იმისთვის რომ კომპანიამ გარემოსთან ადაპტაცია შეძლოს, მუდმივად უნდა ახდენდეს ტენდენციებზე დაკვირვებასა და ანალიზს. დინამიური შესაძლებლობების შექმნა დამოკიდებულია სიტუაციის ადეკვატურ შეფასებასა და ამ შეფასების შესაბამისად დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე.
ცალკე საკითხია რომ ახალი რეალობა (new normal) ყველგან სხვადასხვანაირად აღიქმება და სწორედ აქაა გაცხარებული კონკურენცია კომპანიებს შორის – ვინც ახალი რეალობის, სხვებთან შედარებით, ზუსტ შეფასებას აკეთებს, როგორც წესი, ისაა გამარჯვებული.
როგორ არიდებენ ინერციულ ტენდენციებს თავს კომპანიები და როგორ ცდილობენ შეამცირონ რისკები არაპროგნოზირებადი ეკონომიკური სიტუაციების დროს?
ინერციული ტენდენციებისთვის თავის არიდება ძალიან რთულია და არ არსებობს ფორმულა, რომელიც ამისგან დაგვაზღვევდა. კლასიკურ დილემამდე მივდივართ – ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზს თავისთავად სჭირდება სოლიდური რესურსები.
როგორც წესი, კომპანიების უმეტესობა ზომიერების პრინციპის დაცვას ცდილობს და საქმიანობის ნაწილს კვლევას, ხოლო მეორე ნაწილს გამოცდილებაზე დაფუძნებულ, კომპეტენტურ მარჩიელობას აფუძნებს.
არაპროგნოზირებადი ეკონომიკურ სიტუაციებში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასეთი ზღვარის სწორად შეფასება. ერთი მხრივ, კვლევაზე დიდი რესურსის დახარჯვა, შესაძლოა, არარენტაბელური იყოს, რადგან ამ კვლევის შედეგი ღირებული არ იყოს, მეორე მხრივ, მხოლოდ მარჩიელობაზე დაყრდნობაც, ალბათ, გამართლებული არაა. სამწუხაროდ, არაპროგნოზირებადი ეკონომიკური სიტუაციისას, პირველ რიგში, სწორედ მარკეტინგისა და კვლევის ხარჯებს ამცირებენ ხოლმე.
რა დროს იღებენ კომპანიები დიდ შემოსავალს; მაშინ, როცა ახდნენ სტრატეგიების ადაპტირებას თუ როდესაც ქმნიან სრულიად ახალ სტრატეგიებს?
ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. მე დივერსიფიკაციისა და ექსპერიმენტების მომხრე ვარ. რადგან არავინ შეგვიძლია მომავლის წინასწარმეტყველება, ამიტომ, უმჯობესია არსებულ მიმართულებებზე მუშაობა გავაგრძელოთ, ამავდროულად კი – ახალ სტრატეგიებზე ფიქრიც არ შევწყვიტოთ.
როგორ შეიძლება მოვახდინოთ ინოვაციების ფასილიტაცია დისტანციური მუშაობის რეჟიმში?
ინოვაციების განვითარების ტემპს ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს. თუ დავუშვებთ რომ იზოლირებულად ვმსჯელობთ დისტანციურ რეჟიმზე, როგორც ერთადერთ ფაქტორზე, მაშინ ინოვაციების ფასილიტაციისთვის აუცილებელია არსებული ტექნოლოგიების ზედმიწევნით შესწავლა და მათი დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ადამიანები არსებული ტექნოლოგიების შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებენ.
მთავარი ბარიერი, ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიების ცოდნის დაბალი მაჩვენებელია.
ცვლილებების მართვის ნაბიჯები – რომელ მოდელს იყენებთ ხშირად?
ჩემი აზრით, ლევინის სამფაზიანი მოდელი (გალღობა, ცვლილება, ჩაბეტონება) კარგად გამოხატავს ცვლილების ბუნებასა და ცვლილების პროცესში მყოფი ორგანიზაციის სხვადასხვა მდგომარეობებს.
პანდემიიდან გამოსვლის ცვლილების თეორია – რომელი მოდელია ყველაზე ეფექტური და პრაქტიკული.
ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური იქნება ონლაინ და ოფლაინ მუშაობის სინერგიის მიღწევა. როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა, ორივე მიდგომას აქვს პლუსები და მინუსები.
ჩემი ზედაპირული ცვლილების თეორია ასეთია – თუ მოვახერხებთ და დავნერგავთ ჰიბრიდულ მოდელს, რომელიც ონლაინ და ოფლაინ მუშაობის უპირატესებობის საუკეთესო მხარეებს გაითვალისწინებს და სისუსტეების მინიმიზაციას მოახდეს, მაშინ, შედეგად მივიღებთ უფრო ეფექტურ და ეფექტიან ორგანიზაციულ პერფორმანსს.