საზოგადოებასთან ურთიერთობა სტარტაპისთვის შესაძლოა წარმატებასა და მარცხს შორის განსხვავებას ნიშნავდეს. როგორც ხშირად გვესმის, ახალი ბიზნესების მესამედი პირველი ორი წლის განმავლობაში მარცხს განიცდის. ერთ-ერთ ფაქტორად ხშირად არაადეკვატური საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი ითვლება. მრავალი კომპანიის წარმატება, როგორებიცაა მაგალითად “ტესლა” და “Airbnb”, ძირითადად ეფექტური პიარით არის განპირობებული.
ბიზნესები რომლებსაც რეალურად ღირებული კოცეფციები და პროდუქტები აქვთ, შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს საზოგადოების თვალში არასწორი ან კარგი პიარის გარეშე.
სტარტაპების დამფუძნებლები საქართველოში საწყის ეტაპზე, ძირითადად თავად ახორციელებენ პიარსა და მარკეტინგს, ხოლო დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ საჭიროა ამ კუთხით კადრების დამატება ან სხვა კონსულტანტების დაქირავება, რადგან თავად დრო დარჩეთ საკუთარი პროდუქციის განვითარებისთვის.
დაიწყეთ საზოგადოებასთან ურთიერთობაზე ზრუნვა საწყის ეტაპზე -(მანამ სანამ პროდუქტს წარადგენთ ბაზარზე). სტარტაპები ხშირად დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ გადაავადონ პიარზე ზრუნვა, მანამ სანამ პროდუქტს არ წარადგენენ ან არ აქვთ ხელშესახები ბეტა ვერსია. მაგრამ, როგორც წესი, პიარი პროდუქტის წარდგენას უწყობს ხელს. ეს არის ერთგვარი ხელსაწყო ინვესტორების ყურადღებისა და მხარდაჭერის მისაქცევად და მოსაპოვებლად. საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობების დაგეგმვა სამიდან ექვს თვემდე სამუშაო პროცესს ითვალისწინებს.
მედია კონტაქტების მოპოვება მანამ, სანამ პროდუქტი გაეშვება ბევრად სასარგებლო შედეგის მომტანია, ვიდრე მას შემდეგ, რაც უკვე პროდუქტი გაქვთ.
შექმენით თქვენი სტარტაპის მოკლე აღწერილობა- ისევე როგორც ინვესტორთან წარსადგენი ე.წ “elevator pitch”-ის სიტყვა, მედიასთან ურთიერთობისთვის ერთი ან ორ ფრაზიანი წინადადების მომზადება მოგიწევთ, რათა თქვენ შესახებ მარტივად და გასაგებად ესაუბროთ ჟურნალისტებს. დაიმახსოვრეთ, რომ მნიშვნელოვანია ახსნისას არასდროს შეადაროთ თქვენი კომპანია რომელიმე სხვა კომპანიას, რადგან ამ დროს თქვენი დამახსოვრება მედიის წარმომადგენლებს გაუჭირდებათ.
დარწმუნდით რამდენად ღირებულია თითოეული სიახლე, რომელსაც გაავრცელებთ – იპოვეთ რამე განსხვავებული ან მნიშვნელოვანი. ბევრი სტარტაპის შესახებ ინფორმაცია არასწორად არის წარმოჩენილი და ხშირად სტატიებს ცოტა მკითხველი ჰყავს. აუცილებელია სწორად შეირჩეთ ფაქტორი, რის მიხედვითაც გაავრცელებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ.
შეადგინეთ თქვენი სტარტაპის „პასპორტი“- შეადგინეთ თქვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯის დოკუმენტაცია. ჩაწერეთ მასში ინვესტორების კომენტარები, ჟურნალისტების შეფასებები, კლიენტების შენიშვნები. ჩამოწერეთ რისკები, რომელიც შესაძლოა წინ დაგხვდეთ. ამით წინასწარ გეცოდინებათ კრიზისის დროს რა სახის კომუნიკაცია უნდა გამოიყენოთ.
თავდაპირველად ორიენტირი აიღეთ თქვენს საკუთარ „მედიაზე“ – მანამ სანამ მედია ურთიერთობებზე გადახვალთ, განავითარეთ თქვენი საკუთარი ვებგვერდი, ბლოგი, სოციალური მედიის გვერდები. ამით თქვენ გეცოდინებათ რა სახის ინფორმაცია მოსწონთ მომხმარებლებს თქვენზე.
გაავრცელეთ პრესრელიზები- პრესრელიზები საზოგადოებასთან ურთიერთობის მნიშვნელოვან ხელსაწყოდ ითვლება. პრესრელიზების გაშვებით სტარტაპებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიპყრონ მედიის ყურადღება და გაზარდონ მედიაში გამოჩენის შანსები. სწორად ჩამოყალიბებული პრესრელიზი განსაკუთრებით ეფექტური შეიძლება იყოს პატარა ბიზნესებისთვის, რომელსაც მარკეტინგისთვის მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი გეგმები აქვს.
ეთანამშრომლეთ ინფლუენსერებს – ბევრს მობეზრებული აქვს ამის მოსმენა, მაგრამ დღევანდელ სამყაროში მნიშვნელოვანია ითანამშრომლოთ ბაზარზე არსებულ ბლოგერებთან და სოციალური მედიის ინფლუენსერებთან, გაუგზავნოთ თქვენი პროდუქცია ან საერთოდ მიაღებინოთ მონაწილეობა ბეტა ვერსიის წარმოებაში. ბოლო პერიოდში სტარტაპები მიკრო ინფლუენსერებს ირჩევენ თავიანთი პროდუქციის საპრომოციოდ, რათა მინიმალურად სეგმენტირებულ ბაზარზე გამოცადონ საკუთარი პროდუქცია.
გამოაჩინეთ თქვენი დამფუძნებელი – ქარიზმატულ დამფუძნებელს მარტივად შეუძლია მედიის ყურადღების მიქცევა. ბოლო პერიოდში პიარის სპეციალისტები სიახლეების გავრცელებას კომპანიის დამფუძნებლის ბლოგის ან პირადი სოციალური სივრცის საშუალებით ახდენენ. უმრავლესობა სტარტაპისთვის დამფუძნებელი ყველაზე ეფექტური პიარ პერსონაა.
აჰყევით მიმდინარე ტრენდებს და თვალყური მიადევნეთ სიახლეებს- ეს ტექნიკა დაგეხმარებათ წარმოაჩინოთ ბრენდი და გაზარდოთ სტარტაპის ხილვადობა თქვენი პროდუქტის მიმდინარე ტრენდზე მორგების საშუალებით. გაიზიარეთ ყველა საინტერესო მოვლენა ან გამარჯვება მოარგეთ ეს თქვენს პროდუქციას. ამ ხერხს არაერთი ქართული ბრენდი წარმატებით ახორციელებს, რაც რასაკვირველია მათ ზოგად ცნობადობაზე დადებითად მოქმედებს.
თავიდან აიცილეთ ხშირად დაშვებული პიარ შეცდომები – თავი აარიდეთ კონკრეტული თარიღების დასახელებას, წარდგენისთვის არ გჭირდებათ უზარმაზარი ღონისძიებების გამართვა, ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ წარდგენის დროს მიმდინარე მოვლენები.
არ გაჩერდეთ – ფოკუსირდით მეტი საჯაროობის მოხვეჭაზე და არ გაჩერდეთ იმაზე, უკვე რასაც მიაღწიეთ. ყოველთვის შეეცადეთ მიიქციოთ მეტი ადამიანის ყურადღება და უფრო დიდ სეგმენტს გააცნოთ თქვენი თავი. ნუ იზეიმებთ ნაადრევად.
მიზანმიმართული პიარით უბრალო სტარტაპსაც შეუძლია ყურადღების ეპიცენტრში მოიქციოს თავი.