ჩვენ საქმეში და ალბათ ბევრ სხვისაში კლიენტის (დამკვეთი, მომხმარებელი, დამკვეთი ორგანიზაციის წარმომადგენელი, საკონტაქტო პირი და ა.შ.) კმაყოფილება გადამწყვეტია წარმატებისთვის. ამის აღიარება, ერთი შეხედვით, უადვილესი რამ არის, მაგრამ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან, უფრო სწორად, გამოცდილების არ ქონიდან გამომდინარე, ქართული მომსახურების სფეროში, ზოგადად, და საკონსულტაციო ბიზნესის, კერძოდ, დიდი პრობლემა სწორედ კლიენტთან მუშაობა და მის კმაყოფილებაზე რეალური „ზრუნვაა“.
პრობლემა ორ რამეშია, ჩემი დაკვირვებით. ერთი ისაა, რომ კლიენტზე ჭკვიანი ჰგონია კონსულტანტების უმეტესობას თავი და ვერ იღებს მისგან კრიტიკასა და შესწორებას. ზურგს უკან შეიძლება დასცინოდეს კიდეც და შიგადაშიგ წუწუნებდეს, ამას(თ) ვერაფერი შევაგნებინეო. ამასთან, კლიენტი არის ის სუბიექტი, რომელიც სულ დავალებებს გაძლევს, გასაქმებს, დილას არ გაძინებს, დასვენების დროს სმს-ებს გწერს, დილას სამსახურში რომ მიხვალ მეილს გახვედრებს და თან სულ უკმაყოფილოა, სულ მეტი და მეტი უნდა. ერთი სიტყვით, გტანჯავს!
აი, ამ ორ უკიდურესობას შორის ვართ მომსახურების სფეროს ქართველი წარმომადგენლები და ვიტანჯებით მუდამ. თან, კლიენტებსაც ვტანჯავთ, შეძლებისდაგვარად. არადა, მთავარი პრობლემა მაინც სიყვარულის დეფიციტშია. უბრალოდ, საქმე და შრომა არ გვიყვარს და შესაბამისად, დამკვეთსაც ვერჩით.
მოკლედ, რაც არ უნდა ხდებოდეს შენს თავს და როგორ ხასიათზეც არ უნდა იყო (განსაკუთრებით ნაბახუსევზე), მთავარია შენი მომხმარებელი გიყვარდეს და „კლიენტ ვსიგდა პრავ“-ი მარტო გამყიდველზე გაბრაზებულს არ უნდა გახსენდებოდეს. თან, შეგიძლია, შემდეგი მარტივი რჩევები გაითვალისწინო და გაიადვილო ცხოვრება:
1. ყოველთვის უპასუხე კლიენტის ზარს. შენ შეიძლება რამე არ გქონდეს გაკეთებული, რაღაც კითხვაზე არ გქონდეს პასუხი, ან დავალება უბრალოდ დავიწყებული გქონდეს, მაგრამ აუცილებლად უპასუხე, ან თუ ვერ უპასუხებ, მალევე გადაურეკე. დიდი შანსია, რომ საერთოდ სხვა რამეზე გირეკავდეს;
2. პერიოდულად, კვირაში ერთხელ მაინც, გადაამოწმე, მისი მოწერილი წერილები ან შეტყობინებები. შეიძლება რამე საქმე ორივეს გამოგრჩეთ და სჯობს პირველმა შენ ნახო, გააკონტროლო და წინ წაიგდო საქმე;
3. არ დაიზარო და თუ მართლა არ ეთანხმები, ეკამათე ბოლომდე კლიენტს ნებისმიერ იდეას. არ დაიშურო ამისთვის არაფერი, მოიყვანე მაგალითი, გაიხსენე ცხოვრებისეული ქეისები, სასწორზე დადე შენი თავი და უთხარი, რომ ცდება. მაგრამ თუ მაინც თავისებურად გააკეთა და არ გაამართლა ამან, არასოდეს უთხრა, ხო გეუბნებოდიო (საერთოდ ვერ ვიტან ამ ფრაზას)!
კიდე ბევრი წესია, მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავწერ ერთ პოსტში?!