ყოველ დღე, სკოლიდან მოყოლებული, სამხატვრო აკადემიის, სამსახურის გზები, სახლთან სიახლოვის გამო, თითქმის ერთი მაქვს, ამიტომაც, ერთ გზებს ვტკეპნი. როცა ჯერ კიდევ პატარას, დედა მატარებდა სკოლაში, მაჩვევდა და მიხსნიდა, თუ რატომ უნდა დავხმარებოდი გაჭირვებულს. ცოტა რომ წამოვიზარდე, იგივე გზაზე მიმავალი, სიამოვნებით ვუგდებდი ხურდას გამოწვდილ ხელს, მაგრამ დრო გავიდა და გაჭირვებულები, რომლებიც ბავშვები იყვნენ, ან რომლებიც გიტარაზე უკრავდნენ, ან რომლებიც უბრალოდ იდგნენ, ისინიც ჩემთან ერთად გაიზარდნენ და დაბერდნენ კიდეც. ახლა 24 წლის ასაკში, ვერიდან თავისუფლების მოედნამდე, რაც უნდა სასაცილო იყოს, უხეშად რომ ვთქვათ, ხელგამოწვდილ ადამიანებს, უკვე შერჩევის პრინციპით ვეხმარები. „ნაცნობ“ მათხოვრებს, უბრალოდ აღარ, თუ მოხუცები არ არიან.
როგორ ავარჩიოთ გაჭირვებული?
თუ დილით ვინმეს დახმარების სურვილით გაიღვიძეთ, ჩემი აზრით, ხელგამოწვდილ მოხუცს, აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, რადგან სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია, იმ მედიკამენტითაც კი არ უზრუნველჰყოფს მათ, რაც სჭირდებათ.
ასევე, ალბათ, უნდა დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, თუმცა, გაჭირვებული, რომელიც თავისი „მოჭრილი ფეხით“ მანიპულირებს, ჩემში საპირისპირო ემოციას იწვევს და მინდება, რაც შეიძლება მალე გავეცალო მას, რადგან ქვეცნობიერად მეუბნება: „მე დამეხმარე და არა მას“! უმჯობესია, არ დაეხმაროთ ფულით პატარა ბავშვებს, სჯობს ჰკითხოთ თუ მშიერია და დააპუროთ, ან უბრალოდ, რაიმე გასახარებელი ნივთი, მაგალითად, სათამაშო აჩუქოთ მას. მე პირადად, დაკვირვებისა და ემოციის საფუძველზე ვეხმარები ხელგამოწვდილ ადამიანს.
მაგალითად, ის ბაბუა, რომელიც ვერის ბაღის მიწისქვეშა გადასასვლელში ლურჯი ქურთუკით, თეთრი წვერით, გიტარითა და ოდნავ გადახრილი თავით დგას კედელთან, პიკასოს ნახატს მაგონებს და ღრმა შეგრძნებებს იწვევს ჩემში. მასზე ფიქრი, დღიდან დღემდე დამყვება და მიწისქვეშა გადასასვლელში ფეხის შედგმისთანავე, მასთან შეხვედრის მოლოდინი მაქვს.
გაწვდილი ხელი-რეალური გასაჭირი, თუ სამსახური? ხანდახან მიჩნდება კითხვა და ვცდილობ, მაინც არ შევადარო ერთმანეთს, თუმცა ფაქტები, ისევ რეალობაში მაბრუნებენ, რომლებიც სამსახურს უფრო ჰგავს.
მახსოვს, ბავშვობაში, ჩემი სახლის ეზოში, 9 წლამდე ბიჭი მოვიდა და ფული გვთხოვა ეზოში მოთამაშეებს. ჩვენ გამოვეხმაურეთ და მოგვიყვა, რომ სახლში ყოველდღე 20 ლარს თუ არ მიიტანდა, დედა მას აუცილებლად სცემდა. რა ფსიქოლოგიური პრობლემები მოჰყვება ასეთი მეთოდებით გაზრდილ ბავშვს? ალბათ, დედას ეს საკითხი, სულაც არ ანაღვლებს, რადგან „უჭირს“ და შესაძლოა, იმასაც ფიქრობს, რომ მეტი ბავშვი, მეტი შემოსავალია.. ფაქტი ერთია, “მათხოვრობა” სამსახურად იქცა.
ბევრია ისეთიც, რომლებსაც არაფერი ეტყობათ უუნარობის. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მათი დანაშაული არ არის. სახელმწიფოც არ არის დაინტერესებული, მათ შესთავაზოს სამსახური ისეთი ანაზღაურებით, რომელიც ადამიანს განვითარების, გაზრდის საშუალებას მისცემს..
როგორ უნდა შეაჩეროს მთავრობამ ეს უსასრულო პროცესი? ალბათ არ ფიქრობს და დღითიდღე იმატებს გაჭირვებულთა სია, რა თქმა უნდა, ეს თემა ვერასოდეს შეჩერდება, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველობა, ამყარებს “მათხოვრობის” სისტემას.
ცივილიზაცია, სოციალური სტაბილურობის გარეშე არ არსებობს. ინდივიდი თუ სტაბილური არ არის, სოციალურ სტაბილურობასაც ვერ მივიღებთ. ქვეყნისა და ერის განვითარებისთვის, დროა სახელმწიფომ დაიწყოს ამ საკითხზე ზრუნვა.. სხვაგვარად წინ ვერ წავალთ! თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ მთავრობა ღარიბ, ან მშიერ ადამიანს მარტივად მართავს!