გვქონდა თუ არა სასახლეები?

გვქონდა თუ არა სასახლეები?

გვქონდა თუ არა სასახლეები?

 

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით, ციხე-გალავნებით, ტაძრებით, მაგრამ ფაქტობრივად არ გვაქვს სასახლეები. რატომ? როგორ და სად შეიძლებოდა, ეცხოვრათ ისეთ დიდ მონარქებს და მიეღოთ აუდიენციები, როგორებიც ბაგრატ III, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე ან გიორგი V ბრწყინვალე იყვნენ? არსებობდა თუ არა და სად მდებარეობდა ქართველ მეფეთა სასახლეები?

როგორც ისტორიული გვერდების მოქექვამ აჩვენა, სამეფო სასახლე თბილისში, აქვე ახლოს, მეტეხის მიმდებარედ ყოფილა და ისნის პალატებად იწოდებოდა. იგი არ ყოფილა ისეთი დიდი და გრანდიოზული, როგორიც, ვთქვათ, ვერსალია, თუმცა მნიშვნელობით, რა თქმა უნდა, მათ უტოლდებოდა. თანაც, ადრეული შუა საუკუნეები ლოდსატყორცნებისა და უაზარმაზარი მახვილების ეპოქაა. ასეთ დროს აგებული სასახლეებიც კი ციხეებს წააგავდა, ვინაიდან მთელი რესურსი გალავნებისა და ქონგურების სიმტკიცეს ხმარდებოდა. სასახლეები კი, დღევანდელი გაგებით, XV – XVI საუკუნეებიდან ჩნდება, როცა ლოდსატყორცნებს ზარბაზნები, ხოლო მშვილდ-ისარს და მახვილებს – დამბაჩები და დაშნები ანაცვლებს.

გვქონდა თუ არა სასახლეები?

მაინც, როგორი იყო ქართველ მეფეთა სასახლე თბილისში? ისნის პალატებს ჰქონდა დიდი მისაღები დარბაზი, სასადილო ოთახი, მოსასვენებელი ოთახები და მეფის კაბინეტი. არსებობს ასეთი გამოთქმაც – “მეფის საწოლი”, რომლითაც სასახლის იმ ნაწილს მოიხსენიებენ, სადც უშუალოდ მეფის აპარტამენტები იყო განთავსებული. ეს კი, მეფის კაბინეტისა და ჰიგიენის ოთახის გარდა, მოიცავდა დაცვის უჯრედსაც და მეფის პირადი თანაშემწის, მესაწოლე ბერის საცხოვრისსაც. დღეს ამ სასახლის კვალი გამქრალია, რაც, ერთი მხრივ, სპარსთა შემოსევის, ხოლო, მეორე მხრივ, ნანგრევების ადგილას მეტეხის ციხის აგებითაა გამოწვეული.

გვქონდა თუ არა სასახლეები?

გვქონდა თუ არა სასახლეები?

თბილისში მეორე სასახლეც არსებობდა, რომელიც, მე-17 საუკუნის 40-იან წლებში, როსტომ ხანის ბრძანებით აიგო. ქართველ მეფეთა სამსართულიანი სასახლე მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ანჩისხატსა და სიონს შუა 300 ოთახს, ოთხ ეკლესიასა და სამ მოედანს მოიცავდა. მის გვერდით გოგირდის 68 აბანო მდებარეობდა. მოგვიანებით, ერთ-ერთი აბანო ერეკლე II-მ აღადგინა, ხოლო თავად სასახლე არ იყო მხოლოდ ერთი მდიდრული სამეფო შენობა, არამედ ნაგებობათა კომპლექსი. ვახტანგ VI-ის დროს აქ უკვე პირველი ქართული სტამბა გაიხსნა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას კი, თითქმის ყველაფერი განადგურდა. დიახ, კრწანისის ბრძოლის წაგების შემდეგ თბილისში, უამრავ სიცოცხლესთან ერთად, გაქრა ტყეები, გალავნები და სასახლეები. 1804 წელს გადარჩენილი ნაგებობის ერთ ნაწილში ზარაფხანა გაიხსნა. 1958 წელს შენობა, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ობიექტი, სახელმწიფო დაცვაზე აიყვანეს, დღეს კი მის თავზე რესტორანია დაშენებული!

გვქონდა თუ არა სასახლეები?

დასავლეთ საქართველოში გვქონდა გეგუთის სასახლე, რომელიც არ იყო კლასიკური გაგებით სასახლე, მას უფრო მოსასვენებლის ფუნქცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ნაგებობას გააჩნდა ზამზარეულო, სატახტო და სასადილო დიდი დარბაზები, ასევე ცალკე სამეფო საძინებელი. ასე რომ, გეგუთის სასახლე საკმაოდ მოზრდილი რეზიდენცია გახლდათ.

გვქონდა თუ არა სასახლეები?

ქუთაისში კიდევ ერთი სასახლე გვქონდა. ნაგებობა ორსართულიანი გახლდათ და, რასაკვირველია, ერთიანი კომპლექსის ნაწილი იყო. ქვედა სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა (მარანი, სათავსოები და ა.შ.), ზემოთ კი მეფის დარბაზი, მოსასვენებელი ოთახები და აბანო იყო განთავსებული. კომპლექსს გარს ერტყა გალავანი და, მიუხედავად ბაგრატის ტაძრის სიახლოვისა, პატარა ეკლესია აქაც იდგა. დღეს ამ ყველაფრისგან ნანგრევებიღაა შემორჩენილი, თუმცა, გეგუთის მსგავსად, აქაც საინტერესო დეტალები იკითხება.

ერეკლესა და დადიანების სასახლეებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. შეგიძლიათ, ეწვიოთ და ადგილზევე გაეცნოთ მათ ისტორიას. მე კი აქ დაგემშვიდოებებით და იმედი მაქვს, როცა იმ ადგილებს ჩაუვლით თბილისში, გაგახსენდებათ, რომ ერთ დროს იქ დავითი, თამარი, ვახტანგ VI და სხვა მეფეები უმნიშვნელოვანეს საქმეებს წყვეტდნენ.