ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!

ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!

ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!

მოვიმარაგე ბევრი შოკოლადი, ყავაც მზად არის, ვიწყებ! ტრადიციული დილა მაქვს და ალბათ ერთ ბლოგპოსტს შოკოლადსაც მივუძღვნი ერთხელაც, ახლა კი სელფპრომოუშენზე ვისაუბრებ, როგორც საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენის ხელოვნებაზე. თვითრეალიზაციას, ისევე როგორც ახალი პროდუქტის გაცნობას, სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა, მიზნის დასახვა და ამ მიზნის მისაღწევად შესაბამისი პიარაქტივობების განხორციელება სჭირდება. საკუთარ თავს თუ მარკეტინგულად შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ადამიანი 4P-ია, – პროდუქტი, რომელსაც სჭირდება თვითშეფასება კონკურენტულ გარემოში სასურველი ადგილის შერჩევისა და პრომოუშენი სხვებისთვის თავის გაცნობისა და პოზიციების გამყარების მიზნით.

სელფპრომოუშენის ყველაზე ხშირი გამოვლინება სოციალურ ქსელში აქტიურობაა – ფოტომანია, თუ სტატუსომანია. რატომ ხდება რომ ზოგის ფოტო/სტატუსი გამაღიზიანებელია, ზოგს კი დადებითად ვაფასებთ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთნაირად აქტიურობს. პოსტების გამოქვეყნების ტექნოლოგია ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც რეკლამა და პიარი. ამიტომ საკუთარ თავს დავაბრალოთ, თუ ნარცისი გვიწოდეს.

სელფპრომოუშენს თუ განვიხილავთ, როგორც საკუთარი თავის სწორად წარმოჩენას, მაშინ გამოვრიცხავთ, რომ ეს გულისხმობს ნიღაბის მორგებას და შევთანხმდებით, რომ პიარი აუცილებელია ყველა ტიპის ურთიერთობაში – ოჯახში, მეგობრებში, სიყვარულში, სამსახურში და ა.შ. სელფპრომოუშენს გაწერილი დოგმები არ აქვს, ინსტრუმენტები სხვადასხვაა, მე რამდენიმე მათგანზე გავამახვილებ ყურადღებას:

სელფპრომოუშენი, როგორც ფხა

ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!

განვიხილოთ სელფპრომოუშენი ყოველდღიური ლექსიკონის იმ აქტიური ფრაზით, როგორიც არის „ცხოვრების შნო“. ყველა სურვილი ოცნებით იწყება, ვქმნით ღრუბელს, მერე ფანტაზიებშიც ვეშვებით. ყველაზე ხშირად პატარებს ვეკითხებით, – ვინ უნდა გამოვიდეს დიდობაში. მათაც უნდათ პრინცესობა, პრეზიდენტობა, ექიმობა და ათასი რამ. ნუ ვეტყვით, რომ ეს შეუძლებელია, ისინი თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, როცა გაიზრდებიან. დავარწმუნოთ ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან სელფპრომოუშენი „ფხაა“, ბავშვობიდან შეძენილი მოხერხება, მიზნის დასახვა და ამ მიზნის განხორციელების გზების ძიება სწორად ფორმირებული იმიჯით. საინტერესოა, იმ ტაქსის მძღოლმა 3 დიპლომი რომ დაიკიდა თავის დროზე საწოლის თავზე, მერე რა ქნა – სამსახურს ლოგინში დაელოდა?

სელფპრომოუშენი – თმა ცუდად ხომ არ მაქვს?

სელფპრომოუშენი გარკვეულწილად არის „პრანჭიაობა სარკის წინ“, „შოპინგის სიყვარული“, „სუნამოს დასხმა სახლიდან გასვლის წინ“, „სალონში სიარული“ და ზოგადად ყველაფერი, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. ნუ მოვიკლებთ ამ სიამოვნებას, – ხშირად ვიკითხოთ, თმა ცუდად ხომ არ გვაქვს? ტუჩის საცხი განვაახლო? როგორ გამოვიყურები? თუ დაიბადე ქალად, მიეცი კიდეც თავს ქალურობის უფლება, – ეს არამხოლოდ პირად ურთიერთობებზე, საქმიან შეხვედრებზეც დადებითად აისახება.

ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!

სელფპრომოუშენი, როგორც მარილი…

ჩემი აზრით, „მარილი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანამატია, რომელიც ადამიანის „კაი ტიპობას“ განსაზღვრავს. ნუ დავასმევინებთ ვინმეს დიაგნოზს,  სახელწოდებით „მარილი აკლია“. გვახსოვდეს, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება ყოველთვის შესაძლებელია.

საბოლოო ჯამში სელფპრომოუშენიც უკუკავშირით იზომება. დაახლოებით იმას გავს, პირველი პაემნის მერე ტელეფონს რომ დაყურებ მესიჯის მოლოდინში, – მოგწერს, თუ აღარ მოგწერს. ეფექტიანი პრომოუშენის მიუხედავად, გვახსოვდეს, რომ ყველას მოსაწონი არც პროდუქტი, არც სერვისი და მით უმეტეს ადამიანი არ არსებობს. მთავარია თავად ვიცოდეთ – „სად ვართ, სად გვინდა რომ ვიყოთ, როგორ მივიდეთ იქამდე!“

ვინ ვარ, ვინ მინდა ვიყო, როგორ გავხდე ის?!