ხატვა, როგორც ციფრული ჰობი

ხატვა, როგორც ციფრული ჰობი

ჩემთვის უაზრობების ხატვა ბავშვობიდანვე მიყვარდა. ზუსტად ის ტიპი ვიყავი, რვეულების კიდეებზე რობოტებს რომ ჯღაბნის და მათემატიკის დავალებას სუპერმენის უზარმაზარი ილუსტრაციით აგვირგვინებს, რომელიც მასწავლებლებს სულ არ ახარებთ. ცალკე ხატვის გაკვეთილებზე საერთოდ ჭკუას ვკარგავდი, გუაშებში ამოსვრილი სახელოებით მუყაოზე ისეთ ეპიკურ დინოზავრების შეტაკებებს ვაწყობდი, რომ მტრისას.

იდგა ალბათ მათემატიკის მასწავლებელი მაგ დროს კართან და შურით სკდებოდა.

1441449_656376564414173_1584600972_n

თან რაც მთავარია სიღრმისეულ გამომხატველობას საერთოდ არ მივდევდი. ძირითადი ინსპირაცია იყო სხვა ჩემი გატაცებები – მულტფილმები, თამაშები, წიგნები და ყველაფერი ის, რაც არასპორტისმოყვარულ მოსაწყენ ბიჭებს უყვართ. დინოზავრებს ვიტყვი კიდევ ერთხელ. სასწაული ჩაციკლვა მქონდა მაგ თემაზე და მახსოვს ერთხელ, ალბათ 9-10 წლისამ, ყველა სახეობის დახატვა გადავწყვიტე. ორმოცდამეათეს მერე იყო სადღაც რომ ამოვიოხრე, ბრაქიოზავრს კუდის მაგივრად გიგანტური ქოლგა მივახატე და კოკა-კოლის საძებნელად გავეშურე.

734488_656377641080732_1753417740_n

ეს ყველაფერი სამწუხაროდ დიდ ხანს არ გაგრძელდა. მეშვიდე კლასიდან სკოლა შევიცვალე. აღმოვაჩინე, რომ თურმე სწავლას დრო სჭირდება (მახსოვს შოკი), და ხატვისთვის ენერგია გამომელია – როგორც იშვიათი სიზარმაცის ეტალონი, დიდად არ მიზიდავდა ცალკე სახატავი რვეულის და ფანქრების თრევა ყველაფერთან ერთად სკოლაში. ჰოდა მთელი ეს ჩემი ჰობიც კაი ხნით გადავივიწყე.

სტივ ჯობსს მადლი და, მშობლების ნაჩუქარმა iPad-მა შემახსენა ძველი დრო. უკვე უნივერსიტეტშიც ჩაბარებული მქონდა და ხატვა რომ საერთოდ შემეძლო, ეგეც დავიწყებული. მაგრამ აი მიდევს წინ ეს პლანშეტი და შეუძლია თითის შეხება აღიქვას, ჰო? ნეტავ, რამე საჯღაბნი აპები თუ არის? შევძვერი აპსტორში. არის. თან არაერთი. მოვქაჩე რამდენიმე და ერთი კვირა ვცდილობდი საჩვენებელი თითით რამე დამეხატა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჟღერს. თან ხალხი რომ გიყურებს შიმპანზეს გევხარ, რომელსაც ოთხკუთხედი კუბიკის ჩატევა მრგვალ ჭრილში არ გამოსდის და შემართებული სახით არ ნებდება დაწყებულ გმირობას.

1461797_656377494414080_120355336_n

ოხვრით შევძვერი მერე ამაზონზე და საპლანშეტო სტილუსების მთელი არმია აღმოვაჩინე. გამინათდა სახე. მე ერთს არ მიფიქრია თურმე, რომ რვეულისხელა კომპიუტერი შეიძლება ხატვისთვის გამოდგეს. მყისვე გამოვიწერე საოცრად იაფი „ციფრული ფანქარი“ და ბავშვობის ის წლები წამში დამიბრუნდნენ. აღარც ალბომები სათრევად, აღარც გუაშებით თავის მოკვლა, უბრალოდ როცა რა მომივლის, მივჯღაბნი.

გასაკვირი ისაა, რომ იმავე დროს ჩემნაირების ძებნა დავიწყე უცხოურ საიტებზე, და ციფრული მხატვრობის ინდუსტრია უზარმაზარ მასშტაბებამდე გაზრდილი დამხვდა. დღემდე ვძრომიალობ ხოლმე deviantART-ზე და CGhub-ზე და ყბა მივარდება იქაური კონცეპტ-დიზაინერების ნამუშევრებზე, რომლების შექმნისთვის წვეთი საღებავი და ერთი ფურცელიც არ დახარჯულა. ცადე მერე და არ მოინდომო ხატვა.