ფრუსტრირებული Z მექსიკაში, ანუ კულტურული შოკი

ფრუსტრირებული Z მექსიკაში, ანუ კულტურული შოკი

ფრუსტრირებული Z მექსიკაში, ანუ კულტურული შოკი

მინდა გესაუბროთ ფენომენზე, რომელსაც კულტურული შოკი ჰქვია. ეს მოვლენა, ინდივიდის სხვა კულტურაში თავიდან ბოლომდე გადავარდნა, თუ შესვლა, ერთმა მე-20 საუკუნის კანადელმა ანთროპოლოგმა, კალერვო ობერგმა, რამდენიმე ფაზად დაჰყო.

მისი თეორიის მიხედვით, კულტურულ შოკი ოთხი კომპონენტი/ფაზისგან შედგება. პირველს მან უწოდა “თაფლობის თვე,” ანუ ის პერიოდი როდესაც ადამიანს სულ თავიდან აქვს შეხება იმ ახალ გარემოსთან, სადაც ის აღმოჩნდა. მას ყველაფერი განსაკუთრებით მომხიბვლელი, საინტერესო და კარგი კუთხით ამაღელვებელი ეჩვენება. ეს სრულიად ახალი გარემო, მას თავბრუს ახვევს და ჰგონია რომ ზღაპარშია, რადგან, ყოველივე სრულიად განსხვავებული და ახალია მის გარშემო.

უმეტესი ტურისტი, რომელიც სამოგზაუროდ, რამდენიმე კვირით მიდის, ამ ფაზას არც სცდება. ვინმე Z-ს მისი 5-დღიანი ვიზიტი კანკუნში დაამახსოვრდება როგორც, თავბრუდამხვევი მოგზაურობა ტეკილის სმითა და პლანის წევით გაჯერებული.

თუმცა, Z, რომ მექსიკაში დარჩეს, თუნდაც 5 კვირით და იცოდეს, რომ მას უცხო ქვეყანაში ცხოვრების კიდევ რამდენიმე წელი ელის, ის უკვე გამოდის ტეკილით გაბრუებული თაფლობის თვიდან და გადადის ფაზაში, რომელსაც ობერგმა “კრიტიკული” უწოდა.

აქ, მახსენდება რუსული ანეკდოტი, ახალ გარდაცვლილ ტიპზე, რომელმაც გაუგებარი ცხოვრება გაატარა, არც ისე ცოდვილი და არც მთლად კეთილსინდისიერი. მოკლედ, ეუბნება პეტრე მოციქული, წადი შეხედე სამოთხესაც და ჯოჯოხეთსაც და თვითონ ამოირჩიე რომელიც გინდაო. წავა ახლადგარდაცვლილი სული სამოთხეში. დახვდება სიწყნარე, სინარნარე, ამბროზიის წრუპვა — მოსაწყენი სიმშვიდე. გადაიხედება ჯოჯოხეთში — იქ მაგარი ბაგიბუგია: ბანქო, მუსიკა, მეძავები და “თავზე დამხობა”. ჰოდა, ჩვენი სწიოპა,  ამ უკანასკნელს აირჩევს. იმ წამსვე სტაცებენ ხელს ეშმაკები და ჩააგდებენ კუპრით სავსე ქვაბში და ის გაჭედავს, რას მიშვებითო. ამ დროს სატანა ეუბენება: “эээ, мужик, а ты не путай туризм с эмиграцией!”

ამ ანეკდოტით, ობერგის მთლიანი თეორიის შეჯამება შეიძლება. კულტურული შოკი, როგორიცაა ემიგრაცია, უცხოეთში ცხოვრების დასაწყისს ახასიათებს.

კრიტიკული ფაზა დგება მაშინ, როდესაც ახლადგამგზავრებულ ინდივიდს, თვალში ახალი კულტურის ნეგატიური მხარეები გამოკვეთილად ხვდება. მარტივი ყოველდღიური მოვალეობები, როგორიცაა, პროდუქტების ყიდვა, მგზავრობა და ა.შ.  მასში, ფრუსტრაციას იწვევს. უცხოელებთან კონტაქტი კი განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ეჩვენება. მას ემართება “homesickness”, ანუ ნოსტალგია ჩვეულ ყოფასა და წარსულზე.

თავი რომ არ მოგაბეზროთ, მოკლედ გეტყვით, რომ ობერგის თეორია ერთგვარი ‘ჰეფიენდით’ მთავრდება, როდესაც ჩვენი ფრუსტრირებული, უცხო კულტურაში მყოფი ინდივიდი გაივლის შემდეგ ეტაპს, რომელსაც “აღდგენის პერიოდი” ჰქვია. ამ ეტაპზე ემიგრანტი სწავლობს თუ როგორ იფუნციონიროს წარმატებულად ახალ კულტურაში.

სირთულეები, რომლებიც მასში აქამდე სტრესს იწვევდნენ, მისთვის ჩვეული ამბავი ხდება. ჩვენმა Z-მა უკვე ისწავლა რომ რესტორანში აუცილებლად 15-პროცენტიანი ჩაი უნდა დატოვოს, თორემ, ისე, ალმაცერად შეხედავენ. და ისიც, რომ, როცა ‘como estas’ გეუბნება ვინმე, ის სულაც არ ელოდება შენგან დეტალურ აღწერას, თუ როგორ ხართ სახლში.

დგება შეგუების ფაზა. ინდივიდი აღჭურულია მრავალი მექანიზმით, თუ როგორ გაუმკლავდეს უცხო ქვეყანაში ყოფნას.

საბოლოო ეტაპს ობერგი, ასიმილაციას უწოდებს. რა საკვირველია, ეს არ ნიშნავს, რომ ემიგრანტს დაავიწყდა მისი დედა-კულტურა, მაგრამ მან საკუთარი გზა იპოვა, მისთვის ახალი კულტურის გათავისების. ის გათავისუფლდა ზედმეტი ფრუსტრაციისაგან და, ასე ვთქვათ, “დაამხეცა” ამ ქვეყანაში წარმატებულად ცხოვრება. უფრო მეტიც, ის უკვე თავდაჯერებული გახდა, რადგან აფასებს საკუთარ განვლილ გზას.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით, დღევანდელ სამყაროში. ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს გადალახოს სირთულეები, რომლებიც მას კულტურული შოკის დროს ხვდება. ამიტომ არის სასარგებლო, ჩემი აზრით, რომ ვიყოთ ინფორმირებულები ამ ფენომენის შესახებ. ინფორმირებული ინდივიდი კი, უფრო მარტივად მოახდენს საკუთარი თავის დისტანცირებას იმ ნეგატიურ განცდებისგან, რომელიც უცხო კულტურაში ხანგრძლივი ყოფნისას ეუფლება.

საინტერესო ისაა, რომ კულტურული შოკის თეორიას, მეხუთე ეტაპიც გააჩნია, რომელსაც “რევერსიული კულტურული შოკი” ჰქვია. ის ემართება ადამიანს, რომელიც უცხო კულტურაში ხარნგრძლივად ყოფნის შემდეგ დედა-კულტურაში ბრუნდება.  მაგრამ, ეს უკვე სხვა თემაა და მოდით წარმატებულ ამიგო Z-ზე შევჩერდეთ.

ამერიკელი მწერალი, ჰანტერს ტომპსონი მექსიკაში, 1974 წელი

ამერიკელი მწერალი, ჰანტერ ეს ტომპსონი მექსიკაში, 1974 წელი