამდგმელებს კულისებში წაღებული აქვთ ერთი გრემი, რამდენიმე ტონის ჯილდო და პულიცერის პრემიაც. მარტივია ალბათ ეს ყველაფერი მიაწერო ხალხის მიდრეკილებას სულელური უკიდურესობების სინთეზებისადმი -აბა სად ჯორჯ ვაშინგტონი და სად რეპიო – იტყვით ახლა, მაგრამ აქ მართლა ნამდვილი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, გენიოსური ნაწარმოებია ჩაკერებული. მე უკვე გადამიბირეს ევანგელისტად და სხვა რა ვთქვა, არვიცი. ჯობს მუსიკამ თვითონ ილაპარაკოს.