ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, თინათინ სამყურაშვილი 2018 წელს აფასებს.
რამდენად წარმატებული იყო პირადად შენთვის 2018 წელი? თუ შევადარებთ სხვა წლებს?
2018 წელი როგორც პროფესიული წარმატებებით, ისე პირადი ამბებით დახუნძლული იყო. განვითარების, გაძლიერების და სიახლეების წელი გამოვიდა:)
რით იყო გამორჩეული?
ვმართე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, შევიძინე ელენე, რომელიც ახლა ჩემი მარჯვენა ხელია, გავაგრძელე ილიაუნიში ლექტორობა, ჯერ დავინიშნე და მერე კიდევ გავთხოვდი, ვიყიდე ჩემი ოცნების სახლი მეუღლესთან ერთად, მივაღწიე ყველა მიზანს, რაც ამ ასაკისთვის მქონდა გათვალისწინებული.
შეგიძლია გამოყო ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებული იყო შენთვის?
ყველა პროექტი თანაბრად მნიშვნელოვანია და პროცესშიც თანაბარი პასუხისმგებლობით ვმუშაობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც წელს მოხდა არის, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2019 წლიდან საქართველოში HER2 დადებითი ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა ხელმისაწვდომი ხდება. შემიძლია ვთქვა, რომ კამპანიამ #ნუგანმასხვავებ, რომელიც ძუძუს კიბოსთან ბრძლის კოალიცია „ევროპა დონასთან“ ერთად მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა სახელმწიფოს მხრიდან რეგიონებში მცხოვრები მეტასტაზური ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დაფინანსების უზრუნველყოფას (მანამდე ფინანსდებოდა მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მაცხოვრებლები), შედეგი გამოიღო.
როგორი იყო შენი წელი როგორც უნივერსიტეტების ლექტორის და პიარსკოლის მენტორის?
ლექტორობა ახალი გამოწვევაა, შესაბამისად აქ მეტად ვხედავ ცვლილებებს. ვფიქრობ 2018 წლის „თიკო ლექტორი“ ჯობდა 2017 წლისას და 2019 წელს უკეთესი იქნება:) პიარსკოლას რაც შეეხება, ჩემთვის საიმიჯო პროექტია, მეამეყება ისიც რომ პიარსკოლის მენეჯერი ვარ და 2009 წლიდან ჩართული ვარ მისი განვითარების ყველა ეტაპში და ისიც რომ წლების წინ დავნერგეთ მენტორობის ინსტიტუტი და ყველა ჯეპრელი მონაწილეობს პიარსკოლელების პროფესიული ზრდის ხელშეწყობის პროცესში, მათ შორის მეც:)
ჯეპრას 2018 წელს როგორ შეაფასებდი? რამდენად წარმატებული წელი იყო? შეძლო თუ არა იმ გეგმების შესრულება, რაც სტარტეგიულ შეხვედებზე დაგეგემეთ?
ჩვენი წარმატება პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია კომპანიის წარმატებასთან და პირიქით. მე უკვე ვთქვი რომ წარმატებული წელი მქონდა 🙂 დამატებით ჯეპრას სიახლეებზე წაიკითხეთ დირექტორის ინტერვიუ.
რაზე გწყდება გული? რა გიხარია?
გული მწყდება იმ შეცდომებზე, რომელიც მუშაობის პროცესში დამიშვია. მიხარია, რომ შემიძლია დავინახო საკუთარი შეცდომები და ვიზრუნო მათ გამოსწორებაზე. ზოგადად შეცდომებზე ვიზრდებით.
რა გეგმები გაქვს 2019 წელს? რაზე აპირებ აქცენტის გაკეთებას? რისი შეცვლა გსურს? რისი გაუმჯობესება?
მე უკვე ზუსტად ვიცი, სად მინდა ვიყო 5 წლის შემდეგ, შესაბამისად, გრძელვადიანი მიზნის მისაღწევად საკმაოდ ბევრი ამოცანა მაქვს შესასრულებელი. 2019 წელს ჩემთვის ახალი დეკადა იწყება. მრგვალი თარიღიდან მრგვალ თარიღამდე პირველი ნახევარი თუ სწორად ვმართე, მეორე ნახევარი სიმშვიდის და მიღწეულით ტკბობის იქნება:) ამ ახალ წელს კი ჩემს დიდ ოჯახში „გამარჯვების წელი“ ვუწოდეთ და წლევანდელი გამარჯვება ოჯახის თითოეული წევრისთვის იქნება ყველაზე დიდი წარმატება.
როგორი იქნება 2019 წელი პიარინდურსტიისთვის? რა სიახლეებს უნდა ველოდოთ? რა პროგნოზები გაქვთ?
რადგან პროდუქტის ან მომსახურების ხარისხი ყველა ორგანიზაციისთვის უკვე თანაბრად მიღწევადია, კონკურენციაც უფროდაუფრო იზრდება. კომპანიებს სჭირდებათ ახალი ღირებული წინადადებების შეთავაზება თავისი სამიზნე აუდიტორიისთვის. კონკურენტულ გარემოში მუშაობა ჩვენთვის, პიარშიკებისთვისაც დიდი გამოწვევაა, მეტი მუშაობა იქნება საჭირო რომ ვიპოვოთ შეხების წერტილები სუბიექტსა და ობიექტს შორის და შემდეგ სიზუსტით წარვმართოთ მათ შორის კომუნიკაციის პროცესები.