მართვა – ხასიათის თავისებურება, ხელოვნება და მეცნიერება

მართვა – ხასიათის თავისებურება, ხელოვნება და მეცნიერება

მართვა, ეს არის ხელოვნება და მეცნიერება, პრინციპებისა და თეორიების ერთობლიობა, რომელიც გამყარებულია ექსპერიმენტებით.

მართვა, ეს არის მეცნიერება, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნდა გადააქციო ქაოტური, ინდივიდუალური და თვითმყოფადი ელემენტები ორგანიზებულ პროცესად და გამოიყენო ის შენი მიზნების განხორციელებისათვის. მიზანი ყოველთვის არ არის იდეალური, თუმცა მართვის ხელოვნება თავის თავში აუცილებლად მოიცავს იდეალურ გზებს მიზნის მიღწევისათვის. მართვა ხელოვნებაა, თეორიების პრაქტიკაში განხორციელებისათვის. მართვა, ეს არის ის, რაც ლიდერს აძლევს საშუალებას წარუძღვეს სხვებს და წაიყვანოს ისინი, მისთვის სასურველი მიმართულებით.

საბოლოოდ, მართვა, ეს არის თანდაყოლილი უნარი, ხასიათის თავისებურებათა ნაკრები, რომელიც ან გაქვს ან არ გაქვს. ამ უნარის შეძენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ის შეიძლება მხოლოდ განავითარო. ხელოვნება და მეცნიერება ხომ სწორედ განვითარებაშია.

მმართველს გააჩნია უნიკალური უნარი: ის აჩენს და ავითარებს მოტივაციას, რომლის ძალითაც, ადამიანები დაუღალავად მიისწრაფიან დასახული მიზნის მისაღწევად და ამ მიზანს აიგივებენ პირად მიზნებთან; პირადი მიზნის მიღწევისათვის კი ადამიანი თავდაუზოგავად იშრომებს, შეუძლებელს შეძლებს. მთავარია შთააგონო, რომ შენი მიზანი მისი მიზანია, შენი წარმატება მისი წარმატებაა, შენ და ის ერთნი ხართ.

სუნ ცზუ თავის უნიკალურ ნაშრომში მართვის შესახებ – „ომის ხელოვნება“, წერს: „მიუდექით ჯარისკაცებს, როგორც საკუთარ შვილებს და ისინი გამოგყვებიან ყველაზე ღრმა ხეობაში; მიუდექით მათ, როგორც უსაყვარლეს ვაჟს, და ისინი თქვენს გვერდით იდგებიან სიკვდილშიც კი“.

მმართველი თავის თანამებრძოლად ყოველთვის ირჩევს საუკეთესოს, ვინაიდან სუსტი და შეუმდგარი ადამიანები ისტორიას ვერ ქმნიან. მმართველი აცნობიერებს, რომ მისი მთავარი იარაღი არის მართული. შესაბამისად, ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მართული იყოს თავის საქმის პროფესიონალი, რომელსაც მმართველი მისცემს სწორ დავალებას, მიანიჭებს სრულ უფლებამოსილებას და თავისუფლებას, რათა შექმნას იდეალური პროდუქტი და ამით მმართველს დაეხმაროს მიზნის მიღწევაში.
პასუხისმგებლობის განაწილება და ნდობა – ეს ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომლის გარეშეც მმართველი ვერ შედგება. მიეცი მიმართულება და თავისუფლება მართულს, რათა ქმნას და თავი მოიწონე შენი მართულით და მისი ქმნილებით.

Leadership chess

თანამედროვე სამყაროში მმართველი არის მენეჯერი. მისი ძალისხმევით – სწორი მენეჯმენტით იქმნება სახელები/პროდუქტები/ბრენდები, მათზე მიჯაჭვულობა და საბოლოოდ ისტორია, მომავალი თაობებისათვის. კარგი მენეჯერი არ შეიძლება გავაიგივოთ რომელიმე დარგის კარგ სპეციალისტთან. კარგი მენეჯერი არის ის, რომელსაც შეუძლია შემოიკრიბოს და წინ გაუძღვეს საუკეთესო სპეციალისტებს. კარგი მენეჯმენტი ნიშნავს კარგ სტრატეგიას, ორგანიზებას, ადეკვატური შეფასების უნარს, შეზღუდული რესურსების ეფექტურ გამოყენებას, სწორი კადრების შერჩევას, საქმიანობის მუდმივ მონიტორინგს და შეფასებას, შეცდომების აღიარებას და გამოსწორებას, პასუხისმგებლობას, წინსვლას, განვითარებას და საბოლოოდ იმ რესურსების – ადამიანების განვითარებაზე ზრუნვას, რომლებიც მიიყვანენ მას იდეალურ მიზნამდე.

ჩემი 13 წლიანი კარიერის მანძილზე შევხვდი და ვიმუშავე ბევრ მენეჯერთან. ისინი, თითქმის ყველა, ცნობილი და მეტ-ნაკლებად წარმატებული ადამიანები არიან, მე კი მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გამოყოფა შემიძლია. თითოეული ყოფილი უფროსისგან ბევრი რამ ვისწავლე პროფესიული კუთხით, იმ ორმა კი მომცა მთავარი – ჩემში გააღვივეს და განავითარეს მმართველი. მათი წყალობით შევძელი მემართა და მოტივირებული მყოლოდა საუკეთესო თანამშრომლები და მათთან ერთად მიმეღწია ყველა დასახული მიზნისათვის. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით – ჩვენ ერთად მივდიოდით ერთ გზაზე, არა ერთმანეთის უკან, არამედ ერთმანეთის გვერდით.

ჩემი ყოველი, მორიგი სამსახური თითქოს ახალი პროექტი იყო – უნდა წამომეწია იდეა, დამეგეგმა სამუშაოები, მემუშავა განხორციელებაზე, მუდმივად მეკონტროლებინა თუ სად/რა/როგორ კეთდებოდა, ბოლოს წარმატებით დამეგვირგვინებინა და შევდგომოდი ახალ პროექტს – ახალ სამსახურს. აღმოვაჩინე, რომ ყოველი დასახული მიზანი არის პროექტი, რომელშიც სრულად უნდა დაიხარჯო და თუ პროექტს სწორად მართავ, ეს იქნება წარმატების გარანტია. ასე მომივიდა იდეა, საფუძვლიანად შემესწავლა პროექტების მართვა.

თუმცა ამაზე სხვა დროს მოგიყვებით…

//]]>