08.08.08.

08.08.08.

08.08.08.

ყოველთვის, როცა აგვისტოს 8 ახლოვდება, ერთნაირი ფორიაქი მეწყება. არასოდეს დამავიწყდება ის დღეები.

6 აგვისტო თენდებოდა შვებულებიდან რომ დავბრუნდი. თურქეთში ვიყავი და ტელევიზორში, რუსულ არხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში, ხშირად აჩვენებდნენ, თუ როგორ ახორციელებდნენ რუსები ოსების ევაკუაციას ცხინვალიდან. თუმცა, ერთი წუთითაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ რა შეიძლება მომხდარიყო.

6 აგვისტოს, დილით, უკვე სამსახურში ვიყავი. უამრავი საქმე მქონდა და დღემ ისე ჩაიარა და ისე დაღამდა, ვერც კი მივხვდი. მერე კი, ყველაფერი აირია. მოვლენების საინფორმაციო ეპიცენტრში ვიყავი. ყველა ნაცნობი მე მირეკავდა, მობილური არ ჩერდებოდა. მე კი, არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა და არც მეცალა. ტელეფონს ვთიშავდი და ყველას მესიჯით ვატყობინებდი, რომ ყველაფერი კარგად იყო.

არადა, ყველაფერი ძალიან ცუდად იყო.

იმ ღამეს, როცა ცეცხლის გახსნის ბრძანება გაიცა, ბოლომდე კიდევ არ მესმოდა, რა შედეგით შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ მუცელში და გულში თითქოს ქარიშხალი ამოვარდა. ვიცოდი, რომ ის დღეები სამუდამო დამღად დააჩნდებოდა ჩემს ცხოვრებას.

ეხლაც ჩამესმის ის საშინელი სიტყვები – ომი დაიწყო! თვალწინ მიდგება უამრავი გაფართოებული და დაბნეული თვალი. შიშისგან აკანკალებული მთელი ძალით ვიზელ ხელებს, რომ ის ბურთი, ყელში რომ მაქვს გაჩხერილი, ხელის ტკივილს გავაყოლო – ისტერიკის დრო არ არის. ბავშვები გამახსენდა – ეხლა ეზოში დარბიან, კოჯორში… ნუნუს (ბებიას) განწირული ხმით ვაფრთხილებ, რომ პატარა ხმაურზეც კი სარდაფში ჩავიდნენ. მამას ვთხოვ, რომ ისინი მარტო არ დატოვოს. გიას (ჩემს მეუღლეს) ვთხოვ, რომ ახლოს იყოს.

რაღაც მომენტში ვხვდები, რომ ასე არ შეიძლება, თავი ხელში უნდა ავიყვანო. მე ბევრი საქმე მაქვს – ეს არის გამოსავალი. ხელში ვიღებ ბლოკნოტს და დაწვრილებით ვწერ რა უნდა გავაკეთო. არაფერი არ უნდა გამომრჩეს. დავრბივარ კანცელარიის სართულებზე, ვხვდები უამრავ ადამიანს, ერთდროულად სამი ტელეფონით ვლაპარაკობ, დავდევ ჟურნალისტებს, რომლებიც პრემიერის კომენტარს ელოდებიან, ყველა უწყებიდან ვაგროვებ მონაცემებს და ვამზადებ ინფორმაციას მთავრობის შეხვედრებისა და სხდომებისთვის, ინვესტორებს და უცხოელ პოლიტიკოსებს ვაკავშირებ ქართველებთან, ორგანიზებას ვუწევ პრემიერის ინტერვიუებს უცხოური მედიისთვის, ვამზადებ საკონფერენციო ჩართვებს, ვწერ აუარებელ წერილებს. დავრბივარ, დავრბივარ, დავრბივარ… რომ არ ვიგრძნო.

 08.08.08.

ერთი თვის შემდეგ:

ჩემს პატარა და მყუდრო ოთახში, კარის უკან, სავარძელზე მოკუნტული ვზივარ და ვტირი. რა მატირებს? თითქმის მთელი თვის დაგროვილი შიში, დაძაბულობა, სტრესი, უძილობა – აი, რა მატირებს. ეხლა ყველაფერი უკან დარჩა, ეხლა შემიძლია სუსტი ვიყო, შემიძლია უშიშრად ვიტირო და არ ვიფიქრო, რომ ისედაც დაზაფრულ ხალხს ჩემი ცრემლებით უარესად დავზაფრავ…