უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჯეპრაში ახალი და საინტერესო მოვალეობა შევითავსე – Facebook რეკლამების მენეჯმენტი. პიარი მრავალმიმართულებიანი საქმეა. ხშირად ჩვენს სოციალური მედიის მენეჯერებს ე.წ. მაღალი ჩართულობის მიღწევა სურთ პროექტებზე ონლაინ გვერდების მეშვეობით. და აქ შემოვდივარ მე, როგორც ჯეპრას ახლადგამომცხვარი ‘ბუსტაბაში’. ეს ტიტული მასშტაბური ბრეინშტორმინგების შედეგია.
ერთი შეხედვით, საქმე საკმაოდ მარტივია – გითითებენ პოსტს, აჭერ „ბუსთს“ და წავიდა ფულში ლაიქების გაცვლა; რეალურად კი, აქ იმდენი დეტალური ფაქტორია ჩართული, რომ ვიფიქრე, ამ პროცესისთვის პოსტი მიმეძღვნა და ფარდა ამეხადა ‘ბუსტაბაშთა’ საიდუმლო მოღვაწეობების მითისთვის.
ფეისბუკის გვერდების შექმნა, ალბათ, ბატონი ცუკერბერგის კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო და ფართო გადმოსახედიდან მთლიანი საიტის მოდელის რევოლუცია გამოიწვია. სოციალური ქსელის პოპულარიზაციამ მალევე გახადა აუცილებელი ბიზნესისთვის თუ ცნობილი პირებისთვის „ფეიჯის“ შექმნა, რომელიც ან კონტენტის სარკის ან უბრალოდ მშრალი პოსტების დაშეარებისთვის იცლიდა.
თუმცა, ‘თოვლის გუნდის ეფექტმა’ არ შეაყოვნა, მეტი და მეტი ბიზნესი მიგრირდებოდა ფეისბუკზე, გადმჰოქონდათ კონტენტის ძირითადი ნაწილი და აქტიურად იწყებდნენ ფანებთან კომუნიკაციას, რამაც უკვე წარმოშვა ხარისხის კონკურენცია და დღევანდელი სტანდარტული ფეიჯის პირველადი ფორმა. მაგრამ რჩებოდა გადაუწყვეტავი პრობლემა – ფეიჯების რაოდენობის მატება მაინცდამაინც არ ნიშნავდა ადამიანთა მიერ სოციალურ ქსელში გატარებული დროის მატებას. ამიტომ გამოდიოდა, რომ დიდი კომპანიების მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხების წარმატება ცარიელ იღბალს ეყრდნობოდა – თუ მომხმარებლის ფიდში მათი კონტენტი პირველ 15-20 პოსტში არ მოხვდებოდა, იზრდებოდა ალბათობა, რომ მოცემული პირი მეტს აღარ ჩასქროლავდა და შესაბამისად, ვეღარ ეზიარებოდა მის მიერ დალაიქებული საყვარელი სწრაფი კვების ქსელის ბეჯითად დაწერილ პოსტს ახალ პრომო აქციაზე.
რასაკვირველია, ფეისბუკის ადმინისტრაციამ ამ პრობლემაზე დიდი ხნით ადრე იფიქრა და ფეიჯების აღზევებას ხალისიანად წაეხმარა ფეისბუკ-რეკლამის დანერგვით, რომელიც ერთის მხრივ, კომპანიებს საშუალებას მისცემდა საკუთარი კონტენტის პრიორიტეტიზაცია მოეხდინათ, ხოლო მეორეს მხრივ – ფეისბუკს სწორედ იმ ფულის სარბოლო მოედნად აქცევდა, რაც სხვა ყველა სარეკლამო პლატფორმაა. ეს კი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ბევრი ბიზნესის მშრალი კონტენტი უკვე დელიკატურად თარგეთირებულ პოსტებზე უნდა გადაცვლილიყო და რეკლამაც, შესაბამისად, რაც შეიძლება სპეციფიურ სამომხმარებლო ბაზებზე გათვლილიყო. პრინციპში, ასეც მოხდა.
ამ ეტაპისთვის, რეკლამა ფეისბუკზე უკვე კარგად აწყობილი საათივით მუშაობს და ‘ბუსტაბაშთა’ ინსტრუმენტარიც საკმარისად ვრცელია, რათა ამა თუ იმ ბიზნესმა მინიმალური ბიუჯეტითაც მიაღწიოს ნორმალურ შედეგს. ჩვენი სამუშაოც სწორედ ამაში მდგომარეობს – გადავანაწილოთ ფული, მაქსიმალურად კონკრეტულად მოვზომოთ და მოვიცვათ ჩვენი სამიზნე აუდიტორია, მოვარგოთ ჩვენი კონტენტი მათ ასაკს და პირად ინტერესებს და თუ ეს ყველაფერი სწორად ვქენით და გავთვალეთ, „დასპონსორებულ“ პოსტებზე უკვე ნერვების მოშლის მაგივრად აღტაცებას მივიღებთ.
დიდი ალბათობით, ეს პოსტიც მაგ მიზეზით მოხვდა თქვენს ფიდზე. ‘ბუსტაბაშმა’ საკუთარი თავი თუ ვერ დაიბუსტა, სხვას გაბუსტავს?! 🙂