წიგნიერება, ჩემო კეთილო მეგობრებო, მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნა არ გეგონოთ. ეს არის ცოდნის შეძენის, გააზრებისა და გამოყენების ერთობლიობა. ეს არის უნარების ფართო სპექტრი, რომელიც აუცილებელია ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ინფორმაციული წიგნიერება კი, არის ცოდნა, თუ როდის და რატომ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, სად უნდა მოვიპოვოთ და როგორ უნდა შევაფასოთ, გამოვიყენოთ და განვავრცოთ ის.
რა მნიშვნელობა ენიჭება ინფორმაციულ წიგნიერებას ადამიანის ცხოვრებაში?
წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვართ ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც გვაქვს საკუთარი ცხოვრება – ოჯახი და სამსახური. ყოველდღიურად, ჩვენ გვესაჭიროება სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია.
პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა ინფორმაციაა საჭირო, რაში გვჭირდება და რა წყაროებიდან უნდა მოვიპოვოთ ის. ამ დროს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ შეკითხვა და როგორ მოვიძიოთ პასუხი მასზე.
იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხი ჩვენ მიერ დასხმულ კითხვაზე, უნდა მოვახდინოთ რესურსების იდენტიფიცირება: თუ სად უნდა მოვიძიოთ ეს რესურსები და რა ტიპის რესურსები არსებობს.
მოპოვებული ინფორმაცია და მისი მოპოვების წყაროები აუცილებლად კრიტიკულად უნდა შევაფასოთ – რამდენად შესაბამისი, სანდო და სწორია.
მოპოვებული ინფორმაცია იმგვარად უნდა გადმოვცეთ, რომ სხვამაც შეძლოს მისი გამოყენება. არ უნდა დავივიწყოთ წყაროს მითითება.
და ბოლოს, მიღებული ინფორმაცია უნდა გამოვიყენოთ დანიშნულებისამებრ და კორექტულად.
თუ ჩვენ, ინფორმაციის მოძიების პროცესი ასე დალაგებულად გავიარეთ, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვართ ინფორმაციულად წიგნიერი ადამიანი.
როგორ იქცევა ინფორმაციულად უწიგნური ადამიანი?
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS — Progress in International Reading Literacy Study) შედეგებით, მოზარდთა წიგნიერების დონე საქართველოში საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან, საქართველო 37-ე ადგილზეა. კვლევების მიხედვით, სასკოლო განათლების დონით საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთ ბოლო ადგილზეა.
2014 წელი საქართველოში „წიგნიერების წელი“ იყო. თუმცა, საზოგადოდ, საკითხი კვლავ ასე დგას – წიგნიერების დონე იზომება მხოლოდ წიგნის კითხვა/არ კითხვით. შესაბამისად, პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. ჩვენი განათლების სისტემა კვლავ ორიენტირებულია დიდი ოდენობით ინფორმაციის მიწოდებაზე. არადა, წიგნიერების დონის გასაზომად სხვა პარამეტრები გამოიყენება.
PIRLS-ის ტესტები ამოწმებს წაკითხულის გააზრების უნარს – რამდენად იგებს, იაზრებს ბავშვი სხვადასხვა ტიპის ტექსტიდან მიღებულ ინფორმაციას, შეუძლია თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება და დასკვნის გამოტანა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვა, ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა. შესაბამისად, თუ ჩვენ, მშობლები ვღელავთ ჩვენი შვილების ზოგადი წიგნიერების და ინფორმაციული წიგნიერების მაჩვენებელზე, ლოგიკური იქნება, თუ ჩვენს შვილებს მინზად დავუსახავთ არა დიდი მოცულობის ინფორმაციის ათვისებას, არამედ წაკითხულის გააზრებას, მსჯელობას და შესაბამისი დასკვნების გამოტანას.
პიროვნება, რომელიც ზოგად წიგნიერებასთან ერთად ინფორმაციული წიგნიერებით გამოირჩევა, გადაწყვეტილებებს იღებს ადეკვატური ინფორმაციის და შესაბამისი მსჯელობის, ანალიზის, დასკვნების გაკეთების საფუძველზე. ასეთი ადამიანები გამოირჩევიან პასუხისმგებლობით როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების წინაშე.
ქვეყნის განვითარებისათვის, აუცილებლად გვესაჭიროება წიგნიერი მომავალი თაობები. PIRLS-ის კვლევაში მონაწილეობა საქართველომ პირველად 2006 წელს მიიღო. კვლევა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში წიგნიერების დონე 2006 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ჩამორჩება საერთაშორისო საშუალო ქულას, 12 ერთეულით. ვნახოთ რას გვიჩვენებს 2016 წლის კვლევა.