მონაცემები – წარმატების გარანტირებული ფორმულა თუ პოტენციალი

მონაცემები – წარმატების გარანტირებული ფორმულა თუ პოტენციალი

მონაცემების შეგროვება და სათანადო დახარისხება მნიშვნელოვანი ეტაპია სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში. დაგეგმილი სამუშაოების წარმატება მეტწილად დამოკიდებულია მონაცემთა ხარისხსა და აკურატულობაზე, რომელთაც ვიყენებთ გადაწყვეტილებების მიღებისას.
მოუწესრიგებელმა და მოძველებულმა მონაცემებმა, ინფორმაციულმა გეპმა და ცუდად დახარისხებულმა მონაცემებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს რელევანტურ, დროულ და ორმხრივ კომუნიკაციას, დააკნინოს კლიენტების ლოიალურობის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა და დააზიანოს გაყიდვები. „ცუდი“ მონაცემები შესაძლოა გახდეს მომხმარებელთან ურთიერთობის „გაფუჭების“ მიზეზი, რაც დადასტურებულია მრავალი კვლევით.

მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანიების მიერ მოსახლეობის ფართო ჯგუფებისათვის სარეკლამო შეტყობინებების დაგზავნა, არალეგალური ბაზების მეშვეობით და სეგმენტის სორტირების გარეშე („დასპამვა“). მომხმარებელთა უმრავლესობას აღიზიანებს მათთვის არარელევანტური ინფორმაციის მიწოდება და თვითონ ფაქტი, რომ ბიზნესი იყენებს მათ პერსონალურ მონაცემებს. ასეთი მიდგომა ამცირებს კომპანიის მიმართ ნდობას და ლოიალურობას.
სად, რა ტიპის და რა რაოდენობის ინფორმაცია მოვიძიოთ, როგორ დავახარისხოთ და გამოვიყენოთ – ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ბიზნესი.
მარკეტერები ხანდახან მონაცემებს აღიქვავენ, როგორც ტექნიკური სახის სამუშაოს და „გადაულოცავენ“ მას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს დასამუშავებლად. სწორედ ეს არის უდიდესი შეცდომა, ვინაიდან „კარგი“ მონაცემები – ეს არის ბიზნეს აქტივი, რომლის გენერირებაც ხდება ბიზნეს ოპერაციებიდან. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებს შეუძლიათ მონაცემების მყისიერი დაფიქსირება, შენახვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი ხელმისაწვდომობა. თუმცა, მათ არ შეუძლიათ პასუხი აგონ ინფორმაციის ხარისხზე.

ბიზნესის პასუხისმგებლობაა, მიუთითოს მათ, თუ რა, როგორი, რამდენი ინფორმაცია სჭირდებათ და როგორ უნდა იყოს ეს ინფორმაცია სტრუქტურირებული და ორგანიზებული, იმისათვის რომ ბიზნესმა შეძლოს ადეკვატური შეფასების გაკეთება და სწორი მარკეტინგული გეგმის დასახვა.

21

თანამედროვე მიდგომები მონაცემთა მართვის კუთხით ინოვაციური და საინტერესოა. მსოფლიოს ცნობილი მარკეტერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინფორმაციულ მხარდაჭერას და ეძებენ ახალ გზებს, თუ როგორ მიიღონ კონკრეტულად ის მონაცემები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას.
დიდი მოცულობის მონაცემების გაანალიზების პროცესი სირთულეებით არის აღსავსე, თუმცა ბევრმა წამყვანმა კომპანიამ დიდ პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ წარმატებული ამერიკული რითეილერი, Walmart, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაოები გასწია, რათა მოეხდინა ციფრული წყაროებიდან და მაღაზიებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება. მათი საინფორმაციო ბაზები მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას მომხმარებლების შესახებ. Walmart-მა დანერგა ახალი აპლიკაცია – Saving Catcher, რომლის მეშვეობითაც ის აგროვებს მონაცემებს კონკურენტების ფასების შესახებ. მათი მომხმარებლები, სხვა მაღაზიაში ანალოგიურ პროდუქციაზე უფრო დაბალი ფასის აღმოჩენის შემთხვევაში, სმარტფონების მეშვეობით ასკანერებენ ჩეკებს და ტვირთავენ აპლიკაციაში, Walmart კი, მომხმარებელს სხვაობას უბრუნებს სასაჩუქრე ბარათზე. აპლიკაცია უზრუნველყოფს მომხმარებლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვებას.

რამოდენიმე წლის წინ Walmart და the Weather Channel შეიმუშავეს პროექტი, რომლის მეშვეობითაც Walmart-მა შეძლო გაყიდვების და ამინდის შესახებ მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება. მათ აღმოაჩინეს უამრავი კორელაცია კონკრეტული პროდუქტების გაყიდვასა და სპეციფიკურ ამინდის მონაცემებს შორის, რის შედეგადაც შექმნეს გაყიდვების მოქნილი და ამინდზე მორგებული სქემები.
Walmart დღესდღეობით უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევს მონაცემთა შეგროვებას, რომლის ანალიზი მისცემს საშუალებას გაიგოს, თუ როდის და რატომ ხდებიან მათი მომხმარებლები კონკურენტების მომხმარებლები.
Walmart მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაცემი არასოდეს არის „ბევრი“. თუმცა, მათი სიჭარბეც კი არ მიგვიყვანს ავტომატურად იდეალურ შედეგებამდე. მონაცემები – ეს არის პოტენციალი, რომლის წარმატებით გამოყენება ჩვენზეა დამოკიდებული. მარკეტინგულ სტრატეგიაში მონაცემთა სწორი ინტეგრირებით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ მომხმარებელთა ჩართულობა და ბრენდისადმი ერთგულება, რაც ბიზნესის განვითარების მთავარი წინაპირობაა.