ადამიანი გონიერი არსებაა, რომელიც სწავლობს საკუთარ შეცდომებზე. მე ვმოქმედებ, ვუშვებ შეცდომებს, ვაანალიზებ, გამოვასწორებ შეცდომებს და ამით ცხოვრების კიბეზე ერთი საფეხურით მაღლა ავდივარ. მე მაქვს უფლება, რომ ჩემი ცხოვრება წარვმართო ისე, როგორც მე მსურს.
რა ხდება მაშინ, როდესაც მე აღარ ვარ უბრალოდ მე, ვხდები „ჩვენ“ და პასუხისმგებელი ვხდები სხვა, ბევრი ადამიანის ბედ-იღბალსა და ცხოვრებისეულ კიბეზე გადაადგილებაზე? მე, როგორც პასუხისმგებლიან არსებას, მიჩნდება ვალდებულება, რომ ვისწავლო სხვის შეცდომებზე. მე, ჩემი პასუხიმგებლობა აღარ მაძლევს იმის უფლებას, რომ ჩავატარო ექსპერიმენტი, მაშინ როდესაც წინ უამრავი მაგალითი მაქვს.
მიმიხვდით? ვერ? კარგი, მაშინ ასე ვთქვათ:
„ჩვენ“ შეიძლება იყოს მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი, მოსამართლე, პოლიტიკოსი… ის, ვისაც აბარია მოსწავლის, პაციენტის, განსასჯელის, მოქალაქეების ბედი. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ვალდებულებები აქვთ, ვიდრე მე, თამუნას, რომელიც ჩემთვის ვფუსფუსებ და მხოლოდ საკუთარი განვითარების და ფინანსური კეთილდღეობისათვის ვიბრძვი. ეს განსაკუთრებული ვალდებულება მათ ავალდებულებთ, რომ კარგად შეისწავლონ და გაიაზრონ არსებული პრაქტიკა, დაშვებული შეცდომები და თვითონ იყვნენ უკეთესები თავიანთ წინამორბედზე.
კიდევ ვერ გამიგეთ? ძალიან ცუდი! ეს თქვენს უპასუხისმგებლობასა და გაუაზრებელ არჩევანზე მეტყველებს. მაგრამ მე მაინც განგიმარტავთ:
თქვენ ვალდებულები ხართ, ჩემი, ერთი რიგითი მოქალაქის – თამუნას წინაშე: უნდა შემიქმნათ ინდივიდუალური განვითარებისათვის გარემო, უნდა მასწავლოთ, უნდა მომარჩინოთ, უნდა სამართლიანად განმსაჯოთ, უნდა ააშენოთ ისეთი სახელმწიფო, სადაც მე, შეცდომის დაშვების უფლების მქონე ინდივიდს, შემეძლება არსებობა და განვითარება.
არა? არ მოგწონთ? მეც არ მომწონს…
იცით რა მომეწონებოდა? პასუხისმგებლიანი ქვეყანა და საზოგადოება, სადაც მე და სხვა ამას ხმამაღლა მოგთხოვდით, აქტიურად ჩავერთვებოდით სახელმწიფოს მართვაში, ჩვენს წვლილს შევიტანდით ქვეყნის განვითარებაში და არ მოგცემდით გადაგვარების, გაზულუქების და ფეხის ფეხზე შემოდების უფლებას.
არც ეს მოგწონთ? ვიცი, რომ არ მოგწონთ. ამიტომაც არ ზრუნავთ, რომ მე, რიგითი მოქალაქე – თამუნა, გავხდე სოციალურად უფრო აქტიური. თქვენთვის უფრო მისაღებია მოქალაქე თამუნა, რომელიც თავისთვის დაბოდიალობს ცხოვრების კიბეზე, რომელიც საკუთარი შრომით მიღებული ანაზღაურებიდან აფინანსებს თქვენი და თქვენნაირების „სამსახურეობრივი მოვალეობის“ შესრულებისათვის საჭირო ხარჯებს, რომელიც სულ უკმაყოფილოა იმ გარემოთი რომელშიც არსებობს მაგრამ ამ გარემოს შეცვლისთვის არაფერს აკეთებს.
იცით, რატომ არ გინდათ, რომ რიგითი მოქალაქე თამუნა შეიცვალოს? იმიტომ, რომ ის აღარ მოგცემთ შეცდომების დაშვების უფლებას, ის იბრძოლებს იმისათვის რაც ეკუთვნის და არ მოგცემთ იმას, რაც არ გეკუთვნით.
გიფიქრიათ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ რიგითი მოქალაქე თამუნა გადაწყვეტს აიმაღლოს საკუთარი მოქალაქეობრივი ხმა და შეიამხანაგოს სხვა თამუნები? როგორ და დარწმუნებული ვარ, ისე, როგორც თქვენ ნამდვილად არ მოგეწონებათ. თუმცა, ამაზე და დანარჩენზე ჩემს მომავალ პოსტში …
პ.ს. მარკუს ავრელიუსმა თქვა: „თვალი გადაავლე წარსულს, დაცემულ და აღორძინებულ იმპერიებს და შენ შეძლებ მომავლის განჭვრეტას“.