10 წელი ჯეპრაში

10 წელი ჯეპრაში

სულ რაღაც 10 წელი. არც ისეთი ბევრი, თუმცა არც თუ ისე ცოტა. 10 წელი ანუ სულ მცირე 3650 დღე! ეს ის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია, რაც ჯეპრასთან მაკავშირებს. და მაინც, რატომ გადავწყვიტე ეს „აღსარებითი“ პოსტი… რა ვქნა? დამავალეს და ესეც შედეგი…

„რა გითხრათ? რით გაგახაროთ?!“ კიდევ ერთი ახალი წელიწადი თქვენთან ერთად! უნდა ამიტანოთ!
წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი 10 წლის წინათ მოხდა. ასე რომ… არაფერია გასაკვირი… არც დასაცინი და მით უფრო არ მიყვარს ეს ქილიკიც! რა ვქნა?! არ ვიცოდი ეს copy/paste.

მითუმეტეს 5 წელი ჯერ კიდევ მაშინ როცა ჟურნალისტი ხარ, ყველა ბეჭვდითი მედია ნორტონის პროგრამაში მუშაობდა.. ჩემთვის სრულიად უცხო იყო Word-ი და ა.შ. ამიტომაც 2-3 გვერდიან სტატიებს ჩვენი ერთგული კლიენტებისთვის ვწერდი და ვწერდი.. ვწერდი ერთიდაიგივე აბზაცებს და ყველაზე ცუდი ის არის… იმავე შეცდომებითა და შენიშვნებით… ჩასწორებულ ვარიანტსაც არ ვიხილავდი… დაეჭვდა ჩვენი კახა (ამ დღიდან მოყოლებული ჩემს უფროსად იქცა.. არადა სოსოს უფროსობაზე ვოცნებობდი) და ისეთი რამ ვუპასუხე… მის ერთ-ერთ ფრთიან ფრაზად იქცა: „copy paste-ით ცხოვრებაში არ მისარგებლია, ყველაფერს ჩემით მივაღწიე!“

11

მართლა ასე იყო ერთ თვეში 100 სტატია ჩემმა თითებმა აკრიფეს! ეს ისეთი კარგად გასახსენებელი შემთხვევაა, რომელსაც ჩვენს ყველა შეკრებაზე ყვებიან, ხან სოსო ზოგჯერ კი კახაც! ყვებიან, ყვებიან და არ იღლებიან.. სხვადასხვა ინტერპრეტაციებითა და ტონალობით…. ახლა უკვე ასეთი ტონალობით იხსენებენ: გახსოოოვს?! იმდენი წელი გავიდა მას შემდეგ …

ჩემს სამსახურთან არის დაკავშირებული ჩემი პატარა კესოც. მან ჯეპრაში ზუსტად 9 თვე „იმუშავა“… 30 ნოემბერს დაემშვიდობა და ქვეყანას 3 დეკემბერს მოევლინა… მშვიდი, გაწონასწორებული, ჭკვიანი, აქტიური… ეს ყველა თვისება დღემდე შემორჩა! რამდენად აირჩევს ამ სფეროს, ვერ გეტყვით თუმცა მოსწონს როცა სამსახურში მომყვება ან ჩვენს რომელიმე ღონისძიებას ესწრება. „ჯეპრას“ ჰგავს, მუდამ ჩემით უკმაყოფილოა, მუდამ შენიშვნებს მაძლევს, თუმცა ვუყვარვარ, მენდობა და სულ ვენატრები!

მის მერე ბევრი რამ შეიცვალა.. შევიცვალე მეც… copy/paste კი არა… ფოტოშოპი, ექსელი და ვორდსაც კი „დავუმუღამე“. სულ ბოლო დროს კი ეს უცნაური „Track Change”-იც.
წლებთან ერთად საქმეებმაც იმატა. ეს ერთის მხრივ ძალიან სასიმოვნოა, რადგან ჩემი საქმე პირდაპირ პროპორციულია ჩემს შემოსავლებთან! საწუწუნო მართლაც არაფერია, უბრალოდ მეც მაქვს ზოგჯერ სენტიმენტალური შემოტევები! მაგ: ჩემს ჰიმნად იქცა „სიმღერა ჩებურაშკაზე“
https://www.youtube.com/watch?v=y3GEmK0MJtI

ეტყობა ამ სიმღერამაც გარკვეული როლი შეასრულა… ალბათ მთელი ცხოვრება ვეძებდი „გენას“, ვიპოვე თუ არა.. ამაზე მოგვიანებით…. თუმცა ორი ჩემნაირი პატარა ჩებურაშკა კი სახლში ყოველ საღამოს მელოდება!
ასეთ ჩემს განწყობას აპროტესტებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს კი კახასგან ასეთი წერილი დამხვდა, რომელიც ჩემს კედელს დღესაც ამშვენებს.. უფლებას გაძლევთ თქვენც გაითვალისწინოთ:

kaaaa

1. არ იმუშაო მოშორებაზე – გააკეთე იმაზე მეტი და ხარისხიანად, ვიდრე ამას გთხოვენ ან შენგან ელიან!
2. გაამდიდრე ის შენი იდეებით!
3. წარდგენამდე გადახედე ნამუშევარს!
4. დაგეგმე შენი სამუშაო დღე და შენი კომპიუტერი გაწმინდე!!!!!!!!!!!!!!!!
5. იმუშავე გეგმაზომიერად!
6. დაგრჩეს დრო მეორე სამსახურისთვის ან სხვა შემოსავლის წყაროსთვის!
7. დაეხმარე მეუღლეს ან ყოფილ მეუღლეს საქმის წარმოებაში!
8. დღის ბოლოს ჩამოწერილი საქმეებიდან გადახედე, დაითვალე რამდენია შესრულებული და გადახაზე!
9. არ იყო საქმის მოსწრებაზე, ის ხარისხიანი არასოდეს გამოვა!
10. დაგრჩეს დრო საყვარელი ადამიანისთვის – დღეში მინიმუმ ერთი საათი!
P.S. ახლა არ იმართლო თავი ოღონდ!

აშკარად გასათვალისწინებელია ეს „10 მცნება“, თუმცა არ იფიქროთ რომ მისი ავტორი მას ზედმიწევნით ასრულებდეს, მაგრამ ხომ გაგიგიათ „სხვის ომში ყველა ბრძენიაო“ და.. მიფრქვევს მოცლილობის ჟამს ამ სიბრძნეებს ხოლმე…

ამ 10 მცნებიდან ჩემთვის ყველაზე მტკივნეული კომპიუტერის გაწმენდა და სამუშაო მაგიდის სრულ წესრიგში მოყვანაა! მასზე შეიძლება წელიწადში 2 ჯერ, ან სულ რაღაც 3-ჯერ ვიზრუნო.. და თუ ამ პროცესს „ჩვენი მაღალი“ შეესწრო…“მოხდა შენს ცხოვრებაში რამე?“ – მუდამ კითხულობს.. არადა არც არაფერი მომხდარა.. ზოგჯერ სინდისი მაწუხებს და ვცდილობ მოვაწესრიგო!

22

რა ვქნა მომწონს მაგიდაზე ქაოსი, რომელიც ჩემს განწყობას აბალანსებს! თუმცა ვიცი ზუსტად რა სად მიდევს მაგიდაზეც.. კომპიუტერში კი მეკარგება ხოლმე, მაგრამ ძლიერი „არქივარიუსები“ მყავს კახას, ხატიას, ივენტუსას სახით!

ჰო, ივენტუსაზე გამახსენდა…. გაიცანით ის ჩემი ნათლიაა.. დღეს თუ ყველა „ტაკიტუკას“ მეძახის და უკვე ვიმჩნევ კიდეც, მისი დამსახურებაა! როგორც თავად ამბობს: „ბრენდი შექმნა“, მაგრამ რამდენად პოპულარული და მოთხოვნადია, ეს კვლევებს მივანდოთ!

ეს ყველაფერი ჩემი ემოციური მხარეა… ის მხარე, რომლითაც მხოლოდ „ჯეპრელები“ და ძალიან ახლობელი ადამიანები მიცნობენ! სინამდვილეში მათ ვინც არ მიცნობს ძლიერი ადამიანი ვგონივარ. ზოგჯერ იმასაც ამბობენ რა ენაღვლება ერთობა, ეს ივენთები, ეს ფესტივალები ეს ბანკეტები… საინტერესოა არა?!
მე მიყვარს ჩემი საქმე, ის სფერო სადაც 12 საათი მიწევს ტრიალი… ამ ტრიალ-ტრიალში თურმე სულ რაღაც 43 800 საათი გასულა! აი, თქვენს ჯინაზე თავბრუც კი არ მეხვევა! ასაკის იმ ნიშნულსაც კი ვუახლოვდები, როცა აღარ აღნიშნავენ, თუმცა სულაც არა.. ამ დღეს ველი და კიდევ ერთხელ ვაღიარებ რომ ცრურწმენების არ მჯერა!

P.S. ხო მართლა… ზემოთ რა დაგპირდით? ეს ხო? „ალბათ მთელი ცხოვრება ვეძებდი „გენას“, ვიპოვე თუ არა.. ამაზე მოგვიანებით….“  გენასთან ერთად შემდეგ პოსტში დავბრუნდები! 