ხუთშაბათი
ივლ272016

ტოლმა

ტოლმა

 

ახლახანს, როცა წერის დასაწყებად ფანქარს ვთლიდი, “ბაუჰაუსთან” ცოლ-ქმარმა ჩამოიარა შვილთან ერთად. პატარა ბავშვი დედას ეუბნებოდა: “დედა მე ტოლმა მინდა.”

იმედია, ვაზის ფოთოლში გახვეულუ ტოლმა არ უნდა, თორემ შედარებით რთული იქნება დედისთვის მისი დამზადება, კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ტოლმისგან განსხვავებით.

პრინციპში, ქალს რომ გავხედე ისეთი სახე ჰქონდა, საერთოდ არ აპირებს ტოლმის გაკეთებას.

ახლახანს, ბარის შიგნიდან (მე გარეთ ვზივარ) მოისმა:
„გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!“

ამ წამს, ქოლგიანმა ქალმა ჩამოიარა, ქოლგა ჭრელი იყო და მაგით მიიქცია ყურადღება.

ბარიდან ქართული სიმღერა ისმოდა, უცებ გამორთეს და რაღაც ახალი ჩართეს, ისიც ქართულია. არ ვიცი რა სიმღერაა. ტექსტი არ მესმის მანქანების ხმაურის გამო.

ეგეც გამორთეს უკვე, არადა კარგი კლავიში გასდევდა ფონად.

ჟოლობებიდან წყალი თქეშად მოდის. სოლოლაკში, გუდიაშვილის ბაღთან ახლოს ვარ. დრო გამყავს თეთრი რუსულის სმით.

მარჯვნივ შენობაა, ავარიული, აქ ყველა ეგეთია.

ზურგს უკან გავიხედე და ვაზი დავინახე.

სასაცილოდ მომეჩვენა და ის ტოლმის მსურველი ბავშვი გამახსენდა.

ტოლმა და ვაზი.
ვაზი და ფოთოლი.
ფოთოლი და სპორტის სასახლე.
სპორტის სასახლე და სამსახური.
სამსახური და პოსტი.

P.S. ეს პოსტი იწერებოდა ფანქრით ფურცელზე.


მარიამ მურადაშვილი,
დიზაინერი
Share Button

საუკეთესო სტატიები