შეიძლება თუ არა მოგზაურობასაც შეხედო როგორც პროექტს? თავისი მიზნებით, რისკების შეფასებით, სუსტი და ძლიერი მხარეებით, შესაძლებლობებითა თუ საფრთხეებით?
ტაილანდზე უნდა მოგიყვეთ, მაგრამ ეს ყველაფერი მინდა ცოტა სხვა კუთხით დაგანახოთ და ისე გამოგზაუროთ იმ საოცრებათა ქვეყანაში, სადაც 10 დღე გავატარე.
როგორც ნებისმიერი პროექტის თუ კამპანიის დაგეგმვისას, ზუსტად ასე დაიწყო ჩვენი ტაილანდის მოგზაურობის დაგეგმვა 1 წლის წინ. თუმცა ბევრი გამოწვევის გამო, შარშან მოგზაურობა ჩაიშალა. მაგრამ მონდომება და სურვილი არ გაქრა ჩემთან ერთად მყოფ 6 ადამიანში. სურვილი იმისა, რომ შენს მიზანს აუცილებლად მიაღწევ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამ მის მისაღწევად, ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ჯობნის.
4 თვის წინ ყველაფერი ისე დალაგდა, რომ ტური ვიყიდეთ და პეპლებმაც დაიწყეს ფრთხიალი ჩვენს მუცლებში.
წასვლამდე ჩემი ფიქრები მთლიანად ტაილანდმა მოიცვა. ბევრი გვეუბნებოდა ძალიან საშიშია ბანგკოკი და ფრთხილად იყავითო, ამას ემატებოდა გზა. გზა არა, ალბათ ფრენა ნამდვილი ფრთებით, რომელიც 12 საათამდე გრძელდება. ძალიან უცხო კულტურა, ეგზოტიკა და სხვა მრავალი რამ.
23 იანვარიც გათენდა.. აეროპორტშიც მივედით და გასაფრენადაც მზად ვართ, მაგრამ უცებ დაფაზე ეწერება, რომ ჩვენი რეისი 45 წუთით გადაიდო. იმ დროს გავიფიქრე, რომ ფაქტი, რომელიც სტამბულში გადაჯმობისთვის მხოლოდ 1 საათი და 10 წუთი გვქონდა და ჩვენ ეს ყველაფერი 4 თვით ადრე ვიცოდით, რისკად არცერთმა ჩვენგანმა არ მივიჩნიეთ. კი ვდარდობდით, რომ ცოტა დროა და უნდა ვიჩქაროთ, როგორ ჩავალთ, მაგრამ არცერთს ჩვენგანს არ დაგვიშვია, რომ თბილისიდან ჩვენი რეისი დააგვიანებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, სირბილში ოლიმპიურ ჩემპიონებად ჩამოვყალიბდით, გადავაფრინდით ჩვენივე გამობმული ფრთებით მთელ სტამბულის აეროპორტს და მივასწარით ჩვენს რეისს.
ამასობაში 24 იანვარია… უკვე 34 გრადუსი სიცხეა გარეთ და თვალები გიჭრელდება, ქუჩაში იმდენი ფერი ირევა ერთმანეთში.
ქალაქში გადაადგილება რითი გნებავთ? ტუკ-ტუკი, VIP ტუკ-ტუკი თავისი ფერადი განათებებით და მუსიკით, ტაქსი, ჭრელი უძველესი ავტობუსი, მოპედი, მიწისზედა მეტრო, ლამაზი ფერადი ნავები… არჩევანი თქვენზეა, რომელს გამოცდით ტაილანდის დედაქალაქის ჯადოქრულ ქუჩებში. მე უარი არცერთზე მითქვამს და ყველა მათგანი „დავაგემოვნე“.
დაგემოვნებაზე გამახსენდა ტაილანდური სამზარეულო. ვისაც ცხარე საჭმელი გიყვართ, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ თქვენ გასტრონომიულ სამოთხეში მოხვდებით. მაგრამ გირჩევთ, მაინც ნაკლებად ცხარეზე გააკეთოთ არჩევანი, რადგან მათი ნაკლებად ცხარე, იმაზე ცხარეა, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ. ყურებიდან ბოლის ამბავი ხომ იცით, ხოდა აი ზუსტად ეგ გემართება, თუ დაგავიწყდება და არ ეტყვი, რომ ნაკლებად ცხარე კერძი მოგართვან.
ბანგკოკში თანამედროვე ცათამბჯენები ორიგინალურად მეზობლობენ ბუდისტურ ტაძრებსა და ისტორიულ ძეგლებთან. ისე ერწყმის ეს ორი რამ ერთმანეთს, ქუჩაში სიარულისას ფიქრობ, ღმერთმა ჩანაფიქრშივე ასე გაანაწილა ყველაფერიო.
როგორი ბუდის ნახვა გსურთ? ფეხზე დამდგარი, წამოწოლილი, დამჯდარი? პრობლემა არაა. მაგრამ შემთხვევით ხელი არ წაგიცდეთ და სუვენირად არ იყიდოთ ბუდა და არ გადაწყვიტოთ საჩუქრად ან თუნდაც სახლისთვის წამოღება.. ნუ რავიცი, თუ 8000 დოლარის გადახდა არ გნებავთ ჯარიმის სახით.
ახლა მივხვდი, რომ მხოლოდ 2 დღის ამბავი აღვწერე და წინ კიდევ 8 დღეა, ამიტომ უნდა შევკვეცო ჩემი შთაბეჭდილებები და ემოციების ჯაჭვი.. ბანკოკზე საუბარს დავასრულებ გიჟური ღამის ცხოვრებით, ტურისტებით გადატენილი ბარებით, სადაც ყველაფერს ნახავ რაც შეიძლება გაინტერესებდეს, ან არც გაინტერესებდეს, მაგრამ იქ მისულს ამას შენ უკვე არავინ გეკითხება.
27 იანვარია.. ისევ ძალიან ცხელა.. შემდეგი გაჩერება კუნძული ფუკეტია… თან ჩემი ორი უსაყვარლესი მეგობრის დაბადების დღეა, მაგრამ მე ისევ 34 გრადუსში ვარ, ამჯერად უკვე ქათქათა ქვიშის სანაპიროზე..
ფუკეტში არსებული სანაპიროების და კუნძულების მერე ხომ არ გაჩნდა სიტყვა სამოთხე? ეს ძალიან ბევრჯერ გავიფიქრე იმ საოცრებაში გატარებული 7 დღის განმავლობაში.
წარმოუდგენელია იმ გარემოში ცუდ რამეზე იფიქრო.. შენს გარშემო მაიმუნები დარბიან, სპილოები მედიდურად მოძრაობენ, ვეფხვებსაც უყვარხარ და ჩახუტების უფლებასაც გაძლევენ, ყოველ 100 მეტრში სხვადასხვა ტიპის მასაჟის გაკეთებას გთავაზობენ, მათი უცნაური ხილის ფორმები და ფერები თვალს გჭრიან, ამ ხილით დაწურული წვენები თითქოს ხელს გიქნევენ და გეძახიან, რომ დააგემოვნო.
წყლის ლურჯი, ცისფერი თუ მწვანე ფერები და ჭრელი ულამაზესი თევზების ფერები ისე ირევა ერთმანეთში, თითქოს 3D სათვალე გიკეთია და ეს ყველაფერი რეალობა არ არის..
სინამდვილეში ეს ყველაფერი რეალობაა, უბრალოდ ჩვენგან ძალიან შორს…
მაგრამ თუკი შევხედავთ ამ ყველაფერს, როგორც პროექტს…
დაისახეთ მიზანი, შემდეგ იფიქრეთ ამოცანებზე, რომელიც მიზნის შესრულებაში დაგეხმარებათ და ბოლოს გადადით იმ კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაზე, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაშიც, იქნებ პირდაპირ ვეფხვის ვოლიერიდან გამომიგზავნოთ ფოტოები, ან უბრალოდ ქოქოსით ხელში ჯეიმს ბონდის კუნძულიდან ჩამიგდოთ „სელფი“.