პიარი?.. ვჭრი რადიატორებს! .. OK!

პიარი?.. ვჭრი რადიატორებს! .. OK!

პიარი?.. ვჭრი რადიოატორებს! .. OK!

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასე 15-16 წლის წინ, როდესაც აქტიურად დავიწყე ფიქრი საკუთარ საქმეზე და პიარ კომპანიის შექმნაზე, დღევანდელისგან კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია იყო: საზოგადოებასთან ურთიერთობის აწყობილი სისტემა მხოლოდ გამორჩეულ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ერთეულ სახელმწიფო სტრუქტურასა და კერძო კომპანიას ქონდა.


პიარი ჯერ კიდევ განიხილებოდა, როგორც სალანძღავ, უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვად. იყვნენ ისეთებიც, ვინც პიარიც იცოდა და „პიარი“-ს შესაბამის კონტექსტში გამოყენებაც, მაგრამ ეს ბედნიერი გამონაკლისი იყო.

შეგიძლიათ მარტივი ექსპერიმენტი ჩაატაროთ და პოლიტიკოსების ძველ ინტერვიუებს გადაავლოთ თვალი. ოღონდ არ შეშინდეთ, თუ მაშინდელ, სიძველისგან გაცრეცილ და გაყვითლებულ გაზეთებში ისევ იმ „პოლიტიკოსებს“ მოკრავთ თვალს, ვინც 20 წლის წინ და ახლაც გვმოძღვრავს მედიიდან.

შალვა ნათელაშვილი 2000 წლის დეკემბერში გაზეთ „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში რამდენჯემე ახსენებს სიტყვას „პიარი“:  „მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარია და მეტი არაფერი“, „ჩემს წინააღმდეგ შავი პიარი ააგორეს“, „ხალხს პიარი არ ჭირდება“ და ა.შ. ეს ის პერიოდია, როცა შალვამ დაამუღამა, რომ რასაც ის აკეთებდა, რის ხარჯზეც სარჩოს შოვნის მშვენიერი სისტემა ააწყო და ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდოდა, ერთი უცხოური (ან საუცხოო) სიტყვით გამოიხატებოდა.

შალვა ამას ცოტა უფრო ადრე მიხვდა, ვიდრე სხვა და პერსონალური ბრენდის უნიკალური მოდელი შექმნა. თუმცა, იყო უფრო მოზრდილი ჯგუფი მოქალაქეებისა, რომელიც პიარსა და ქრისჩიანსაინსმონიტორზუდოიჩეცაიტუნგს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა.

ჯეპრას ჩამოყალიბების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაზე მეტად სწორედ პიარის რაობის ახსნა-განმარტება მიჭირდა. ნაცნობები, მეგობრები ხშირად მეკითხებოდნენ თუ რას ვსაქმიანობდი და მეც ახალი საქმით გულმოცემული ამაყად ვპასუხობდი რომ პიარში ვმუშაობდი. რეაქცია იყო 100 პროცენტით და გარანტირებულად ერთიდაიგივე: პაუზა, უხერხული ღიმილი და შეკითხვების კასკადი, რომელიც ერთი პოპულარული ჯგუფური თამაშისა არ იყოს, თითქოსდა აახლოვებდა მოსაუბრეს ამოუცნობი ენიგმას ამოხსნამდე. რამდენიმე წუთიანი ჭიდილი ძირითადად უშედეგოდ მთავრდებოდა.

თანამოსაუბრებისთვის პიარის მნიშვნელობისა და მისი განხორციელების პროცედურების აღწერის გამარტივების მიზნით, საყოფაცხოვრებო და ადვილად გასაგები, შედარებითი ფორმების გამოყენება დავიწყე. ხშირ შემთხვევაში ამართლებდა კიდეც.

მაგრამ…

ერთხელ…

ნახევარი საათის შემდეგ…

როცა მეგონა, რომ არაფერი მიშველიდა ….

მხსნელად, მაშინ ძალუმად მომრავლებული, ახალი პროფესიის ხალხი მომევლინა.

მესამედ დასმული კითხვა, მაინც რას აკეთებო, რადიოატორების მჭრელების ომახიანმა შეძახილმა ჩააახშო.

– დაახლოებით იმას, რასაც ესენი-მეთქი.
– რადიატორებს ჭრიო? – მკითხა განცვიფრებულმა.
– არა, მე უფრო ის ვარ, ვინც ომახიანად ყვირის მაგაზე-მეთქი, – ვუპასუხე.
– Ok! – ამ ფრაზით დამშორდა კიდევ უფრო დაბნეული და მას შემდეგ ა(ღა)რ შემხვედრია.

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს ძველი ამბავი?

ჰოო, გამახსენდა!

ფეისბუქელმა მეგობარმა რამდენიმე დღის წინ პიარის ვაკანსიის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.

შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გაკეთებული ერთი გამოხმაურება ქართული პიარის არამატერიალურ საგანძურში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.

პიარი?.. ვჭრი რადიოატორებს! .. OK!