ჩვენს სფეროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების გამიჯვნა ნაკლებად ხდება, მაგრამ მაინც, შეგვიძლია განსხვავებულ მახასიათებლებზე ვისმჯელოთ, უფრო მეტიც, საჭიროა გვესმოდეს.
პიარს მისი განვითარებიდან გამომდინარე ურყევი ფესვები აქვს ტერმინოლოგიაში. შესაბამისად, ვაკანსიებში, სასწავლო კურსებში და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში „საზოგადოებასთან ურთიერთობა“ გამოიყენება და არა „კომუნიკაციები“, მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში, სწავლებაც და საქმიანობაც პრაქტიკაში უფრო ფართო მიმართულებას – კომუნიკაციებს შეესაბამება, რაც დიდი დოზით იკვეთება ადამიანური რესურსების მართვასთან და ზოგადად, ეს მიმართულება ორგანიზაციულ განვითარებას ემსახურება.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს პრაქტიკით, უნივერსიტეტებში კომუნიკაციები ისწავლება, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, მაშინ, როცა პიარი მოიაზრება და დასახელებულია, როგორც საზოგადოებასთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების ხელოვნება. მიუხედავად ასეთი სურათისა, მოთხოვნის და დასაქმების კუთხით „პიარი“ იმარჯვებს. არადა, რეალურად, მოთხოვნა ხშირად აქვთ(სამუშაო აღწერილობის მიხედვით) კომუნიკაციებზე, რაც, თავის მხრივ, ცხადია, მოიცავს საზოგადოებასთან ურთიერთობას.
მარტივად რომ გავმიჯნოთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულება, ორიენტირებულია გარე აუდიტორიასთან ურთიერთობის ეფექტებზე. კორპორატიული კომუნიკაციები, თავის მხრივ, გარე და შიდა კომუნიკაციებად იყოფა: ანტიკრიზისული კომუნიკაციების მართვის დროს, როცა გარე კომუნიკაციაზე დიდ გავლენას ახდენს შიდა კომუნიკაციების ეფექტიანი მართვა, მნიშვნელოვანია კომუნიკაციების სტრუქტურა და ქვე რგოლების ერთმანეთთან გადაკვეთა (იხ. სტრუქტურა ფოტოზე).
რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტერმინების ფუნქციონალური და მიზნობრივი დატვირთვის გააზრება? მაგალითად, ტრენინგებსა თუ მოხსენებებზე, ლეციების ჩატარების დროს, ორგანიზაციებში, “კორპორატიული კომუნიკაციები” შედცომით მოიაზრება, როგორც შიდა კომუნიკაციები (შეიძლება ათიდან შვიდმა ასეთი განმარტება მოგცეთ), რაც ცალსახად შეცდომაა, ამის კარგად გააზრება კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცოდეთ რას ვაკეთებთ. ეს ფართო მიმართულება, რომელიც შეგვიძლია ასეთი ფორმულირებით ვახსენოთ „სტრატეგიული კომუნიკაციები,” კორპორატიული იდენტობის გათვალისწინებით, შიდა და გარე ურთიერთობების ჰარმონიზაციაზეა ორიენტირებული საბოლოო მიზნების მიღწევისთვის, რომელსაც ფუნდამენტად ორგანიზაციის მისია და ფილოსოფია უდევს. სტრატეგიული კომუნიკაციები საზღვრავს პოლიტიკას ორგანიზაციული განვითერების თითქმის ყველა მიმართულებაში – იქნება ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, CSR, GR თუ IR, მარკეტინგული კომუნიკაციები და ა.შ. სტრატეგიული ან კორპორატიული კომუნიკაციები საზღვრავს თანამშრომლებთან ჰარმონიული ურთიერთობის და მათი მოტივაციის და ინფორმირების მექანიზმებს, გზავნილებს, კორპორატიულ მიდგომებს, ასევე ამ ყველაფრის პიარზე – გარე კომუნიკაციაზე ზემოქმედებას და საბოლოოდ, რეპუტაციისა და იმიჯის ფორმირებას (ისევ და ისევ, სტრატეგიულად, განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე). საბოლოოდ, ბიზნესის თუ არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობაზე ეს მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, თუმცა კომერციული მიზნების ჭრილში ირიბად ზემოქმედებს.
ზემოთ აღნიშნული ჰარმონიზაციის მისაღწევად, რიგ ქვეყნებში ან რიგ კომპანიებში გვხვდება პრაქტიკა, სადაც კომუნიკაციების მიმართულება სტრუქტურირებულად, რამდენიმე დისციპლინას მოიცავს: მარკეტინგს, პიარს, ორგანიზაციულ კომუნიკაციებს (შიდა კომუნიკაციები), ადამიანური რესურსების მართვას, რაც ნაკლებად გვხვდება ქართულ ორგანიზაციებში.
თუმცა, მსოფლიო პრაქტიკა რამდენიმე სტრუქტურას გვთავაზობს და მრავალი ექსპერტის ერთმანეთისგან განსხვავებული ხედვა გვარწმუნებს, რომ აქ რაიმე პარადიგმა არ არსებობს. სქემა საინტერესოა პროფესიული კუთხით: კომუნიკაციების სტრუქტურირებული სურათით, სადაც ყველაფერი ერთი ქუდის ქვეშ მოექცა, კორპორატიული კომუნიცაიების სათანადო კადრი, როგორც წესი, უფრო პიარში გამოცდილი თანამშრომელია და არა მარკეტერი (ამ ორის შემთხვევაში), რადგან უშუალოდ მომხმარებელზე და გაყიდვებზე ორიენტაცია კორპორატიული კომუნიკაციების მიზნების მისაღწევად, ცალსახად ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება (ესეც მრავალი კომპანიის გამოცდილებით).
და ბოლოს (რადგან მსმენია ამიტომ): თუ თქვენი პოზიცია არის „კომუნიკაციების მენეჯერი“, ნუ შეხვალთ უფროსთან პოზიციის შეცვლის გამო არგუმენტით, რომ თქვენი სტატუსი ასოცირდება სხვა საქმიანობასთან და სჯობს „საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი“ -ს სტატუსი გქონდეთ. დიახ, კომუნიკაციები ცოტა სხვა რამ არის, მაგრამ გაცილებით ფართოა. აკეთეთ ამ პოზიციით და ამ სტატუსით ბევრი საქმე (მათ შორის პიარიც). უფრო მეტიც, სიამაყით მოკიდეთ ხელი ამ საქმეს, რადგან სწორედ თქვენ საზღვრავთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკას და მექანიზმებს და თქვენი როლი უდიდესია მდგრადი და კორპორატიული განვითარების კუთხით.