როგორი ოფისი გინდათ?

ოფისი. პირველი რა მოგვდის თავში ამ სიტყვაზე? როცა ლინქდინზე ეს კითხვა დავსვი, პასუხების უმეტესობა, ხუმრობით თუ სერიოზულად, “ჟალუზები” და “გარემო” აღმოჩნდა. როგორც ამ მინიკვლევისგან დასტურდება, ოფისი ჩვენთვის უფრო ფიზიკური განსაზღვრების მატარებელია, ვიდრე არამატერიალური და, მაგალითად, შემოქმედებითი მნიშვნელობის. ის, თუ როგორ ვსაუბრობთ სამუშაო გარემოზე, მეტყველებს ჩვენზე, ჩვენს კმაყოფილებასა და სამსახურისადმი დამოკიდებულებაზე. ახლა მეორე თემა: რატომ ნაკლებად ასოცირდება ოფისი შემოქმედებითობასთან? ჩემი აზრით, ამ კითხვის პასუხი, ნაწილობრივ, პირველ აბზაცში უნდა ვეძებოთ. ყველაფრის თავი და თავი ის გარემო და ჩვენ გარშემო არსებული რეალობაა, რომელიც დაგვახვედრეს და სადაც მუშაობა გვსიამოვნებს ან გვიწევს. ამასთან ერთად, ყველას შემოქმედებითი სამსახური/სამუშაო არ გააჩნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ე.წ. არაკრეატივშიკული საქმიანობის ადამიანები რუტინულ ოთხ კედელში უნდა ისხდნენ. უბრალოდ, მჯერა, რომ ოფისი უნდა იყოს იქ მომუშავეთა ინტერესებზე(ც) მორგებული და არა მხოლოდ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე, რადგან საქმეს აკეთებს (უნდა აკეთებდეს) ყველა. ასე და ამგვარად, კიდევ ერთი კითხვა დავდე ლინქდინზე და ამჯერად უკვე ფეისბუკზე: როგორ ოფისში მუშაობას ისურვებდით? რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ყველაზე ნაკლებად შემხვდა გუგლის და ფეისბუკის ოფისების მსგავსი პასუხები. კომენტარების ავტორთა უმრავლესობა უმარტივეს დეტალებს ითხოვს: ნათელ ინტერიერს, ფანჯრებს, სიმწვანეს და კარგ სავარძელს. ანუ რეალურად არაფერს, გარდა ბუნებრივი სამუშაო გარემოსა, რასაც ისედაც ვესწრაფით. რაც შეეხება ზე კომფორტულ ოფისს, ათასნაირი სიფუმფულით, თავშესაქცევით და ა.შ. ამაზე პასუხს დამოუკიდებლად გაგცემთ: ყველაფერი კარგია, რაც ყურადღებას არ გიფანტავს და მუშაობის სურვილს აღგიძრავს და არაფერი ვარგა, რაც გთენთავს და პოტენციალს გიკლავს. ახლა კი კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიტანე და გამიხარდება, თქვენს აზრსაც თუ მოვისმენ: როგორი ოფისი გინდათ?