იყო და არა იყო რა… არც ერთი ღონისძიების დასასრულის დაწყებას არ მოუხდებოდა ეს სიტყვები, როგორც ჯეპრას კონკურს მოუხდა და სწორედ ამით დაიწყო ჩემი მისასალმებელი სიტყვა დღეს, კონკურსის დასკვნით ცერემონიალზე.
ეს სცენარის ნაწილი იყო, თან ლოგიკურად მიება მიკროფონის მუშაობის კიდევ ერთხელ დატესტვას, ნაცვლად სიტყვებისა: “ყურადღება, ყურადღება”, ან თუნდაც,” რას, რას, ერთი, ორი”..
ზღაპარი ზღაპარში და კიდევ ზღაპარში..
მოკლედ, მხოლოდ ახლა დავიწყებ:
იყო და არა იყო რა. კომპანია ჯეპრა ყველამ იცის, ჰოდა, კომპანიამ ერთ დღეს, უფრო ზუსტად კი სექტემბერში გამოაცხადა, ძალიან სახალისო კონკურსი დიზაინერებისთვის. კონკურსი გულისხმობდა, ზღაპარ “რწყილი და ჭიანჭველას” შესახებ ილუსტრაციების შექმნას.
იგი რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი: ჯერ მონაწილეებს უნდა გამოეგზავნათ ზღაპრის ილუსტრაცია დათქმულ დროში, შემდეგ ჟიურის უნდა შეერჩია სამი საუკეთესო ნამუშევარი, რომელთა ავტორებს მიეცემოდათ დამატებითი დავალება. და აი, ამის შემდეგ, ჟიური გამოავლენდა ერთ გამარჯვებულს.
დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ეს დასკვნითი ცერემონიალი.
დღევანდელი საღამო, მხოლოდ გამარჯვებულის გამოვლენით არ იყო მნიშვნელოვანი. გამოიფინა ყველა მონაწილის ნამუშევრები. ეს ნამდვილი სანახაობა იყო, რადგან, შენს თვალწინ 28 სხვანაირად დანახული რწყილი და ჭიანჭველა იშლებოდა. ისეთი, როგორსაც შესაძლოა არავინ ხედავდით.
მაინც როგორი შეიძლებოდა ყოფილი რწყილი და ჭიანჭველა? ზოგი 3D-ში დახატული, ზოგი, რვაფეხა რწყილით, ოთკუთხედი ან სულაც ღიპიანი ღორით, კატა დიიიიიდი, ძალიან დიდი თვალებით და შეშინებული თაგვი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად, საოცარი ჟინით იცავს საკუთარ მონაპოვარს-თხილს… 28 სრულიად განსხვავებული ილუსტრაცია, სრულიად განსხვავებული მოსაზრება, სრულიად განსხვავებული ფერები. ყველა ფერი! ეს მართლაც საოცრება იყო.
ზღაპარი, ხომ ჩვენი ბავშვობის რეალობაა, როცა ვითხოვთ, რომ ზღაპრები წაგვიკითხონ?! როცა პატარები ვართ გვინდა რომ მეტი ფერადი ამბავი მოვისმინოთ. შემდეგ ვიზრდებით, ვვითარდებით და ჩვენ ვქმნით ზღაპრებს, ვაკეთილშობილებთ გარემოს, რომელშიც რეალურად ვცხოვრობთ.
ეს იყო დაბრუნება საოცარ სამყაროში!
როცა, ჩვენ ყველანი, კონკურსში მონაწილეები და საოცრად კარგი ჟიურის წევრები, გია გუგუშვილი, თამაზ ვარვარიძე, გოგა ჩანადირი, ეკატერინე ჟვანია, სოსო გალუმაშვილი დავბრუნდით ბავშვობაში და საზოგადოებას სხვაგვარი “რწყილი და ჭიანჭველა” შევთავაზეთ.
დღეს, გამარჯვებული გამოვლინდა, ეთო გზირიშვილი, რომელმაც, საოცრად დამახასიათებელი სახე შექმნა ღორისა. მას ჯეპრას დირექტორმა, ეკატერინე ჟვანიამ საჩუქრად ვაკომის ა3 ზომის სახატავი პლანშეტი გადასცა, რომელზეც ალბათ უამარავ ლამაზ ნამუშევარს შეასრულებს.
გილოცავთ ეთო! ვულოცავ ასევე ზურაბ მარხვალშვილს, რომელიც მხატვარ, გია გუგუშვილის რჩეული გახდა და სპონტანური საჩუქარი მიიღო.
საინტერესოა რა ხდებოდა კულისებს მიღმა..
ყველაზე ძალიან რაზეც ვინერვიულე, იყო ის, რომ დანიშნულია ღონისძიება და ბიბლიოთეკაში შუქი არ იყო მთელი დღის განმავლობაში. არ ვიცი თელასში და საჯარო ბიბლიოთეკის პიარ დეპარტამენტში რამდენი ზარი გავაკეთე.. მაგრამ ჯეპრა რა ჯეპრაა, თუ გეგმა #2 არ ექნებოდა? სასწრაფოდ მოვიშველიეთ გენერატორი, რომელიც საბოლოო ჯამში არ დაგვჭირდა.
კულისებს მიღმა კიდევ ბევრი რამ ხდებოდა, საინტერესო და გამოცდილებისთვის საჭირო პირადად ჩემთვის, ჭკუის სასწავლებელი და დამაფიქრებელიც.
და რა იქნებოდა საღამო სელფის გარეშე? ისიც ბევრი იყო და ამ სელფის დროს, მე ალბათ ისევ კულისებს მიღმა ვიყავი..
მოკლედ, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება და ჩემს დღევანდელ ზღაპარს ახლა აქ მოვრჩები.
ჭირი იქა, ლხინი აქა.
მომავალ კონკურსის გამოცხადებამდე მეგობრებო!