მილიონიანი ინგრედიენტისგან შეზავებული ერთი ულუფა ორისთვის…
კარიერა, ოჯახი, ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მეზობლები, ნათესავები – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც გამოძრავებს საზოგადოებაში, გაცოცხლებს და ყოველდღიურობას გიქმნის! თუ არ გიყვარს არაფერი გამოვა და უბრალოდ წარმატებას ვერ მიაღწევ! აქვე ვაღიარებ, აუცილებელი არ არის კონკრეტული ადამიანის სიყვარული, უბრალოდ უნდა „გრძნობდე სიყვარულს!“ „სიყვარულზე შეყვარებული“ ადამიანი ყველაფრის „ჩამდენია“ ბედნიერებისთვის. მერე კი… ასეთ მიზანდასახულსა და წარმატებულს ის კონკრეტული ადამიანიც დაგინახავს, შეგიგრძნობს და ბედნიერს გაგხდის!
„ჩაჟამებულს, უჟმურსა და ჩამუქებულს“ არავინ შეგამჩნევს… ხოდა ერთად გავფერადდეთ და გავბრწყინდეთ „მისთვის“.
სიყვარულის შეგრძნების, გამოხატვის, მომზადების, მისი გასინჯვის რეცეპტი და ხერხები არ არსებობს. ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია. ასევე ინდივიდუალურია მისი გევრდითი მოვლენებიც და უკუჩვენებაც.
სიყვარულის წამალზე კი აი, ლეგენდები და მითებიც არსებობს! სიყვარულის წამალი არავის გამოუგონია, თუმცა „მოუგონიათ“. უამრავი გვერდითი მოვლენების გამო ბოლომდე მკურნალობას არავინ მიჰყოლია, შუა გზაში მიუტოვებიათ და სასტიკი უკუჩვენების გავლენით ვირუსი ასე მოდებია მსოფლიოს!
ეს ლეგენდა მე გამოვიგონე… აი, ისე როგორც ფუფალამ შიოლა…
რეალობა ერთია… სიყვარულის წამალი შენივე თავის მაინც შენ ხარ და შენივე განწყობა… შენვე უნდა უწამლო შენივე „მოგონილს“.
რეცეპტი ჩემგან „ჩვენებურებს“
შემადგენლობა: 500 გრამი ემოცია + 200 გრამი ლტოლვა + 400 გრამი სიხარული + 200 გრამი ბუნებრივი სურნელი + 50 გრამი მორცხვობა + 10 გრამი ეჭვიანობა + 1 კგ გამბედაობა … ეს ყველაფერი კარგად უნდა ავურიოთ და შევურიოთ ცოტა ფიქრი + გულის არითმია და ვადუღოთ მაღალ ტემპერატურაზე. პილპილი და წიწაკა გემოვნებით!
დოზირება და მიღების წესი: ცხელი სახით მიღება არ შეიძლება. შესაძლოა ენა დაგწვას! ნაზად უნდა დააგემოვნო, ნელ-ნელა მიირთვა რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს სიამოვნება, და უკვე განელებული მოულოდნელად გადაყლაპო, რათა გული არ აგიმსუყდეს!
გვერდითი მოვლენები: ტემპერატურის მატება, თავბრუსხვევა, წნევის ცვლილება (ინდივიდუალურია), უმიზეზო აფორიაქება, ეიფორია, ოცნებებში გადავარდნა … ზედმეტმა დოზამ და ხანგრძლივმა მიღებამ შესაძლოა ამნეზიაც გამოიწვიოს.
უკუჩვენება: გამოშტერება, ნგრევა, პესიმიზმი და დეპრესია.
რეაქცია სხვა სახის სამკურნალო საშუალებების მიღების დროს: თავის ტკივილი და ფაღარათი!
სერიოზული უარყოფითი რეაქციების გამოვლენების ან გადამეტებული დოზის მიღების დროს მიმართეთ ექიმს!
რჩევა: აიცერით დროულად, შეიყვანეთ სიყვარულის ვაქცინა, გამოიმუშავეთ იმუნიტეტი, გაუმკლავდით უკუჩვენებებს დროულად და შემდეგ კი… შედეგს აღარ დაელოდოთ!
ეს ყველაფერი ისე, ხუმრობით… ჩემში „ტაკიტუკამ“ სძლია რეალურ „მეს“ და „ვიტაკიტუკე“.
აი, „მე“ კი ვიტყოდი:
დატკბით იმ სიყვარულით, რომელიც შენია და გრამობით აღარ შეაზავებთ! ის იქნება შენთვის მილიონიანი ინგრედიენტისგან შეზავებული ერთი ულუფა ორისთვის… დაავადდით გრძნობით, რომლისგანაც განკურნებას არასოდეს შეეცდებით! ის შენია და შენში დარჩება!
სიყვარულში წარუმატებლობის მიზეზი ცხოვრებაში ბევრია, უბრალოდ არ უნდა ეძიო.
უტაქტობა, უხეშობა, სიამაყე, ეგოიზმი, მესაკუთრე და მეწვრილმანე ხასიათი, ეჭვიანობა… ამოიღეთ ეს ინგრედიენტები და ყველაფერი კარგად იქნება!
P.S. რა მინდოდა, არადა რა კარგად დავიწყე ეს პოსტი.. გეგმიურად მიწევდა, ეჩქარებოდათ… და შევთხზე „რაღაც“ , გრძნობაზე რომელსაც „ჩემი სიყვარული“ ქვია!