ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

ბრძოლა, როგორც ასეთი, გენიალური მოვლენაა. ძირითადად კარგთან არაფერთან ასოცირდება, მაგრამ ძალიან საჭირო რამაა. პირობითად, ბრძოლის ორი კატეგორია არსებობს – „სისხლიანი“ და „უსისხლო“. კიდევ არის ქვეკატეგორიები, აღარ ჩავუღმავდები. მთავარი ის არის, რომ მეორე შემთხვევაში, ბრძოლის დროს ზოგჯერ ერთი ადამიანიც საკმარისია და „ბრძოლის ველი“ შეიძლება ნებისმიერი ადგილი ან სიტუაცია აღმოჩნდეს. ჩვენ ყველა მებრძოლები ვართ, ეს ჩვენს სისხლშია. დაიწყო ვაშლით, გაგრძელდა ქვებით, შუბებით, ხმლებით, თოფებით… „ვაშლი“ დღესაც აქტუალურია. (ცოტა აბდა-უბდური პოსტი გამომდის, მაგრამ თქვენი გამჭრიახობის იმედი მაქვს 🙂  )

ყოველი დილა, უმეტეს შემთხვევაში, ბრძოლით იწყება – ბრძოლით ძილთან, მაღვიძარასთან და გათენებულ ღამესთან. მაღვიძარა ყველაზე ამაზრზენი და საჭიროა ჩვენს ცხოვრებაში. როგორი პოზიტიური ზარიც არ უნდა დააყენო, დილით მაინც გძულს.

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

მე მაგალითად, „ბაიერნის“ ჰიმნით ვიღვიძებ (ბალიშსაც „ბაიერნის“ ლოგო ახატია, საბანსაც. ალბათ მიხვდით, რომ ოჯახის ერთი წევრი გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარია), ამას უნდა მოუსმინოთ, რომ მიხვდეთ რა ტანჯვაა. მაღვიძარა თუ 15 წუთიანი ინტერვალებით რამოდენიმეჯერ არის დაყენებული რომ არ ჩაგვეძინოს, ეს ტანჯვა ყოველ ჯერზე უფროდაუფრო გაუსაძლისია და ამიტომ, სასწრაფოდ უნდა ავდგეთ! 1:0 ჩვენს სასარგებლოდ

ვდგებით, მივდივართ (გადა)რჩენისთვის, ზოგი სად, ზოგი სად. წეღან ვაშლი ვახსენე და პირველი ბრძოლა ხომ ქალმა წააგო ვაშლთან, მეორე ბრძოლა კაცმა – ვაშლთან და ქალთან. რომ არა ვაშლი, დღეს არც სამსახური იქნებოდა, არც მაღვიძარა, არც ბაიერნი და მით უმეტეს, არც ბაიერნის ჰიმნი. და საერთოდ, ღმერთმა უწყის სად ვიქნებოდით.

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

კიდევ ერთი რამ, რომელთან ბრძოლაც უმეტესობას ყოველდღიურად გვიწევს და რომელთანაც ხშირად ვმარცხდებით, ჭამაა. „პური ჩვენი არსობისა“ ზოგჯერ თვეობითაა ამოღებული კვების რაციონიდან, თუმცა ვარსებობთ და „ვპურდებით“, ზოგჯერ ვსუქდებით კიდეც მის გარეშე. სიყვარულისა და დიეტის ტანჯვა ალბათ რაღაცით ჰგავს ერთმანეთს – ორივე კლავს. უყურებ, გინდა, არ შეიძლება (ან ვერ).

სასიკვდილო დარტყმას, როგორც წესი, ტკბილეული წარმოადგენს. შევდივართ კაფეში ან მაღაზიაში, მივდივართ ნამცხვრებისა და ტკბილეულის განყოფილებასთან და იწყება „ომი“ – ვიცით რომ არ უნდა ვჭამოთ, მაგრამ გვინდა ისე, როგორც არასდროს (ეს იმ მომენტში გვგონია რომ „ისე როგორც არასდროსაა“, თორემ ყოველ ჯერზე ერთნაირად გვინდა – ჩიზქეიქი ჩიზქეიქია – შენ შენ ხარ). ვიწყებთ გამოსავლის ძიებას, რომ რამენაირად გავიმართლოთ თავი, ვდებთ პირობას, რომ მეორე დღეს ე.წ. „განტვირთვის დღეს გავაკეთებთ“, რომ “კვირაში ერთხელ არაუშავს…” ამასობაში, დახლს მიღმა გოგონა თბილად გვიღიმის და გვეკითხება თუ რას მივირთმევთ. უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. წამების ამბავია ჩვენი წამება – მთელი ცხოვრება თვალწინ ჩაგვივლის, გვახსენდება რა გამოვიარეთ XL-დან M-მდე, გვახსენდება ის პიჯაკი ან შარვალი, გასულ საღამოს მაღაზიაში რომ ვნახეთ, საყვარელი ადამიანის აღფრთოვანებული მზერა, როცა კარგად გამოვიყურებით (ან პირიქით)  და მორჩა!

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

 2:0 ჩვენს სასარგებლოდ.  მშვიდობით ჩიზქეიქ და სხვა ცომეულობავ! მივირთმევთ მსუბუქ სალათს ან ვაშლს…

ყოველდღიური ბრძოლები მოიცავს ტრანსპორტში და სამსახურში ადგილის მოპოვებას, რიგში დგომას, მეგობრებთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობების დალაგებას, ოჯახის წევრებთან კონფლიქტურ სიტუაციებს, ურთიერთობას შვილებთან,  საკუთარ დაღლილობასა თუ წუთიერ სიზარმაცესთან გამკლავებას, წერას მაშინ, როცა არ გეწერინება (თუმცა, დიეტის დროს უცხიმო ხაჭოს რომ ჭამ ძალით და თანდათან მოგწონს, დაახლოებით იგივე მომენტია – მუზა წერაში მოდის), იმ საქმეების კეთებას, რომელიც არ მოგვწონს ან მოგვწონს, მაგრამ დიდ ძალისხმევას მოითხოვს ჩვენგან…

უამრავი ბარიერის გადალახვა ისე გვიწევს ყოველდღიურად, რომ ზოგჯერ ამას ვერც ვიაზრებთ… და მაშინ, როცა ჩათვლით, რომ რაღაც ისე არ გამოვიდა, ან საერთოდ არ გამოვიდა, გაიხსენეთ რამდენი რამ გამოვიდა მანამდე „ისე“, რამდენი რამის გაკეთება და გადალახვა მოახერხეთ მთელი ამ დროის განმავლობაში! მოიკრიბეთ ძალა და ეცადეთ, რომ ანგარიში უმეტესწილად თქვენს სასარგებლოდ იყოს.

ვაშლი ჩვენს ყოველდღიურობაში

შევთანხმდით: ვაგრძელებთ ბრძოლას – დილას ვიწყებთ ხალისიანად, ვაგრძელებთ დიეტურად და ვართ მოტივირებულები!

ესეც 3:0 

P.S. ზოგჯერ „ბაიერნის“ ჰიმნსაც არაუშავს (თუ დაასწარი და მაღვიძარაზე ადრე გაგეღვიძა).