ოთხშაბათი
ოქტ272015

წარმატება – მქონოდა რწმენა, რომელიც მაშინაც მაჩვენებდა გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე…

წარმატება - მქონოდა რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე...

 

ხშირად მსმენია: “თუ გსურს გახდე წარმატებული, მზად იყავი ამისთვის…” თუმცა, მაინც მგონია, რომ წარმატება პირობითია, შედარებითი და ფარდობითი საკუთარი შესაძლებლოების – გააჩნია რა დროს, რა პერიოდში, რისთვის ხარ მზად ან რისი მიღწევით ხარ კმაყოფილი.

სკოლის დამთავრებამდე წვრილმანი წარმატებები პერიოდულად თან მსდევდა. ერთ-ერთი იყო, როდესაც ტექნიკურ საგნებზე შეყვარებულმა სკოლის მათემატიკურ ვიქტორინაში გავიმარჯვე და „ტექნიკურად მოაზროვნის“ სიგელი გადმომცეს.

მართალია, ძალით დამამთავრებინეს მუსიკალური შვიდწლედი ფორტეპიანოს განხრით, მაგრამ არც აქ ვიყავი „უკანასკნელი“ და გარკვეულ წარმატებას მივაღწიე… მართალია, შენობაში შესვლისთანავე მუდამ „მუცლის ტკვილით ვკვდებოდი“, მაგრამ მაინც… ალბათ წარმატება იყო, როდესაც 7-10 წლის კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვუკრავდი და ოცდაათამდე მსენელი გულწრფელ აპლოდისმენტებს იმეტებდა. მართალია, იმ ოცდაათიდან 5 ჩემი ოჯახის წევრი იყო და დანარჩენები სხვა მონაწილე ბავშვების მშობლები და ახლობლები,  მაგრამ მაინც…

წარმატება - მქონოდა რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე....

ამას მოჰყვა სტუდენტობა, როცა მისაღები გამოცდები ჩავაბარე და საკუთარი სახელი და გვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მაღლივ კორპუსში გამოკრულ სიებში ამოვიკითხე… ბედნიერი და იღბლიანი სტუდენტობა არ მქონია და შესაბამისად, ვერც უნივერსიტეტში გამოვიჩენდი  თავს, მაგრამ მე მიყვარს  ის 5 წელი…

შედარებით მნიშვენლოვანი წარმატება პირველად ჯერ კიდევ წინა საუკუნეში მოვიდა, როდესაც პროფესიით ეკონომისტმა ჟურნალსიტიკაში გაუცნობიერებლად ამოვყავი თავი და საკუთარი სახელი და გვარი გაზეთის  „ახალი შვიდი დღე“ ფურცლებზე ერთ-ერთი ანალიტიკური სტატიის ქვეშ ამოვიკითხე… უბედნიერესი ვიყავი და ძალიან წარმატებულადაც ვგრძნობდი თავს!

შემდეგ „დილის გაზეთში“ აღმოვჩნდი… და ერთ მშვენიერ დღეს, 24 გვერდიანი  ნომრის მორიგე რედაქტორობაც კი შევძელი…

მართალი ყოფილა, რომ მეორე შანსი იშვიათობაა, ამიტომ უნდა გამოიყენო ყოველი არსებული… და მეც გამოვიყენე! ეს იყო ჩემი წარმატების გასაღებიც!

წარმატება - მქონოდა  რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა  გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე...

აი, ჩემი ე.წ. SALVE! (ასე ერქვა მორიგე რედაქტორის სვეტს, როდესაც ის პირველად ირგებდა ამ როლს): „საერთოდ, ბედნიერი დროა, როცა ნება გეძლევა, ილაპარაკო ის, რასაც განიცდი: ჰოდა დავიწყოთ: „ჩემი „ნამოღვაწარი“ შეიძლება, ბევრს არც მოეწონოს, ან პირიქით, ერთნი აუცილებლად იტყვიან, ძლიან კარგი იყოო, მეორენი კი, საავტორო წერილის არარსებობის გამო, მუქთახორას დამიძხებენ. ესეც და ისიც ტყული იქნება, მაგრამ შეფასებას მაინც ველი.

და ბოლოს, ცნობილ ესპანურ ანდაზას – „არავის ურჩიო ომში წასვლა, ზღვაში გასვლა, ცოლის მოყვანა“ – ერთს დავუმატებდი: „და მროიგე რედაქტორობა“.

ამასთან, იმასაც აღვნიშნავ, რომ ვისაც  ყველაფერი გარეთ გამოაქვს, შიგნით აღარაფერი რჩება, ამიტომ ცოტა რამ ჩემთვის სამომავლოდ დავიტოვე!“

წარმატება - მქონოდა  რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა  გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე...

წარმატებას – გქონდეს სახლი და გყავდეს ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ – მივაღწიე!

წარმატება – მქონოდა  რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა  გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე….

მართალია, ზოგჯერ მოძრაობის წესები დავარღვიე, მაგრამ მაინც… შეცდომები იქცევა წარუმატებლობად, როდესაც უარს ვამბობთ მათ გამოსწორებაზე. მე „ისინი“ შეძლებისდაგვარად გამოვასწორე!

მქონოდა ზეინტერესი ან საზრუნავი, რომელიც სიმშვიდეს და სიამოვნებას მომანიჭებდა, ამას კესოს და მაროს სახით მივაღწიე! იმის გაცნობიერება, რომ “ამაზე ბევრად უკეთესი შეუძლებელია იყოს რამე!”, უკვე წარმატებაა!

წარმატებას – იცოდე ვინ ხარ და ვისი ხარ… ვერ მივაღწიე! წარმატების პიკზე ვიყავი, მაგრამ ყველაფერი „დამემსხვრა“. ნამდვილი სიყვარული აგებულია პატივისცემაზე. მართალია, გატაცებებსა და ვნებებში არაფერი ცუდი არ არის, მაგრამ ეს არასოდეს არის საკმარისი. თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება ამის ძიებაშია… მადლიერი ვარ, რომ კიდევ მაქვს დრო, რომ ეს ყველაფერი გავაანალიზო და განვსაზღვრო!

ჩემი წარმატება ახლა ყოველდღიურია: „დღეს წარმატებაა  როდესაც ყოველდღე,  სახლში წასვლისას, ოფისის კარს მივიხურავ და ვიცი, რომ ძალიან კარგად თუ არა, შეძლებისდაგავარდ ვიმუშავე…“

ველი წარმატებას – მქონდეს ფინანსური უსაფრთხოება, რათა შევძლო ყოველთვიური ვალდებულებების დაფარვა და იმის ცოდნა, რომ გარდაცვალების შემთხვევაში (თუნდაც 100 წლის შემდეგ), ჩემი ოჯახიც იქნება უზრუნველყოფილი. გრძელვადიანი ბედნიერება და სიმშვიდე არის იშვიათობა და შესაბამისად, წარმატებაც თავისით არ მოდის. გავიაზრე, რომ სხვა ადამიანები მას ვერ შექმნიან ჩემთვის – ეს უკვე წარმატებაა!

და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ წარმატება არ გულისხმობს ოჯახურ ვახშამს კვირაში რამდენჯერმე, მეორე ნახევრისგან საჩუქრებს ბევრი მუშაობის გამო. წარმატება ნამდვილად არ არის იმაზე ფიქრი, თუ როგორ იშოვოთ მეტი ფული, როცა უკვე იმაზე მეტი გაქვთ, ვიდრე დახარჯვა შეგიძლიათ. წარმატება არ ნიშნავს დადიოდე და არ ითვალისწინებდე იმას, რასაც იქ ისმენ.  და კიდევ… წარმატება არ ნიშნავს მუშაობას გართობის გარეშე…

ახლა სწორედ ამის დროა!!!

წარმატება - მქონოდა  რწმენა, რომელიც მაშინაც მიჩვენებდა  გზას, როცა შესახვევი არსად ჩანდა, გამოვიარე...

P.S. ნაკლები ილაპარაკეთ ჭამასა და სექსზე… არც ეს არის ბედნიერება და წარმატება…. პირიქით,  (ზე)მომეტებული ინტერესი, თქვენს ცხოვრებაში სწორედ მის (ზე)დეფიციტზე მიანიშნებს!

თუმცა, ამაზე შემდეგ პოსტში მოგახსენებთ! 🙂 

 


მაია ტაკაშვილი,
მედია კონსულტანტი
Share Button

საუკეთესო სტატიები