ინტერვიუ: თაკო ვარამაშვილი კორპორაციული მდგრადობის შესახებ

ინტერვიუ: თაკო ვარამაშვილი კორპორაციული მდგრადობის შესახებ

ყველაზე მეტად რომელი მცდარი წარმოდგენებია გავრცელებული კორპორაციული მდგრადობის შესახებ?

პირველი და ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა კორპორაციული მდგრადობის ქველმოქმედებასთან ან სპონსორობასთან გაიგივებაა. CSR საკმაოდ ახალი თემაა განსაკუთრებით საქართველოში, შესაბამისად ორგანიზაციები ნელ-ნელა იწყებენ უფრო გლობალურად აზროვნებას და მოქმედებას, გარემოზე და თანამშრომლებზე ზრუნვას, რაც ,რა თქმა უნდა, ცდება მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას და ბევრად დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

მეორე მცდარი წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში პატარა და საშუალო ბიზნესებს უკავშირდება, რომლებიც ფიქრობენ რომ მათ არ აქვთ დიდი ფინანსური რესურსი და შესაბამისად ვერ შეძლებენ CSR აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას. სინამდვილეში ძალიან მცირე ორგანიზაციასაც შეუძლია იყოს პასუხისმგებლიანი, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებები, დაიცვას შრომითი უფლებები, იზრუნოს თანამშრომლებზე და სხვა დაინტერესებულ მხარეებზე და თუნდაც ძალიან მცირე ფინანსური რესურსებით კონკურენცია გაუწიოს დიდ ორგანიზაციებს.

რა არის ყველაზე დიდი ცვლილება CSR- ში მას შემდეგ, რაც თქვენ ამ მიმართულებით დაიწყეთ საქმიანობა?

5 წლის წინ მეც პირველად გავიგე ტერმინი კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობა (CSR). მაშინ სულ ახალი დაარსებული იყო CSR კლუბი, სადაც სულ რამდენიმე ორგანიზაცია იყო გაწევრიანებული. კლუბის მაშინდელ მიზანს ბიზნესში და ზოგადად საზოგადოებაში CSR- ის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობდით და CSR კლუბის ორგანიზებით ძალიან საინტერესო აქტივობები განხორციელდა. ჩატარდა ორი CSR კვირეული, ორი კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო, არაერთი შეხვედრა ქალთა გაძლიერების თემაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერების საკითხებზე, გარემოს დაცვაზე თუ სხვა.

თვითონ ტერმინიც შეიცვალა და ბოლო პერიოდში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა(CSR)  უკვე კორპორაციული პასუხისმგებლობით (CR) ან კორპორაციული მდგრადობით ჩანაცვლდა. დღეს უკვე საქართველოში კომპანიების უმეტესობას კარგად ესმის კორპორაციული პასუხისგებლობის მნიშვნელობა და აუცილებლობა. ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიხვდნენ, რომ რთულია ასეთ კონკურენტულ გარემოში შენი ბიზნესი იყოს წარმატებული, თუ არ გეყოლება ლოიალური თანამშრომლები და მომხმარებლები. მათი ნდობის მოპოვება და ლოიალურობა კი პასუხისმგებლიანი ორგანიზაციის პირდაპირპროპორციულია.

რატომ უნდა იყვნენ ორგანიზაციები აქტიურები კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით, მაშინ როცა ეს ნებაყოფლობითია და არ არის ვალდებულება? 

დიახ, ეს არ არის ოფიციალური ვალდებულება, მაგრამ არის ორგანიზაციების კეთილი ნება იყვნენ პასუხისმგებლიანები და ეთიკურები, რაც საბოლოო ჯამში მათ მოგებას მოუტანს.

2015 წელს, გაეროს 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, რომელიც მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვას. ორგანიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ მოარგონ ეს მიზნები თავიანთი საქმიანობის მიმართულებებს და დაიწყონ ნაბიჯების გადადგმა, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს გარემოში.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, თანასწორობა დასაქმების ადგილზე ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-იან ზრდას გამოიწვევს და კომპანიები, რომლებსაც მრავალფეროვანი სამუშაო ძალა ჰყავთ 39 % -ით უფრო მაღალია მომხმარებელთა კმაყოფილება და 27 %-ით უფრო მეტი მოგება აქვთ.

და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, აუცილებელია იმის გააზრება, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობა არის ბიზნესისადმი სტრატეგიული მიდგომა და არ არის მოკლევადიანი კამპანია, რომელიც დაიწყება და დასრულდება. კორპორაციული პასუხისმგებლობა აძლიერებს ბიზნესის რეპუტაციას, კონკურენტუნარიანობას, ზრდის თანამშრომლების და მომხმარებლების ლოიალურობას, აძლიერებს ინვესტორების ნდობას და ზრდის კაპიტალს.