გახადე შენი მიზნები გლობალური და დაუკავშირდი მსოფლიოს

გახადე შენი მიზნები გლობალური და დაუკავშირდი მსოფლიოს

ჩვენ ყველას გვინდა უკეთეს გარემოში ცხოვრება!

ჩვენ ყველას გვინდა და გვჭირდება ხარისხიანი განათლება!

ჩვენ ყველას გვინდა ბევრი ხე, პარკები და სუფთა ჰაერი!

ჩვენ ყველას გვინდა ჯანმრთელი და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი ადამიანები!

ჩვენ ყველას გვინდა გენდერული თანასწორობა!

ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მეგობრებს ადაპტირებული გარემო ჰქონდეთ!

ჩვენ ყველას გვინდა საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სამუშაო გარემო!

დიახ, ძალიან კარგად ჟღერს ეს ყველაფერი და ჩვენ ეს ყველაფერი ნამდვილად უნდა გვინდოდეს! მაგრამ სურვილს ბევრი შრომა და მიზნისკენ სწრაფვა სჭირდება, ბევრი მუშაობა და დაფიქრება სჭირდება, გააზრება და თავიდან თუნდაც ძალიან პატარა ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, რაც შეიძლება ბევრი თანამოაზრის გაჩენა სჭირდება, ერთიანობა სჭირდება, საერთო მიზნების ქვეშ გაერთიანებული მსოფლიო სჭირდება…

ამიტომ, მოდით დავიწყოთ სულ თავიდან.. ამ შემთხვევაში ბოდიში არაფერ შუაშია 🙂

გსმენიათ თუ არა მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ?

იცოდით, რომ ეს არის ახალი გლობალური დღის წესრიგი მდგრადი მომავლისთვის? დიახ, გლობალური და ზუსტად ისეთი, მსოფლიო რომ უნდა გააერთიანოს.

ჩავთვალოთ, რომ ამ პოსტს ბევრი ისეთი ადამიანი წაიკითხავს, ვინც არ იცის ზემოთ აღნიშნულის შესახებ. ამიტომ, ვეცდები გავხდე თქვენი გზამკვლევი და მოგცეთ მინიშნებები, თუ როგორ გახადოთ თქვენი მიზნები გლობალური და დაუკავშიროთ ისინი მსოფლიოს.

მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენს გაეროს 193 წევრ ქვეყანას შორის გამართული მოლაპარაკებების და სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უპრეცენდენტო მონაწილეობის შედეგს. სწორედ ამიტომ არის წარმოდგენილი ინტერესებისა და პერსპექტივების ფართო სპექტრი.

მიზნები ეხება მთელს მსოფლიოს, განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს.

2015 წელს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით – „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანს და 169 ამოცანას.

17 მიზანი, თავისი 169  ამოცანით მომდევნო წლების განმავლობაში ხელს შეუწყობს გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ყველაზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე სფეროებში: ადამიანები, პლანეტა, წარმატება, მშვიდობა და პარტნიორობა.

ამ 17 მიზანში გაერთიანებულია ყველა ის გამოწვევა თუ პრობლემა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებულ ადამიანებს გვაერთიანებს, გვაფიქრებს, თუ რა ნაბიჯები გადავდგათ, რათა მივიღოთ  მდგრადი განვითარების სამი ურთიერთდაკავშირებული ელემენტი: ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.

პასუხისმგებლიანი კომპანიები ცდილობენ იზრუნონ თანამშრომლებზე, განავითარონ ისინი პროფესიულად, შეუქმნან ჯანსაღი სამუშაო გარემო და გახადონ ისინი მაქსიმალურად ლოიალურები. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან ირჩევენ რამდენიმე მიზანს, რომელიც ყველაზე საუკეთესოდ ესადაგება კომპანიის სტრატეგიასა თუ ხედვას და შემდეგ, ამ მიზნების მისაღწევად სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას იწყებენ. ზოგიერთი მათგანი განათლების მიმართულებით მუშაობს, ზოგი ქალთა გაძლიერებაზე ზრუნავს და ქალთა ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს, სხვები გარემოზე ზრუნავენ და სხვებიც უთანასწორობას ებრძვიან.

საქართველოც ცდილობს ფეხი აუწყოს მსოფლიოს. კომპანიები ერთიანდებიან მიზნების გარშემო და დაჯილდოებებიც იმართება იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც 17 მიზნის მხარდასაჭერად ბევრ საინტერესო აქტივობასა თუ კამპანიას გვთავაზობენ.

17 მიზნის განხორციელება და წარმატება დამოკიდებულია ქვეყნების მდგრადი განვითარების პოლიტიკაზე, გეგმებსა და პროგრამებზე, რომლებსაც თავად ქვეყნები განახორციელებენ. მდგრადი განვითარების მიზნები არის ქვეყნების გზამკვლევი გლობალური ვალდებულებების შესრულების გზაზე. ამიტომ მთავრობებმა უნდა შეიმუშაონ საკუთარი ეროვნული ინდიკატორები მიზნების და ამოცანების შესრულების მიმართულებით პროგრესის ხელშესაწყობად.

ეს ამბიციური დღის წესრიგი მოითხოვს საკმაოდ დიდი რაოდენობის რესურსების მობილიზებას, რაც, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო წყაროებიდან, სახელმწიფო და კერძო სექტორებიდან უნდა მოხდს.

ჩვენ ყველას შეგვიძლია საკუთარი წვლილი შევიტანოთ ამ მიზნების განხორციელებაში და ჩვენ ყველას შეგვიძლია პირველი აბზაცში ჩამოთვლილი სურვილები რეალობად ვაქციოთ. მთავარია, მთელმა მსოფლიომ ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს და 17 მიზნის ირგვლივ ვიტრიალოთ.

თქვენ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ და ხართ რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი, სადაც ჯერაც არ აქვთ ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და გააცანით მენეჯმენტს მიზნები. ერთად იმსჯელეთ და მოიფიქრეთ, თუ რა შეიძლება გააკეთოთ ჩვენი ყველას კეთილდღეობისთვის, როგორ შეიძლება გახდეთ უფრო პასუხისმგებლიანები. მსოფლიო მაგალითებიდან გამომდინარე დაუსაბუთეთ მენეჯმენტს, რომ თუ ჩაერთვებით მიზნების შესრულების პროცესში, თქვენ მიმართ აუცილებლად გაიზრდება ლოიალური მომხმარებლების თუ კლიენტების რაოდენობა, მოიპოვებთ ინვესტორების ნდობას, იქნებით ინოვაციურები და ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, აისახება თქვენს მოგებაზეც.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მდგრადი განვითარების მიზნები 2030 წლამდე უნდა შესრულდეს. 2030 წლის 31 დეკემბრამდე კიდევ 10 წელი და 7 თვეა. წინ საშუალოდ 4000 დღე გვაქვს ყველას ერთად, რომ ჩვენი მიზნები მსოფლიოს დავუკავშიროთ და ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ უკეთესი და მდგრადი მომავლისთვის.

მზად ხარ დაუკავშირდე მსოფლიოს?