აბიტურიენტი ისე გავხდი, ზუსტად მაშინაც კი არ ვიცოდი სად უნდა ჩამებარებინა, რა უნდა მესწავლა, ვინ უნდა გამოვსულიყავი. რა თქმა უნდა, მქონდა გარკვეული ხედვები, მაგრამ არავითარი კონკრეტიკა ამ გეგმეში არ ისახებოდა. გავითვალისწინე ყველა და ყველაფერი (ოჯახი, მეგობრები, ნათესავები, მეზობლები) და ჩავაბარე/იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა. მერე მივყვებოდი დინებას – ერთ სემესტრს მეორე ცვლიდა, მეორეს მესამე და უკვე კურსებიც რომ იცვლებოდა, ცოტა შიში მეუფლებოდა. ამ შიშს მომავლის შიშს ნამდვილად ვერ დავარქმევ, მაგრამ ალბათ გამოუცდელობის შიში ნამდვილად ერქვა. შიში მქონდა იმის, რომ საკუთარი ადგილი არ მქონდა ნაპოვნი, ზუსტად არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ფინალი – რას გავაკეთებდი მეოთხე კურსის დამთავრების შემდეგ; ვიმუშავებდი სადმე ,,კარგ ადგილას’’ თუ შემოვდებდი ჩემს ,,ნაწვალებ’’ დიპლომს თაროზე და გავყვებოდი დინებას. რაც უფრო ახლოვდებოდა ,,ფინალი’’ მით უფრო მძაფრდებოდა შიში და რაღაცნაირ სუნსაც იძენდა.
გამართლების არ მჯერა! მჯერა შრომის და ამ შრომით მიღებული შედეგის. ეს შედეგი დადგა, როდესაც გაცვლით პროგრამაში გავიმარჯვე და გერმანიაში 1 სემესტრით წასვლისა და სწავლის საშუალება მომეცა. შიში აქაც მოვიდა, ეჭვები აქაც იყო. თითქოს არაფერი, მაგრამ 3 თვით საზღვარგარეთ წასვლა, ყველასგან შორს, ცოტა რთულად მესახებოდა. ამის მიუხედავად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩავალაგე ღრმად პატივცემული ბარგი და გავეშურე გერმანიისაკენ. გერმანიაში მანამდეც ვიყავი ნამყოფი, მაგრამ არა სასწავლებლად. რამდენიმერ ქალაქი დავათვალიერე. ახლა უკვე დიდი ხნით და მიზნით წავედი. მოლოდინი არაფრის არ მქონდა, უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი ნახევარი სემესტრით ,,იქ’’ სწავლა წინ წაწევდა და ერთ დიდ პლიუსს დაუწერდა ჩემს მაშინ ჯერკიდევ არშემდგარ რეზუმეს. მამაჩემი მეუბნებოდა ,,ენას მაინც გაავარჯიშებო…” პრინციპში, რატომაც არა, ეგაც მაწყობდა.
პირველი ემოცია რაც დამეუფლა იყო ქაოსი. საქართველოში მშვიდ ცხოვრებას მიჩვეული, სტუდენტურ ქალაქში ჩასულმა თავი სრულ ქაოსში ვიგრძენი. ყველა სადღაც გარბოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა, ყველას რაღაც გეგმა ჰქონდა ირგვლივ, ჩემ გარდა. პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა, მეც უნდა დამესახა გეგმები/მიზნები. ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, დროში განსაზღვრული და სივრცეში გაზომვადი მიზნებისა და მისწრაფებების მთელი სპექტრი გადაიშალა. მოვხვდი სრულიად უცხო, ახალ გარემოში, სადაც დრო ყველასთვის ყველაზე ღირებული აქტივი იყო და სწორედ ამ დროის მენეჯმენტი იყო მთავარი. დამხვდნენ ადამიანები, რომლებსაც ზედმიწევნით კარგად ჰქონდათ შესწავლილი კურიკულუმი, წინასწარ, დამოუკიდებლად იცნობდნენ ლექტორებს, თითოეული სალექციო კურსიდან იცოდნენ რა ცოდნას მიიღებდნენ, მაშინ, როცა მე წარმოდგენაც კი არ მქონდა სად მივდიოდი. ყოველდღიურად მეცადინეობა ჩემი დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდა. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, საკუთარ თავს თვითონ ვერ ვცნობდი. სადაც ჩავედი, “იქაური ქუდი დავიხურე” (მინდა აღვნიშნო, რომ ქუდი იდეალურად მომერგო).
ნელ-ნელა გადავეწყე იქაურ ცხოვრების სტილზე. დილით, რა თქმა უნდა, ადრე ვდგებოდი არცერთი წუთის დაკარგვა არ ღირდა. უნივერსიტეტში ცოდნის მიღების გარდა ბევრი საინტერესო ადამიანის აღმოჩენას და მათთან სხვადასხვა თემებზე საუბარს ვცდილობდი. უნივერსიტეტის მერე აუცილებლად ვმეცადინეოდბი, შაბათ-კვირას კი დასვენებას, გართობას და მოგზაურობას ვუთმობდი. ყველაფერი იდეალურად გამომდიოდა. მაშინ, როცა ადრე სემესტრის დამთავრება ისე მინდოდა, რომ საგანი არ “შემტენოდა,” ახლა კურსზე საუკეთესოდ სწავლა იყო ჩემი მიზანი. ნელ-ნელა ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო და საჭირო ხდებოდა. ზუსტად ვიცოდი რომ ჩამოვიდოდი სად წავიდოდი, რას გავაკეთებდი.
მოკლედ, მეგობრებო, ამით იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში გამოწვევები მუდმივად დგება, სიახლის შიში ნორმალური და მოსალოდნელი მოვლენაა, მაგრამ უნდა ვისწავლოთ როგორც საკუთარ თავთან, ასევე გარემოებებთან ბრძოლა და არ დავკმაყოფილდეთ არსებულით. ვებრძოლოთ სიზარმაცეს, შიშებს, არაჯანსაღ დამომკიდებულებებს და საერთოდ ყველაფერს, რაც ჩვენს მიზნებსა და ჩვენს შორის დგას.
ადამიანის ირგვლივ არსებული გარემო ბევრს ნიშნავს, გარემო იწვევს როგორც მოტივაციას, ისე დემოტივაციას. საშუალო არაფერი არსებობს მაშინ, როცა საქმე ჩვენს მიზნებს, მისწრაფებებს და ოცნებებს ეხება. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ოცნებები მიზნებად გადაიქცევიან, მიზნები პატარა დაბრკოლებებად, ამ დაბრკოლებების გადალახვა კი სიამოვნებად, რომელიც ჩემი აზრით, ცხოვრებაში ყველაზე მაგარს, ბედნიერებას გვანიჭებს.