წარმატებული, მოტივირებული და ლოიალური თანამშრომლების გუნდი ყველაზე ძლიერი არამატერიალური აქტივია, რომელსაც შეუძლია კომპანიის ფინანსური და მატერიალური აქტივის მუდმივი ზრდა და სტიმულირება.
კომპანიები, რომლებსაც გრძელვადიანი მიზნები ამოძრავებთ, ორიენტირებულები უნდა იყვნენ გრძელვადიანი გუნდის ფორმირებაზე.
ხშირად ხდება, რომ მენეჯერი უბრალოდ თავს უყრის სხვადასხვა პროფესიონალებს და იმედოვნებს, რომ ეს ხალხი ერთ დღეს შეძლებს ერთად მუშაობას. არადა, გუნდი წარმატებულია მაშინ, როდესაც მისი წევრები წინასწარ განსაზღვრული პრინციპის მიხედვით არიან შერჩეული და მათი გუნდის წევრობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს. რა არის საჭირო ეფექტური გუნდის შექმნის, განვითარებისა და მხარდაჭერისათვის?
– დასახეთ მკაფიო მიზნები, რომლებიც უნდა შეასრულოს გუნდმა. მიზანი შესაძლოა იყოს ერთი კონკრეტული სამუშაოს შესრულება ან კომპანიის გრძელვადიანი მიზანი; მიზნები აუცილებლად უნდა იყოს ფორმალიზებული და მომავალში უნდა იქნას გამოყენებული გუნდის წევრებისათვის წლიური სამუშაო გეგმის დასახვისას. მიზნები უნდა იყოს გაზომვადი, რათა შეფასების დროს არ დარჩეს ინტერპრეტაციის საშუალება. არ დაგავიწყდეთ მიზნების საჯარო განხილვა გუნდის წევრებთან ერთად;
– მოახდინეთ გუნდის წევრთა შორის კომუნიკაციის საშუალებების იდენტიფიცირება: დასაწყისშივე განსაზღვრეთ კომუნიკაციის საშუალებები – ელ. ფოსტა, ჯგუფური შეხვედრები, ინდივიდუალური შეხვედრები, დახურული გვერდები სოციალურ ქსელში, ელექტრონული გაზეთი, რეპორტები და ა.შ. კომუნიკაციის როგორი ფორმაც არ უნდა აირჩიოთ, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ინტენსიური და გუნდი მუდმივად და დროულად იყოს ინფორმირებული;
– განსაზღვრეთ გუნდში გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. გუნდის წევრებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ, თუ ვინ, რა პროცედურით და რა ვადებში იღებს გადაწყვეტილებას მათ საქმიანობასთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდურად გადაწყვეტილების მიღება და გუნდში პასუხისმგებლობის განაწილება წარმატების ხელშემწყობი ფაქტორია;
– როგორც ხელმძღვანელმა, შეიმუშავეთ კრიზისის მართვის გეგმა. ყველაზე წარმატებულ გუნდსაც კი შესაძლოა დაუდგეს კრიზისული პერიოდი. ამ დროს ხელმძღვანელი მზად უნდა იყოს სიტუაციის განმუხტვისათვის;
– შეიმუშავეთ თანამშრომელთა დაქირავების და პერსონალის მართვის პროცედურები და გააცანით ის გუნდის წევრებს. მათ უფლება აქვთ იცოდნენ დამქირავებლის პოლიტიკა თანამშრომელთა შრომის პირობების, სწავლების, განვითარების, მოტივაციის და სხვა საკითხების მიმართ;
– გამიჯნეთ მოვალეობები და ფუნქციები გუნდის შიგნით და ამავდროულად უზრუნველყავით თანამშრომლური დამოკიდებულება გუნდის წევრთა შორის;
– წარადგინეთ გუნდის ლიდერი, რომელსაც დაექვემდებარება გუნდი. ლიდერმა უნდა დასახოს სამუშაო გეგმა, აკონტროლოს გეგმის შესრულება და კომუნიკაცია გუნდის წევრთა შორის. ლიდერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებების მიღებაზე და გაუნაწილოს პასუხისმგებლობა სხვებს.
– წარმართეთ უწყვეტი შიდა კომუნიკაცია. გამოყავით პიროვნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გუნდის წევრებმა რეგულარულად მიიღონ ინფორმაცია სამუშაოს, გუნდის და კომპანიის შესახებ;
– შეაქეთ გუნდის წევრები, მათ მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს გამო. მოაწყეთ განხილვა, თუ ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო – ეცადეთ მიზეზების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ;
– ყოველი წლის ბოლოს შეაფასეთ თითოეული გუნდის წევრის მიერ წლიური სამუშაო გეგმის შესრულება. შეფასება უნდა იყოს გამოხატული კონკრეტულ პროცენტებში და ციფრებში და აუცილებლად უნდა იყოს განხილული მის მიმღებთან. თანამშრომელმა უნდა იცოდეს თუ რას ნიშნავს მისი მიღებული 9 ქულა ან 90%. განიხილეთ მასთან ერთად წლის შედეგები, მიუთითეთ სისუსტეებზე, რომლის გამოსწორებაზეც უნდა იზრუნოს მომდევნო წელს და ძლიერ მხარეებზე, რომელიც უნდა მეტად განავითაროს;
– აღნიშნეთ გუნდის მიღწევები და რთული სამუშაო კვირის დასასრული არაფორმალურ გარემოში;
– დააჯილდოვეთ თქვენი გუნდის წევრები. ჯილდო მრავალნაირი არსებობს. ფულადი ჯილდო მოტივაციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა ის არ წარმოადგენს გრძლევადიანი მოტივაციის ინსტრუმენტს. მოტივაციისთვის წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი გამოსასვლელი დღე, სწავლების და ტრენინგების დაფინანსება, პერსონალური საჩუქარი თანამშრომლის სამსახურში მუშაობის დაწყების დღის აღსანიშნავად.
– რაც მთავარია, ხშირად გადაუხადეთ მათ მადლობა. „მადლობა, რომ ეს რთული კვირა თავდაუზოგავად იშრომეთ და ჩემს გვერდით იდექით“ – ასე დაემშვიდობეთ გუნდის წევრებს პარასკევ საღამოს. აღნიშნეთ მათი როლი და მნიშვნელობა; დაარწმუნეთ, რომ „საქმე“, რომელსაც შეეჭიდეთ მათ გარეშე არ გამოვა.
– თანამშრომელი, რომელიც თავს „საქმის“ მნიშვნელოვან ნაწილად გრძნობს, თავდაუზოგავად იშრომებს ამ „საქმის“ და შესაბამისად თქვენი წარმატებისათვის.