ამბობენ, რომ კბილები ენის წინ იმიტომ არის, რომ ენა არ გვისწრებდეს წინ, თუმცა… ჭკვიანი და გაწონასწორებული ადამიანები უჭკუო და გაუწონასწორებელი ადამიანისაგან იმით განსხვავდებიან, რომ პირველნი ჯერ ფიქრობენ და მერე ამბობენ, მეორეს კი ენა უსწრებთ კბილების წინ.
ხანდახან ადამიანები დაუფიქრებლად და იმპულსურად ვტკენთ ერთმანეთს გულს, პირში მივახლით რა შეულამაზებელ, მწარე სიმართლეს ან დაუფიქრებლად ვამბობთ ისეთ რამეს, რაც რეალობას არ შეესაბამება და კონკრეტული მომენტისთვის, ემოციურ ფონზე არსებული მოსაზრებაა, რომელიც დაფიქრების და დამშვიდების შედეგად შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
ისეც ხდება, რომ ადამიანები იმდენს ვფიქრობთ და ვცდილობთ, ჩვენი ნათქვამით სხვა არ დავაზარალოთ, არ გავაღიზიანოთ ან არ ვაწყენინოთ, რომ საბოლოოდ იმისგან რადიკალურად განსხვავებულ რამეს ვამბობთ, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ. ხან კი, იგივე მიზეზით, საერთოდ არაფერს ვამბობთ, ვჩუმდებით და ჩვენ თავს ვაიძულებთ ამ სიჩუმით დავფაროთ ის, რასაც ვფიქრობთ – მთავარია არ ვაწყენინოთ სხვას.
რა არის სწორი? სად არის ოქროს შუალედი? ან კი არსებობს ასეთი ოქროს შუალედი საერთოდ?
ალბათ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ იმის შესახებ, უნდა გამოვთქვათ თუ არა ჩვენი მოსაზრება და როგორი ფორმით, თუ ის არის გააზრებული, მაშინ არის ახსნადი და უნდა იყოს გასაგები ყველასათვის. რამდენად იქნება მისაღები ეს ნამდვილად სხვა საქმეა და ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურია. როგორც რუსთაველი ამბობს “ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.”
რაც მთავარია, თანაბრად ვცეთ პატივი აზრის გამოთქმას, განურჩევლად იმისა, ეს აზრი ჩვენია თუ სხვისი და მოგვწონს თუ არა. თუ თქვენ არ ცნობთ სხვა ადამიანების მოსაზრების გამოხატვის თავისუფლებას, არ გაგიკვირდეთ რომ ისინი არ სცნობენ თქვენსას.