დღლუმპ.
– არ გინდა შემჭამო? ნახე რა კარგი ვარ, მსუქანი და გემრიელი.
– ისევ შენ ხარ?
– ვინ მე?
– ზოლებით გიცანი. გუშინაც ზუსტად ასე მთავაზობდი თავს.
– არ შემახრამუნებ?
– უკვე ხომ გითხარი, რომ შენისთანები არ მიზიდავს.
– გეშლები.
– ზუსტად მახსოვს შენი სახე.
– სისულელეა. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვხვდებით წყალში და მხოლოდ ერთი ცდა გვქვს თავის მოსაწონებლად. გინდა შემოვტრიალდები? უკნიდან უფრო მადისაღმძვრელი ვარ.
– და რომ არ გამოგივიდეს მერე რა მოხდება?
– რატომ პირდაპირ არ შემჭამ? ვიცი რომ გინდა, ნერწყვის სუნი გდის.
– მერე კითხვებზე ვეღარ მიპასუხებ, თან საეჭვოდ გამოიყურები.
– არასდროს უთქვამთ.
– ვიცი რასაც მიპირებ. მე შენ შეგჭამ, მერე შენზე მობმული ანკესი შეირხევა და მაღლა ამისვრის. აი იქ კი ნამდვილად არ ვიცი რა ხდება.
– რაში გაინტერესებს? მოდი უცებ მოვრჩეთ, ყველაფერი ძალინ მარტივია- შენ თევზი ხარ, მე ჭიაყელა. უბრალოდ პირი გააღე და თვითონ ჩაგიხტები, ფარფლის განძრევაც არ მოგიწევს. მოემზადე. სამი, ორი…
– არაფრით მესმის ასეთ სამუშაოს რატომ თანხმდები.
– ბევრ კითხვას სვამ, აქაური არ უნდა იყო.
– არა, მე ხმელთაშუა ზღვიდან ვარ. მომიყვები ანკესზე?
– შენ რა, მართლა არ იცი?
– ალბათ ვიცი, ჩვენ თევზებს მალე გვავიწყდება წარსული.
– აქ რატომ ჩამოხვედი, ეს მაინც თუ გახსოვს?
– უფრო უსაფრთხოდ ვარ.
– უსაფრთხოდ?
ჭიაყელამ გულიანად გადაიხარხარა.