„წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებანი“

„წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებანი“

წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებები

 

ბავშვობიდან „ცუდი“ ჩვევა მაქვს – სხვისი წიგნების კითხვა არ მიყვარს. ჩემი უნდა მქონდეს, საკუთარი. მიყვარს კალმით ადგილების მონიშვნა, ფრაზების ამოწერა და წლების შემდეგ ჩემი გაურკვეველი კალიგრაფიით დაწერილი ტექსტების ამაყი სახით გადაკითხვა. ესაა ჩემი „ოკეანე,“ თანაც ფერადი…

რამდენიმე დღის წინ, გულდასმით შევუდექი „ლურჯი ოკეანის სტრატეგიის“ გაცნობას, მოვიმარჯვე ჩემი კალამი და პირველივე გვერდზე ამოვიკითხე: „წითელი ოკეანეები მოიცავს იმ მძიმე რეალობას, რომელშიც სულ უფრო ხშირად ხვდებიან ორგანიზაციები; ლურჯი ოკეანეები კი განასახიერებს იმ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომელთა შექმნაც ძალუძს ორგანიზაციას ინდუსტრიის ისტორიის მაგალითებიდან გამომდინარე.“

წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებები

მონდომებულმა გავხაზე და რამდენიმე წამის შემდეგ გავიაზრე, თუ რატომ არის „წითელი ოკეანე“ ჩვენი, ადამიანების „გამქრალი ოცნებების“ ნავსაყუდელი. იმიტომ ხომ არა, რომ უმეტეს შემთხვევაში არაფერს ვცვლით, მივყვებით ცხოვრების დინებას, სხვების გამოცდილებით და სხვებთან მეტოქეობით ვაგებთ ჩვენს მომავალს?

ჩამოვშორდეთ ორგანიზაციებს, სტრატეგიებსა და კონკურენტებს და ჩვენს ირგვლივ მიმოვიხედოთ. სად ვართ, რას ვაკეთებთ, სად ქრება ჩვენი ოცნებების უმეტესობა, სად იკარგებიან იდეები, ან რა არის ჩვენი ფასეულობები? რთული საკითხია, თუმცა არც იმდენად, რამდენადაც ადამიანები ყოველთვის ბევრს ვფიქრობთ და ვართულებთ საქმეს.

წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებები

ეჰ… ჩვენ ხომ არ გვიყვარს ჩვენივე ქმედებების ან საქციელების სრული გაანალიზება, შეცვლა, წაშლა ან მითუმეტეს, ახლის მიღება –”ფასეულობის ინოვაცია.” სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, ამგვარი მიდგომა არ შეგვიძლია. არადა რა კარგი იქნებოდა, ყველას რომ გვქონდეს საკუთარ თავშივე ყველაფრის თავის ადგილზე დალაგებისა და “არ მეტოქეობაზე” ფიქრის ასევე ნაკლები დრო და სურვილი.

ჩვენი პრობლემა იცით რა არის? ალბათ დამეთანხმებით, რომ პასუხი სათქმელად მარტივია, შესასრულებლად – რთული: “როცა გსურს სინამდვილე ასახო, მაშინ უნდა იცნობდე კიდეც მას.” რა ვქნა, ბალზაკის “გამქრალი ოცნებანი” გამახსენდა. ალბათ სათაურიც გაგიკვირდათ დასაწყისში, არ მინდოდა თავიდანვე აღმენიშნა და შემდეგ ცოტათი მოწყენილებს წაგეკითხათ ჩემი ვითომ პესიმისტური ფრაზები.

ესეც ჩემმა გაცვეთილმა წიგნმა გამახსენა… აი იმ წიგნმა, ბავშვობის “ცუდმა” ჩვევამ, რომ გემრიელად წამაკითხა. მეგობრებო, ცხოვრების გზაზე “წითელ ოკეანეში” ვიკარგებით და თან ვკარგავთ ყველაფერ კარგს… არ იფიქროთ, რომ პესიმისტი ვარ. არც ის იფიქროთ, რომ უბრალოდ ვზივარ და ვწერ იმის შესახებ თუ რა უნდა გავაკეთოთ ადამიანებმა და რას არ ვაკეთებთ… იმიტომ ვწერ, რომ მე ჩემ წინ არსებულ “ფერად” ოკეანეში ნელ-ნელა, თუმცა ამაყად ვდგამ პატარა, მაგრამ ძალზედ საინტერესო ნაბიჯებს! ვიზრდები, ვმარცხდები, მაგრამ წინ მივიწევ და ვეძებ ჩემთვის სასურველს – შესაძლებლობების “ლურჯ ოკეანეს!”

წითელი ოკეანის გამქრალი ოცნებები