პლატფორმა, სახელად ჯეპრა

პლატფორმა, სახელად ჯეპრა

ნოემბრის შუა რიცხვებში ჯეპრას გუნდი სტრატეგიული შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ვიცოდით, რომ ტრადიციად ქცეული შეკრებების თითქმის ერთწლიანი იძულებითი პაუზის შევსება ხმაურიანად და საინტერესო იდეების ურთიერთგაცვლით გამოგვივიდოდა. ასეც მოხდა – წარსულიც გავაანალიზეთ და მომავალზეც საქმიანად ვისაუბრეთ.

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა ჯეპრაში და გასული პერიოდის ანალიზი ამ ცვლილებების არსის კიდევ ერთხელ გარკვევაში დაგვეხმარა.

ალბათ გახსოვთ, რომ ჟამიანობის პირველ ეტაპზე, ყველაზე პოპულარული ტრენდი კომპანიების მიერ დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფის ავკარგიანობის შეფასება, განხილვა და გაზიარება იყო. იმ გაურკვევლობაში ამ მხარდაჭერასაც დიდი მნიშვნელობა ქონდა და თავისი დადებითი როლიც შეასრულა ზუმის, ნოშენის, მითის, ვებექსის, ევერნოუთისა და სხვა დანარჩენის სუსტი და ძლიერი მხარეების საჯაროდ წარმოჩენამ.

მაგრამ ბევრს და, მათ შორის, ჩვენც, სამწუხაროდ, გამოგვრჩა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საკვანძო საკითხის წარმოჩენა: კერძოდ, არავისთვის გაგვიზიარებია, თუ რა სტრატეგიები, რა მეთოდოლოგიები, რა კონცეფციები და რა თეორიები გამოვიყენეთ ამ სიტუაციებთან გამკლავებისას.

ეს რეტროსპექტივა, შეიძლება, მავანისთვის პერსპექტიული ხედვების ჩამოყალიბების საწყისად იქცეს, ჩვენ კი, ჯეპრელებს, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რთული პერიოდის გუნდური ძალისხმევით დაძლევის დეტალებს.

დავიწყოთ.

დავიწყეთ ეიზენჰაუერის მატრიცით. მივბაძეთ აშშ-ს 34-ე პრეზიდენტს და ყველა საქმე დავახარისხეთ შემდეგი კრიტერიეუმის მიხედვით: სასწრაფო/არასასწრაფო და მნიშვნელოვანი/ უმნიშვნელო/. გავანაწილეთ კვადრანტებში და შემდეგ გავწერეთ პასუხისმგებლობები და ვადები. მადლობა, პრეზიდენტო!

ადიზესის კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვა – დაგვეხმარა ნორმალური და ანომალური პრობლემების დაცალკევებაში და ამ უკანასკნელისგან თავის არიდებაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, პანდემიის პირველ დღეებსა და თვეებში.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯეპრაში თვითგანვითარების კვირეულს ვატარებდით, ადიზესის კომპანიების სასიცოცხლო ციკლების მართვის ცნობილ ტეხილზე ჩვენი ადგილის, ჩვენი მონაკვეთის პოვნასა და აღწერილთან შედარებას დიდი დრო დავუთმეთ. ამიტომ არ გაგვიჭირდა ზუსტი ამონახსნების მოძიება და ფუნქციების სწორი მორგება. კომპანიის ლიდერებმა ბევრი რჩევა გაითვალისწინეს, რომ თეორიულად განსაზღვრული და პრაქტიკულად დადასტურებული ხაფანგებისგან თავი დაგვეხსნა.

ლურჯის ოკეანის სტრატეგია – პირველ რიგში, თავისი სტრატეგიული ტილოთი და 4 მოქმედების ფაქტორით გამოვიყენეთ. პირველ მათგანი საიმედოდ გვქონდა დაარქივებული ასეთი შემთხვევებისთვის და ფართოფორმატიან ტილოზე ახალი შესაძლებლობების მიკრომომენტები დავინახეთ. მეორე კი, პროდუქტების პორთფელის რანჟირებაში და ახალ სიტუაციებთან მორგებაში დაგვეხმარა. ეს ყველაფერი შემდეგ ჯეფრი მურის კეგელბანის სტრატეგიასთან შევაზავეთ და განახლებული (მოდიფიცირებული) სერვისებით წარვდექით აუდიტორიის წინაშე.

მიზნების პერმამენტული განახლებისა და, შესაბამისად, სტრატეგიების მუდმივი ცვალებადობის პირობებში, ბევრ ხარვეზთან ერთად, უამრავი დადებითი აღმოვაჩინეთ. ისევე როგორც, თავის დროზე, ოსტერვალდერის ინოვაციური ბიზნესმოდელების კონცეფციამ საშუალება მოგვცა სრულიად ახლებურად გაგვეაზრებინა ჩვენი საკუთარი ბრენდის არსი და დანიშნულება, ატრიბუტები და მისია, ემერჯენტულმა სტრატეგიამ (სტრატეგია, რომელსაც ქმნის ორგანიზაცია მოულოდნელად წარმოშობილი საფრთხეების წინააღმდეგ) ჩვენი ბაზრის თაობაზე სრულიად ახალი წარმოდგენები შეგვიქმნა.

დღეს უკვე დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თავად მე გარკვეული მცდარი შეხედულებების ტყვეობაში ვიმყოფებოდი და რატომღაც ბაზარს მოკლევადიან პერიოდში (საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე საწინააღმდეგოში ვიყავი დარწმუნებული) როგორც მუდმივ სიდიდეს, არაცვლად სისტემას, ისე განვიხილავდი.

ჯეპრაში ბევრჯერ გვიმსჯელია ამაზე, გვიკამათია, მაგრამ კოლეგებს ვერ დავურწმუნებივარ. პანდემიამ ყველაფერი სხვაგვარად წარმოაჩინა (ჯეპრელები მართლები აღმოჩნდნენ) – იცვლება არამარტო ბაზარი, მოგების ტერიტორიებიც მუდმივ დრეიფშია, და ეს ახლა ისე სწრაფად ხდება, რომ თვალსაჩინო და მკაფიოა ყველა დაინტერესებული პირისთვის.

კარგი, ჩემო ძმებო და დებო, ჯეპრელებო! ხომ გავითვალისწინე?! ხომ მოვუღე ბოლო ყველა რეკურსიულ პროცესს? დავლიე დროსტეს ცივი კაკაოც  და არაკლიენტების მსუყე სეგმენტსაც გადავხედე.

რადგან სიტყვა არაკლიენტებზე ჩამოვაგდეთ, ამ ტერმინის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომყენებელი, დოქტორი კლეიტონ კრისტენსენი და მისი ინოვაციების თეორია უნდა გავიხსენოთ.

პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისი „ინოვატორის დილემა“, „ინოვატორის გადაწყვეტა“ და “რა იქნება შემდეგ” ჩვენ მაგიდას არ მოცილებია (უფრო სწორედ დესკტოპს). გარდამტეხი ინოვაციების თეორია დაგვეხმარა მეთოდოლოგიური ნოუ-ჰაუს დახვეწაში და ბაზრისთვის ახალი სტანდარტების კიდევ უფრო მაღალი თამასის შეთავაზებისკენ გვიბიძგა. რესურსების, პროცედურებისა და ღირებულებების თეორიამ რესურსების სწორი მობილიზაცია, პროცედურების სწორი  რეორგანიზაცია და ღირებულებების ისეთნაირად გადაფასება გვასწავლა, რომ პერსპექტიული პროექტების პრიორიტეტულ პროექტებად გარდაქმნა უკვე მინიმალურ დროში შეგვიძლია. თუმცა, კრისტენსენის თეორიებიდან ყველაზე მეტად მისი ღირებულების შექმნის ჯაჭვის განვითარების თეორია გამოვიყენეთ. დოქტორი კრისტენსენი კარგად აღწერს ღირებულებათა ჯაჭვის ინტეგრალურ და მოდულურ ბუნებას. იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც ახლა პანდემიურ და შემდეგ – პოსტპანდემიურ სამყაროში და მათ შორის, საქართველოშიც ხდება და მოხდება, თავად ჯეპრას ხელახალი ტრანსფორმაციის საჭიროებას წარმოშობს.

ერთის მხრივ, ჩვენ გარკვეულ ინტეგრაციას და ურთიერთდამოკიდებულ არქიტექტურას ვინარჩუნებთ კომპანიის შიგნით, რითაც ღირებულების შექმნის ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვან უბნებზე ჩვენი კომპეტენციის ოაზისებს ვტოვებთ, ხოლო, მეორეს მხრივ, ვხსნით საზღვრებს და ჩვენ საქმიანობას პლატფორმის სახეს ვაძლევთ. ვეძებთ (ვიპოვეთ კიდეც უკვე რამდენიმე) ისეთ პროფესიონალებს, რომლებიც ამ პლატფორმის ფარგლებში სერვისების გაფართოებაში დაგვეხმარებიან და ჩვენთან ერთად შექმნიან ახალ ღირებულებებს პროფესიული სერვისების მიწოდებაში.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ცალკე ეკოსისტემას, თუნდაც ჩვენი ბაზრის მოცულობიდან, სფეროს სპეციფიკურობიდან და რესურსების უკმარისობიდან გამომდინარე, უახლოეს ხანებში ვერ ჩამოვაყალიბებთ, თუმცა, პლატფორმისკენ გადადგმული ნაბიჯი, ეკოსისტემის სამომავლო პერსპექტივებს თვალთახედვის არეში მოაქცევს.

ზრდის ექსპერიმენტული ზონები არ შეუშლის ხელს ჯეპრას მხარდამჭერი ინოვაციების გაფართოებაში, პირიქით გარკვეულ ეტაპზე, ორგანიზაციაში ახალი გუნდების ბუნებრივ ინტეგრაციას უზრუნველყოფს და კომპანიას გარდამტეხი ინოვაციების მოძიება-მოპოვებაში და შემდეგ დანერგვაში დაეხმარება.

ეს ალბათ მცირე, თუმცა გამორჩეული ჩამონათვალია იმ თეორიების, კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების, რომელზე დაყრდნობითაც პანდემიის პირობებში ბევრი ამოცანისა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან, როგორც თავში აღვნიშნე, მხოლოდ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების (როგორც შემდგომ აღმოჩნდა მთელი მსოფლიოსიც) გამოცდილება არ იყო საკმარისი ყოვლად გაურკვეველი სიტუაციის დასაძლევად. გვჯერა, რომ მეცნიერულ ნაშრომებში ყოველთვის მოიძებნება გადაწყვეტების ბრძნული გზები. ამიტომაც გავკადნიერდი და ჩვენი გამოცდილება გაგიზიარეთ.

ერთადერთი, ვის მიმართაც მეცნიერული თეორიები არ გამოგვიყენებია, ჩვენ თანამშრომლები იყვენენ. აქ მხოლოდ გულით ვიმოქმედეთ და გულითადი პასუხიც მივიღეთ. პანდემიასაც ერთად ვუმკლავდებით და ცვლილებებიც მარტივად გავიაზრეთ.

განხორციელებისთვისაც მზად ვართ.