ქოფირაითინგი გუშინ დღეს და ხვალ

ქოფირაითინგი გუშინ დღეს და ხვალ

სამყაროს დასაბამიდან არსებობს მარკეტინგი, რეკლამა და საკუთარი მესიჯის აუდიტორიამდე მიტანის მცდელობა.

ჯერ კიდევ როდის, იულიუს კეისარი, თავისი დიდი გამარჯვებების აღსანიშნავად, მთელს მოსახლეობას შეკრებდა და დიდ დემონსტრაციებს ატარებდა, რათა ყველას გაეგო მისი ძალაუფლებისა და დიდებულების შესახებ. რომის პაპი ურბან  II შთამაგონებელი ფრაზებით უხმობდა მეომრებს, დაეცვათ წმინდა მიწა…

მესიჯის აუდიტორიამდე მიტანის კონტექსტი იცვლება, მაგრამ მეთოდები უცვლელი რჩება. მთავარი, რასაც კომპანიები მიელტვიან, მომხმარებლის ინსაითების გაცნობა და მათზე საკუთარი შეთავაზების მორგებაა. ქოფირაითინგი კი ამაში ყველაზე უკეთ  გვეხმარება.

ექსპერტები რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გვაძლევენ, თუ რა უნდა გაითვალისწინონ სიტყვის ოსტატებმა, იმისთვის, რომ საკომუნიკაციო ხმაური გაარღვიონ და მომხმარებლის ყურადღება დაიმსახურონ. ყურადღება, რომელიც დღეს, მძლავრი კონკურენციის ფონზე, ძალიან იშვიათი და ძვირფასი გახდა.

  1. მიმოიხედე ირგვლივ: გაეცანი იმ კონტექსტს, რომელშიც წერ: რა ხდება საკითხის ირგვლივ, ვინ არის ის აუდიტორია, ვისაც გინდა შენი სიტყვები მიწვდეს? გადახედე, თუ რა დაწერილა ამ საკითხზე შენამდე. ეს დაგეხმარება, არ გამოტოვო მნიშვნელოვანი, მაგრამ იპოვო შენი უნიკალური ნიშა, სათქმელი და წერის სტილი, რომელიც გამოგარჩევს სხვებისგან და დაგეხმარება შეაჩერო მომხმარებელი, როცა შენს ასქროლვას აპირებს.
  1. იყავი იულიუს კეისარი: გახსოვდეს, ადამიანები მხოლოდ მაშინ მოგისმენენ, თუ შეძლებ ისინი იმ მუხტით აავსო, რომელიც შენ გაქვს. ამისთვის კი, პირველ რიგში, იყავი გულწრფელი, ისაუბრე ფაქტებზე დაყრდნობით, მაგრამ არა ფაქტებზე, რადგან მომხმარებელს არ აინტერესებს, თუ რამდენი მეგაპიქსელი აქვს შენს ახალ ანდროიდს, მას უნდა მეგობრებს გაუზიაროს თავისი მოგზაურობის კადრები, ან წლების შემდეგ, ფოტოს ნახვისას, გაიხსენოს თავისი თავგადასავლები. რა თქმა უნდა, ფაქტები მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი მესიჯის გასამყარებლად, მაგრამ მთავარი მაინც ის ემოციური სარგებელია, რის მიღებასაც მომხმარებელი ცდილობს ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას.
  1. თვალი ჭამს და თვალი სვამს: კარგ ქოფირაითერს არამხოლოდ საჭირო სიტყვების მოძებნა შეუძლია, არამედ მას აქვს კარგი წარმოსახვის უნარიც. იმისთვის, რომ ჩვენმა მესიჯმა გადაცუროს ხომალდებით გაჭედილი ოკეანე და მომხმარებლის სანუკვარ გულამდე მიაღწიოს, კარგი ქოფი გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი ვიზუალური მასალით, რაშიც ასევე დიდი წვლილი შეაქვს ქოფირაითერს და ის აქტიურად უნდა იყოს ჩართული მისივე ტექსტის ვიზუალურად წარმოჩენაში.
  2. იყავი ერთი ადამიანი: აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებს თავიანთი სპეფიციკა აქვთ და ჩვენი კონტენტიც შესაბამისი უნდა იყოს. ასე მაგალითად, ფეისბუქზე შესაძლოა გვქონდეს უფრო ოფიციალური სახის კონტენტი და შესაბამისად საკომუნიკაციო ტონი, მაგრამ ტიკ-ტოკზე გასართობი ხასიათის. ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და აშკარაა, თუმცა მნიშვნელოვანია, ყველგან  გვქონდეს ჩვენი წითელი ხაზი –  გვახსოვდეს, ვინ არის ჩვენი ბრენდი, როგორი არქეტიპი, ისტორია და  ღირებულებები აქვს მას, ისევე როგორც ადამიანს და ყოველთვის ვეცადოთ,  შევინარჩუნოთ ბრენდის მთავარი მახასიათებლები მესიჯის მომხმარებლამდე მიტანისას. განურჩევლად იმისა, თუ რომელ არხში ვანთავსებთ კონტენტს – ნუ დავკარგავთ ბრენდის იდენტობას.

დაბოლოს, ყოველთვის ეძებე და იკვლიე მომხმარებლის აღქმები, რწმენა-წარმოდგენები და მოსაზრებები. გვახსოვდეს : ,,არ აქვს მნიშვნელობა ფაქტებს, მთავარია, თუ როგორ აღიქვამს მას შენი მომხმარებელი.’’