ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

სად გავჩერდით? ა, ჰო, ბაქოში. დაღლილ-დაქანცულები პროექტის პროდიუსერმა ჯოშკუნმა სასტუმროში წაგვიყვანა. გზად გამოუძინებელ-გაოცებული სახეებით ვაკვირდებოდით არემარეს. 4 საათისკენ დავიძინე.

იცით, ყველაზე მეტად სასტუმროში რა მესიამოვნა? მყარი მატრასი. ყველაზე კომფორტულად მაშინ მძინავს ხოლმე. გავახილე თვალი თუ არა, ვეცი ფანჯარას და რაც ჩანდა, ყველაფრის გადაღება დავიწყე. არადა, განსაკუთრებული არც არაფერი იყო: ერთ-ერთი უნივერსიტეტი, რომლის ფასადიც ჯერ კიდევ საბჭოურად გამოიყურებოდა და  არაბეთისდროშიანი შენობა. სავარაუდოდ, საელჩო. საერთოდ, აქ საბჭოური შენობებისთვის ფასადის შეცვლის ტენდენციაა, ქალაქის იერსახეში რომ ჩაეწეროს.

ბაქოური დღურები (ნაწილი 2)

საუზმის შემდეგ მანქანამ მოგვაკითხა და ტელევიზიაში, გადაღებებზე წაგვიყვანეს. ინტერვიუები ჩავწერეთ და კონტრაქტი გავაფორმეთ. თითქმის მთელ დღეს იქ ვიყავით. საღამოს ბულვარისკენ მანქანით გაგვასეირნეს და ერთი ძალიან კარგი ადამიანის ფასტ ფუდ კაფეში ქუმფირი დაგვაგემოვნებინეს. ქუმფირი იგივე პოტატუნაა, ვეებერთელა ჭემწვარ კარტოფილში ჩადებული ბოსტნეული ან ხორცი. უნდა გენახათ ჩემი სახე, როცა მზარეულმა ცხელი კარტოფილის ბოლქვი გამოღრუტნა, გახეხილ ყველში აურია და პიურედ აქცია.

ბაქოს დათვალიერება იმ დღეს მხოლოდ მანქანიდან მოვახერხეთ. ციოდა, ცოტას წვიმდა და ქარიც უბერავდა. ქარი ბაქოში სულ უბერავს. მისი სახელიც ასე იშიფრება – ქარის ქალაქი. ბაქოს არქიტექტურა ნაწილობრივ ჩამოგავს თბილისისას და ბათუმისას. განსაკუთრებით ცენტრში მდებარე შენობები. მიიხედ-მოიხედავთ და თავი თბილისის აღმაშენებლის გამზირზე ან ბათუმის ერას მოედანზე გეგონებათ. საქმე ის არის, რომ ჩვენთან ასეთი ქუჩები თითო-ოროლაა, იქ – ასზე მეტი.

ბაქოური დღურები (ნაწილი 2)

არქიტექტურის უმრავლესობა ევროპულ სტილშია ჩახუჭუჭებული. თეატრები, სახლები და სამთავრობო შენობები, ყველაფერი ოქროსფერ-ხორბლისფერი და ლამაზია. აუთენტური და ძირეული, ძირითადად, ძველი ბაქოს პატარა უბანია, სადაც დგას ცნობილი ქალწულის კოშკი. ლეგენდის თანახმად, შეყვარებულმა ასულმა მამა მოატყუა და მაღალი კოშკი ააგებინა გათხოვების პირობის სანაცვლოდ, შემდეგ კი იქიდან ზღვაში გადახტა და თავი მოიკლა. ახლა ზღვა, კოშკის ძირთან კი არა, ასობით მეტრის მოშორებითაა. მანამდე კი ცნობილი ბულვარია, რომელსაც ასე აქებენ და სადაც გასეირნება უამინდობის გამო ვერ მოვახერხეთ. მაგრამ ყველაფერი წინაა.

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

თანამედროვე ბაქოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ცეცხლოვანი კოშკებია (Flame Towers), რომელიც თვით არქიტექტორ-დიზაინერი ზაჰა ჰადიდის ნახელავია. ეს არის ყველაზე მოდერნისტული და უზარმაზარი შენობა, რაც იქ ყოფნისას ვნახე. ღამით გარეგანათება ირთვება და ხან აზერბაიჯანის დროშით მორბენლებს აჩვენებს, ხან ცეცხლის ფერებში ელვარებს. შორიდან შეხედავ და გიგანტური ცეცხლის ალი გეგონება. საერთოდ, ცეცხლის ალი ზოროასტრიზმისგან შემორჩენილი ელემენტია, რომელიც აზერბაიჯანულ კულტურაში ამ სახით შემორჩა. მის ვიზუალს ნახავთ ჩუქურთმებში, ნახატებში და ყველგან, სადაც ტრადიციული მორთულობაა. თუ ქართველებს ბორჯღალი გვაქვს, აზერებს აქვთ ცეცხლის ალი.

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

ადგილობრივები ამბობენ, ბაქო ისე სწრაფად შენდება და ვითარდება, ზოგიერთ ადგილს ჩვენც ვეღარ ვცნობთო. მართლაც, ბოლო 3 წლის განმავლობაში ქალაქი წარმოუდგენლად შეიცვალა. შენდება მსოფლიოს ბრენდული სასტუმროები, ესტაკადები, საკონცერტო დარბაზები და ოლიმპიური სტადიონი. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადას (რომლის ნაწილი საქართველოში იმართება) ქალაქი სულმოუთქმელად მოელის. მის მხარდასაჭერად იმხელა პიარკამპანიაა წამოწყებული, რომ გეგონებათ, მთელი ბაქო წიკწიკებს და დროს უკუღმა ითვლის.

გემოვნება… ეს ერთობ დელიკატური თემაა. ამ მხრივ ისინი ჩვენს 90-იან წლებში არიან. მიუხედავად ძალიან საინტერესო არქიტექტურისა, ალაგ-ალაგ მაინც გაიელვებს ე.წ. ევროპული შენობები, რომლებსაც სრულიად უაზროდ და უადგილოდ აქვთ „მიტყეპებული“ აზიური ორნამენტები.  თუმცა, თბილისის ზოგიერთი უბანი რომ მახსენდება,  ხმას აღარ უნდა ვიღებდე, მაგრამ მაინც.

გასთენდა დღეი მეორე – დღე გამოსვლისა. დილით ისევ მანქანამ მოგვაკითხა და მუსკომედიის თეატრში წაგვიყვანა. მეუბნებოდნენ, იტალიელი დიზაინერის მოხატულია და მოგეწონებაო. მართლაც ძალიან ლამაზი, 1900-იანების სტილში გადაწყვეტილი ნაგებობაა, დიდი და მშვენიერი დარბაზით. თან ეს არ არის არც ოპერა და არც დრამატული თეატრი. ასე რომ, წარმომიდგენია, ისინი როგორი სანახავებია!

როგორც ხდება ხოლმე, კონკურსანტები ერთ დიდ ოთახში განგვამწესეს. პროექტის მენეჯერობა კი ყველანაირად გვაქცევდა ყურადღებას, ნონას საელჩოდან მოწვეული თარჯიმანიც კი დაუნიშნეს, მაგრამ იმ ოთახში დაგუბებულ სუნს ეგ ვერ გაფანტავდა. ოთახის ერთ ბოლოში ფანჯრის გამოღება ვცადე და მეორე ბოლოდან ქალი მოვარდა, დახურე, ბავშვები გამიცივდებაო. კი ვიფიქრე, გაციებულ ბავშვებს დაწამლული ყველა გირჩევნია-მეთქი, მაგრამ აღარ ვუთხარი. მერე სხვებმა გააღეს, კიდევ მოვარდა. მერე ჯარში მსახურობის დროს ყაზარმის გასახდელი გამახსენდა და საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ  ამ მხრივ ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს. განსხვავება მხოლოდ არომატის კომპონენტებშია.

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)

სუნს იმ ოთახიდან ფეხი არ მოუცვლია, სამაგიეროდ გამოვედით ჩვენ და კულისებში ჩაგვიყვანეს. სცენა უკვე მოეწყოთ. ყველაფერს ნეეელა აკეთებენ, ბევრს ამბობენ და ცოტას შვებიან. ჩაწერის დაწყებამდე კიდევ რამდენიმე საათი გავიდა. ამასობაში დავადგინე, რომ კონკურსანტების უმრავლესობა ან მღერის, ან ცეკვავს, ან ვერც ერთს შვება და ვერც მეორეს. სულ ორადორი მონაწილე იყო, ვინც ილუზიონისტურ ნომერს აკეთებდა და აქედან ერთი ჩვენიანი, როსტო გახლდათ. ასე რომ, თამამად შემიძლია, ვთქვა, ჩვენ მასისგან განსხვავებული ნომრებით გამოვდიოდით.

35 ნომრიდან ჩემი 24-ე იყო და პრაქტიკულად მთელი დღე კულისებში გავატარე. რაც მთავარია, სტვენას არ მიშლიდნენ. ამასობაში სცენიდან მოისმოდა ხან ტრადიციული აზერული მუღამები, ხან „ამერიკულები“. პირველი კატეგორიიდან უმრავლესობა, რომელიც მეგონა, რომ სწორად მღეროდა, ჟიურიმ დაიწუნა, მეორე კი მე არ მომეწონა. აი, მაგალითად, გამოდის ბიჭი და ბიონსეს Listen-ს მღერის, თან სრულიად უღიმღამოდ… თუმცა ასე კრიტიკულიც არ უნდა ვიყო, „ნიჭიერის“ პირველი სეზონია მხოლოდ. უი, ერთმა კაცმა ეკრანზე გასულ მულტფილმების გმირებს ხმით მიბაძა და ეგეც მომეწონა.

ამასობაში ჩემი ჯერიც დადგა. კომენტარების გარეშე, ნახეთ ვიდეო. ერთს გეტყვით, რომ ჟიურიმ რა მითხრა, დღემდე ნორმალურად არ ვიცი.

დაღლილ-დაქანცულები 11-ისკენ მიგვიყვანეს სასტუმროში. დიდად არ მიყვარს სიხარულის ემოციების გამოხატვა, მაგრამ რაღაცნაირად მაგრად გამიხარდა, რომ საქართველოს გარეთ მოვაწონე ხალხს თავი. ნონას ქვიშის პერფორმანსზეც გადაირია ჟიურიც და მაყურებელიც. ის დღე ასე პოზიტიურად და ბევრი დადებითი ემოციით დასრულდა.

ბაქოური დღიურები (ნაწილი 2)
დილა ისევ ნაცრისფერი იყო, მაგრამ, რახან საღამომდე დრო გვქონდა, სასტუმროდან გამოვედით და ელიმლარის უბანში გავიბოდიალეთ. ყველაფერი თითქოს ნორმალური ფასი ღირს, მაგრამ როცა მანათის კურსს ლარში გადაიყვან, აღმოაჩენ, რომ ორჯერ ძვირად გიყიდია. მაინც წამოვიღეთ რამდენიმე სუვენირი, მერე მარკეტში შევედით, „ბეტას“ ჩაის დიდი შეკვრა ჩავიხუტე და სანამ არ ვიყიდე, ხელი არ გავუშვი.

გითხრათ, ყველაზე მეტად რამ გამაოცა? არც მარმარილოთი მოპირკეთებულმა ტროტუარებმა, არც ფერადი გრანიტით გაწყობილმა მიწისქვეშა გადასასვლელებმა და სუფთა ქუჩებმა და არც მიწისქვეშა საზოგადოებრივმა ტუალეტებმა. არამედ იმან, რომ ზებრაზე გადასვლისას უკლებლივ ყველა მანქანა გიჩერებს! თუკი თბილისში ერთი სული აქვთ, უკეთეს შემთხვევაში, შენს მიახლოებამდე ეგებ გაგისწრონ, ბაქოში, როცა ტრასის ერთ ბოლოში დგახარ, მეორე ბოლოში უკვე მძღოლები აჩერებენ და გელოდებიან, როდის გადაკვეთ.

ბაქოურ დღიურებს აქ დავასრულებ, თორემ თავისით, მგონი, არასდროს დასრულდება. საღამოსკენ ჩაგვსვეს ავტობუსში, ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ და წამოვქროლდით სამშობლოსკენ. მიქროდა ავტობუსი გაპრიალებულ სიბნელეში, ალაგ-ალაგ აღმართული ვეებერთელა დროშების სინათლე რომ არღვევდა ხოლმე. 7 საათში საზღვარი გავიარეთ და ღამის 3-ზე უკვე თბილისში ვიყავით. ეს იყო და ეს. წინ მაისია და „ნიჭიერის“ ნახევარფინალი.

(ბაქოური დღიურების პირველი ნაწილი)