რა საინტერესო სახელია არა ?
პირველად ამ სიტყვებს ინტერნეტში გადავაწყდი და ძალიან მომეწონა. სანამ სტატიას გავხსნიდი, ცოტახნით დავფიქრდი… როგორი ლამაზი და მრავლისმომცველი სათაურია, ალბათ რამდენ ახალ ინფორმაციას მივიღებ ამ თემაზე, რომელიც ძალიან მაწუხებს-მეთქი. მაშინვე გონებაში ამ სიტყვების ავტორი შევაქე და მეწყინა, აქამდე თავად რომ არასოდეს მომსვლია თავში ტყეებისთვის “დედამიწის ფილტვები” მეწოდებინა.
თუ ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება ფილტვები, დედამიწამ რა დააშავა?
თუ ჩვენ, ავად გახდომისთანავე ექიმს ვაკითხავთ ფილტვების მოსასმენად და მასთან დაკავშირებულ ყველანაირ პრობლებას მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, მაშინ დედამიწის ფილტვების მიმართ ასეთი სასტიკები რატომ ვართ? რატომ არ გვსურს ჯანმრთელობა, კარგი ჰაერის სუნთქვა და საერთოდ, რას ვერჩით მწვანე ფერს? ჩვენ არ ვუვლით სახლში მცენარეებს, ვთელავთ ბალახს, ვჭრით ხეებს…
რატომ არის მნიშვნელოვანი დედამიწის ფილტვების საკუთარი ფილტვებივით მოფრთხილება?
• დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად გამოყოფს 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს.
• ცნობილია, რომ მტვრის 60-70% ილექება მცენარეთა ფოთლების ზედაპირზე. ეს მტვერი, შემდგომში, წვიმის წყლით ჩაირეცხება ნიადაგში.
ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ თემაზე ყოველდღიურად არ ვფიქრობთ და ვერ ვამჩნევთ, თუ როგორ ბინძურდება გარემო რომელშიც თავად ვცხოვრობთ. საკმარისია “Greenpeeace”-ის სტატისტიკებს გადავხედოთ, ან უბრალოდ, 50-იანი წლების დროინდელი ამაზონის ტყეების ფოტოები ვნახოთ და დღევანდელს შევადაროთ, მაშინვე მივხვდებით თუ როგორი გასაბრაზებელი, აღმაშფოთებელი და ჯერჯერობით დაუძლეველი ვითარებაა ჩვენს გარშემო.დრო გადის და ადამიანები სხვადასხვა მიზნებისთვის იბრძვიან, ზოგიერთი მათგანი თანასწორობისთვის, ზოგი რასიზმის, ზოგიც ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ აქვს კი აზრი ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც გარემოს დაცვაზე სათანადოდ არ ვზრუნავთ? ეს უკანასკნელი კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
ამაზონის ტყე დედამიწის ხმელეთის ზედაპირის 16%-ს ფარავდა. დღესდღეობით კი ტყის ფართობი მხოლოდ 6%-ს მოიცავს. ექსპერტთა ვარაუდით, ტყის ამ დარჩენილი ნაწილის მოხმარება მხოლოდ შემდეგი 40 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის კი მომავალი თაობებისთვის ბოდიშის მოხდა უკვე ძალიან გვიანი იქნება.
სულ ბოლოს კი, თუ აქამდე არ გინახავთ, ძალიან მინდა ეს ვიდეო ნახოთ. სწორედ ის იყო ჩემთვის ინსპირაცია და მან აღძრა სურვილი ამ თემას შევხებოდი. თუ ეს ვიდეო თქვენშიც იმავე ემოციებს გამოიწვევს, რაც ჩემში და ამ პრობლების გამოსწორებსთან დაკავშირებით პატარა იმედის ნაპერწკალი თქვენც გაგიჩნდებათ ჩავთვლი, რომ სამი დღე ფიქრებში ტყუილად არ გამიტარებია – რა სახის პოსტი დამეწერა, გაცვეთილი და ჭკუის დამრიგებლური რომ არ გამოსულიყო.