სათაური ისეთია, რომ ამის მერე ნამდვილი შერლოკ ჰოლმსი უნდა იწყებდეს ავტობიოგრაფიას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს იგი უფრო სხარტად, ინფორმაციულად და ორიგინალურად მოყვებოდა. მე კი უბრალო ზურიუსი ვარ, რომელსაც გაუმართლა და შერლოკ ჰოლმსის ქუდი (დღემდე ამაზონზე ვარ ჩასაფრებული და გამყიდველი 30 დოლარს ფეხს არ უცვლის, ლარი კი დღითიდღე უფასურდება) დაახურეს. „შერლოკი“ გახლავთ ფეისბუკში აგორებული ფოტოკონკურსი, რომელიც გამჭრიახ ადამიანებს უყრის თავს. ჰოდა ამ წამოწყების საიმიჯო კამპანიაში, სხვებთან ერთად, მეც ჩამრთეს. ბევრი არაფერი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ქუდის დახურვის ოცნება ამისრულდა.
ბავშვობიდან მინდოდა, ვიღაც გამოვსულიყავი. გარდა ზრდასრული ადამიანისა, რასაკვირველია. ჯერჯერობით მართლა არ ვიცი, ვინ გამოვედი, თუმცა მიხარია, რომ ყველაფერს ვარ მოდებული, რაც კი როგორმე მაინც მეხება. ჰოდა, იმას ვამბობდი, ბავშვობაში ვიღაცაობა მინდოდა-მეთქი, რომ თავს ხან მეფედ წარმოვიდგენდი, ხან ოპერის მომღერლად, ხანაც იშვიათი ნიჭით დაჯიდოებულ გენიოსად. ამიტომ იყო, რომ ერთი პერიოდი ძალიან დიდი სურვილი მქონდა, გამოვსულიყავი არქეოლოგი და მესწავლა ლათინური, ძველეგვიპტური და რომელიმე შუააზიური მკვდარი ენა.
ამასობაში შერლოკ ჰოლმსის ისტორიების წაკითხვის დროც მოვიდა, რის შემდეგაც მისი თვალთახედვით დავიწყე ცხოვრების ჭვრეტა. შეძლებისდაგვარად, რა თქმა უნდა. თუ სხვას შერლოკი, როგორც გამომძიებელი აინტერესებდა, მე მის ადამიანურ თვისებებში ვიქექებოდი, რადგან მჯეროდა, რომ ყველაფერი მარტივი ადამიანურობებით იწყება და მათში ვლინდება. ამ კვლევაძიებაში შერლოკის ერთ-ერთი უმაგრესი რეინკარნაცია, სერიალი „ექიმი ჰაუსი“ გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო ჩამითრია ადამიანის აზროვნების ენიგმაში.
მართლაც, როგორ აზროვნებს ჰოლმსი ან იგივე ჰაუსი? გვარებში დამთხვევა დააფიქსირეთ? Home/House. ჰაუსი რომ იგივე ჰოლმსია, ამას უოტსონისა და უილსონის გვარების მსგავსებაც ადასტურებს და ბინის მისამართის ნომერიც. მიუხდავად იმისა, რომ ჰოლმსი ჯენტლმენია, ხოლო ჰაუსი – ნაძირალა, მათში მთავარი იდეაა ჩადებული, რაც ინგლისურად ასე ჟღერს: think outside the box. დიახ, ორივე მათგანი საქმეს არატრადიციული მიდგომებით იკვლევს. თუ ერთისთვის მანჟეტზე საჭმლის ლაქა დანაშაულის გახსნის გასაღებია, მეორისთვის დაავადების სიმპტომია. და, საერთოდაც, განსხვავებულად აზროვნება ძალიან მაგარია! ერთი პირობაა მხოლოდ: ამის ნიჭი უნდა გაგაჩნდეს.
ხელოვნურად თავის მოგიჟიანება, ადრე თუ გვიან, დაგარწმუნებთ, რომ საქმის ჩვეული და რაციონალური ხერხებით კეთება უფრო მეტ წარმატებას მოგიტანდათ და ნაკლებ დროს დაგაკარგინებდათ. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირად საკუთარ თავს არ ვუტყდებით, რომ „მე ვარ განსაკუთრებულსა“ და „მე მინდა განსაკუთრებული ვიყოს“ შორის დიდი განსხვავებაა.
აქედან გამომდინარე, ჩემი შერლოკი მხოლოდ მოჩვენებითია. თუნდაც იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცი, ვინ ვარ, რამდენი ვარ, ვემონები თუ არა ტიპობას და მართლა გამოვალ თუ არა ის, ვინც მინდა ვიყო. თუმცა, ცდად ნამდვილად ღირს, რაშიც ამ პოსტის წერამაც დამარწმუნა: დაიწყე, გაგიჭირდება, დაისვენე, გადაიკითხე, ჩაასწორე, გააგრძელე და აუცილებლად შეძლებ შენი სათქმელის ჩამოყალიბებას. შერლოკი ეს ნებისმიერი საქმის პროგრამა მაქსიმუმია, რომელიც თუნდაც იმიტომ უნდა გააკეთო, რომ ყველაზე მძიმე სენით, სიზარმაცით არ დაავადდე. მიიღეთ ერთი კოვზი შერლოკი დღეში და მორჩა.