როგორც მშობლებს არ ირჩევენ და და-ძმას (თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევანი არ არჩევანის პრობლემა არ დგას ამ შემთხვევაში, არამედ იძულებითი სიახლოვის აუცილებლობაა ხანდახან მტანჯველი), ასევე ახალი წელია დაბადებიდან არსებული ხელშეუვალი მოცემულობა. როგორც კი აზრზე მოდიხარ, ეგრევე ნაძვის ხეების, თოვლის პაპა-ბაბუა-სანტა კლაუსების გარემოცვაში ხვდები და ახალი წელიც შენი ბიოკალენდრის (იმედია, ასეთი ტერმინი არსებობს) განუყოფელი ნაწილი ხდება. ნაწილი ხდება თავისი თანმდევი ატრიბუტებითა და საქმიანობით (ჩვენში თუ დუ ლისტს რომ ეძახიან)…
ახალ წელს აუციელებელ გასაკეთებელთა სია: (არსებობს ოფიციალური ნუსხაც, რომლის დანამატსაც წარმოადგენს ჩემი შემოთავაზება. საქმეების ჩამონათვალი არ არის მნიშვნელობისა და პრიორიტეტულობის მიხედვით დალაგებული)
- სახლის დალაგება, ე.წ. საახალწლო “უბორკა”;
- ზაფხულის ტანსაცმლის შენახვა და ზამთრის ბოლომდე გამოლაგება;
- ნაძვის ხის ყიდვა-მორთვა;
- საჩუქრების შეძენა ნათესავ-ახლობლებისთვის;
- საცობში მოხვედრა;
- ბაზრობაზე წასვლა;
- კორპორატიული საჩუქრების მიღება-გაგზავნა;
- ახალი ტანსაცმლის შეძენა;
- ფბ-ზე მილოცვის დაწერა;
- კანფეტების მომარაგება;
- ტელევიზორის ყურება (ასაკის და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არსებობს ფილმებისა და გადაცემების მრავალფეროვანი არჩევანი);
- ტოლმის, საცივისა და გოზინაყის ჭამა;
- დალევა და/ან მოწევა;
- რამდენიმე სუფრის გამოცვლა რეკორდულ დროში;
- მთვრალზე და მოწეულზე გუნდაობა (თოვლის შემთხვევაში);
- უზომო რაოდენობის ასაფეთქებლების აფეთქება;
- 31 დეკემბერს საღამოს 10 საათზე სახლში ახლადგამომცხვარი პურით დაბრუნება;
- მეკვლის წინასწარ შეპირება და თავად მეკვლეობა;
- 22 იანვრამდე ყველასთვის განვლილი და დამდეგის მილოცვა სიტყვებით „გილოცავ ყველაფერს ერთად“…
ჰოდა, ამასთან დაკავშირებით, მაქვს კითხვები, რომლებიც, როგორც ჩვენთან იტყვიან, სავსებით ლეგიტიმურია და რომელთაგან ბევრი უკვე ბანალურია, მაგრამ მაინც გახსენებთ:
- საცივი და გოზინაყი სხვა დროსაც ხო შეიძლება?
- ესეც წითელი კვერცხი ხომ არ არის, სამკვირიანი სასიცოცხლო ციკლი რომ აქვს მხოლოდ წელიწადში?
- 3-4 თვის სამყოფ ფულს ამ ერთ თვეში რატომ ვხარჯავთ? ღირს შემდეგ ვალების და კრედიტების გასტუმრებად 1 თვიანი „დამხობა“?
- სანტაკლაუსია, თოვლის ბაბუა, თუ რაც ჰქვია, მართლა არსებობს? და თუ არ არსებობს, ერთმანეთისთვის საჩუქრების გასაკეთებლად, რა საჭირო იყო ამ ტიპის მოგონება?
იმედია, შემდეგ ახალ წლამდე ვუპასუხებთ ამ კითხვებს!!!
პ.ს. ვიკითხე უბრალოდ 🙂