დაუგდეთ ყური სოციალურ მედიას

დაუგდეთ ყური სოციალურ მედიას

დღესდღეობით, სოციალური მედიის გავრცელების პირობებში, ბიზნეს პროცესები საგრძნობლად არის აჩქარებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის სპეციალისტებს ბევრი ფიქრის დრო აღარ გვაქვს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ არაპროგნოზირებად, ციფრულ სამყაროში სოციალური მედიის მუდმივი მონიტორინგი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,

თუმცა მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება, უკვე მომხდარსა და ჩავლილზე, არ არის საკმარისი. მეტია საჭირო – მოსმენა, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.

სწორედ აქ იჩენს თავს განსხვავება სოცმედიის მონიტორინგსა და მოსმენას შორის. მოსმენა, განსხვავებით მონიტორინგისგან, შესაძლოა ორ ეტაპიან პროცესად წარმოვიდგინოთ:

  1. სოცმედია პლატფორმების მონიტორინგი, არა მარტო ბრენდთან, არამედ კონკურენტებთან და ინდუსტრიასთან დაკავშირებული საკვანძო სიტყვებით.
  2. ანალიზი, თუ როგორ გამოვიყენოთ მიგნებები სამომავლო სტრატეგიასა და მოქმედებაში.

მოკლედ შევაჯამოთ, Რატომ არის სოციალური მედიის მოსმენა მნიშვნელოვანი?

  1. გვეხმარება, ფეხდაფეხ ავყვეთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებსა და მათ ინტერესებს – გვახსოვდეს, ძლიერ ბრენდებს არ ეშინიათ აუდიტორიის მხრიდან წამოსული უკუკავშირის, პირიქით – ისინი მას საკუთარი პროდუქტისა, თუ მომსახურების გასაუმჯობესებლად იყენებენ.
  2. ვიზღვევთ თავს ნეგატიური WOM-ის (Word of Mouth) უკონტროლო გავრცელებისგან – რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ მომხმარებლის კრიტიკას საერთოდ არ დავიმსახურებთ, თუმცა არ მოიძებნება კომპანია, რომელიც ადრე თუ გვიან განხილვის საგნად არ იქცევა სოცმედიაში. გადაწყვეტილება ჩვენზეა – მოხდეს ეს ჩვენი თანდასწრებით, თუ ჩვენ გარეშე.
  3. გვეხმარება აღმოვაჩინოთ და დავიმეგობროთ ადამიანები, ვინც ჩვენი ბრენდის ირგვლივ ამინდს ქმნიან.

ბრენდის ადვოკატები, კმაყოფილი მომხმარებლები, ვინც საკუთარი სურვილით უწევენ ჩვენს ბრენდს რეკომენდაციას.

რელევანტური ინფლუენსერები, ვინც საკუთარ გარემოცვაში ჩვენ მიმართ აზრს აყალიბებენ.

  1. მუდმივად თვალწინ გვყავს კონკურენტები – ვეცადოთ, არ გავიმეოროთ კონკურენტების მიერ დაშვებული შეცდომები. ვისწავლოთ მათი წარმატების ისტორიებზე.
  2. ვადევნებთ თვალს და მივყვებით ტრენდებს – დროის შესაბამისი კომუნიკაცია აუდიტორიის ჩართულობის გაზრდაში დაგვეხმარება. მივაწოდოთ აუდიტორიას დროული, საჭირო ინფორმაცია, ვაზიაროთ გამოცდილებას, რომელიც მათ დაამახსოვრდებათ, რაზეც ისინი სხვებთანაც ისაუბრებენ.