ვბრაზდები ხოლმე, რომ პირისპირ კომუნიკაციის საშუალება გაურკვეველი ვადით მაქვს დაკარგული

ვბრაზდები ხოლმე, რომ პირისპირ კომუნიკაციის საშუალება გაურკვეველი ვადით მაქვს დაკარგული

ჯეპრას მედია მენეჯერი ნინი მეტრეველი 2020 წელს აფასებს. 

რა შეიცვალა 2020 წელს შენთვის? რაზე დაგჭირდა მეტი მუშაობა, რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდი პროფესიულად და როგორ უმკლავდები დღემდე ამ ახალ რეალობას? 

2020 წელს, მგონი, ყველასთვის ყველაფერი შეიცვალა. პირველი გამოწვევა იმ აზრთან შეგუება იყო, რომ სახლიდან, პრაქტიკულად, აღარ უნდა გავსულიყავი. მთავარი პროფესიული სირთულე კი გუნდთან, კლიენტებთან და მესამე მხარეებთან მუდმივად დისტანციურ რეჟიმში კომუნიკაცია იყო. იყო და არის. თითქოს, შევეგუე, ავაწყვე რაღაც სისტემის მსგავსი, მაგრამ ხანდახან მაინც ვბრაზდები ხოლმე, რომ პირისპირ კომუნიკაციის საშუალება გაურკვეველი ვადით მაქვს დაკარგული. სერიოზული გამოწვევა იყო კონცენტრირების საკითხიც. სახლში მუშაობისას ხან რა მიფანტავდა ყურადღებას, ხან რა. მაგრამ ეს პრობლემა მალევე მოვაგვარე საკუთარი თავისთვის რეჟიმის დაწესებით. მოკლედ, მეც ზუსტად ისეთი საკითხები მაწუხებს ამ პერიოდში, როგორიც ყველა სახლიდან მომუშავე ადამიანს. ოფისის ყავა მომენატრა…

აღწერე შენი სამსახური სიტყვების „პიარი“, „მარკეტინგი“ და „კომუნიკაციები“ ხსენების გარეშე.

მედია გეგმა, სიუჟეტი, კადრ-სინქრონი, პრეს-რელიზი, სტატია, რეპორტი… შემიძლია გავაგრძელო უსასრულოდ.

გვაჩვენე შენი სამუშაო მაგიდა და გვითხარი, რატომ გამოიყურება ასე?

სამუშაო მაგიდა ნებისმიერ ადგილას შემიძლია მოვაწყო, სადაც ლეპტოპს დავატევ. ბოლო დროს მისაღებში მოვთავსდი. ლეპტოპი – ჟურნალების მაგიდაზე, ბავშვი – ბაუნსერში, ტელეფონი – ხელში, ნაძვის ხე – კუთხეში და რაც მთავარია, ტელევიზორში სულ საინფორმაციოა ჩართული. ვუყურებ თითქმის ყველა არხის ყველა საინფორმაციოს. ერთ არხზე რომ დამთავრდება, მეორეზე ვრთავ. ისე, ვუყურებ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ვუსმენ. თუ საქმეში ვარ ჩართული, არც ვუსმენ. მოკლედ ტელევიზორი გამორთული არ შეიძლება, თორემ რაღაც გამომრჩება და ნერვები მომეშლება.

რა იყო შენთვის, როგორც პიარ კონსულტანტისთვის ყველაზე გარდამტეხი გამოწვევა?

მე მგონი, 2020 წელს პიარ კონსულტანტს კი არა, ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ერთი გარდამტეხი გამოწვევა ჰქონდა – ესწავლა სახლიდან მუშაობა. მეც მათ შორის ვარ. მაგრამ, როგორც პიარ კონსულტანტს, სხვა დამატებითი გამოწვევები მქონდა. მაგალითად, ონლაინ დისტანციური ბრიფინგების, პრესკონფერენციების და ტრენინგების ორგანიზება; გადაღებების დისტანციურად მართვა; ალტერნატიული ღონისძიებების და აქტივობების მოფიქრება. ეს ყველაფერი ბოლოს აზარტულიც კი გახდა.

დაგვისახელე სამი ადამიანი (სხვა სფეროებიდან), ვინც ხშირად არის შენი შთაგონების წყარო.

აუცილებელია, რეალური იყოს? იმიტომ რომ ასეთი არავინ მახსენდება. ჩემი შთაგონების წყაროები სულ ლიტერატურული გმირები არიან ხოლმე. მაგალითად, ტომ სოიერი, რომელიც არასასურველ საქმეს, ფაქტობრივად, ბიზნესად აქცევს. სულ მინდა, ეგეთი სტრატეგიით ვიცხოვრო, ვიმუშაო და მგონი ხანდახან გამომდის კიდეც. პეპი – დამოუკიდებლობის, სიძლიერის და „რასაც მინდა გავაკეთებ“-ის სიმბოლო. შემიძლია, ბავშვობიდან გამოვიდე და ატიკუს ფინჩიც დავასახელო, იმიტომ რომ ატიკუსი ყველაფერი კარგის ერთობაა, მათ შორის, პროფესიონალიზმისა და საკუთარი საქმის მიმართ ერთგულების. აქაც შემიძლია, უსასრულოდ გავაგრძელო ხოლმე… გააჩნია, რა ხასიათზე ვარ.