პარასკევი
აგვ272015

tattoo – თავისუფლება, პოზიცია, ხელოვნება, ემოცია და ∞

tattoo - თავისუფლება, პოზიცია, ხელოვნება, ემოცია და ∞

 

ყველა ადამიანისთვის ტატუ სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია. ზოგიერთისთვის ეს არის ისტორია, ზოგისთვის ხელოვნება, ზოგისთვის პოზიცია, ზოგისთვის ემოცია, ზოგისთვის იუმორი, ზოგისთვის ყველაფერი ერთად, ერთ სხეულზე და ასე, დაუსრულებლად შეიძლება ადამიანის სხეულზე აღმოჩნდეს ყველა ის სიმბოლო, ან ტექსტი, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ტატუს გაკეთებამდე ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ იმაზე, რომ ის, რაც შესაძლოა მთელი ცხოვრება გაჰყვეს, არასოდეს მობეზრდეს და გაკეთების შემდეგ უყვარდეს და ნამდვილად იყოს მისი ნაწილი. ამიტომ, ტატუ შეიძლება იყოს ინფორმაცია ადამიანის შესახებ და იყოს მისი პიროვნების გამომხატველი.

ტატუს დავყოფდი მარტივ და რთულ ტატუებად. მარტივია, როდესაც უცხო ადამიანი დანახვისთანავე აღიქვამს ფორმას და არ სჭირდება ბევრი ფიქრი იმაზე თუ რა არის გამოსახული.  ხოლო რთული ტატუა, როდესაც აკვირდები, აკვირდები და ვერ ხვდები რა ჯანდაბა ახატია. მერე კი, აუცილებლად ეკითხები “რა გახატია? რას ნიშნავს? ამაში რა იგულისხმე?” და ასე დაუსრულებლად. ( რჩევა: არასოდეს დასვათ, ასეთი შეკითხვები, რადგან ის ყველასთვის ინტიმური ნაწილია და არავის აქვს სურვილი დეტალურად აღწეროს მისი მნიშვნელობა ) ასევე, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა “მარტივს” ან “რთულს”, რადგან ტატუ მთელი ცხოვრება შენზე იქნება აღბეჭდილი და იმის მოლოდინში არ უნდა იყო, რას იტყვის სხვა მასზე და როგორ შეაფასებს.

მამაჩემი ამბობს ხოლმე, რომ ტატუ უინტელექტო ადამიანებს აქვთ, თუმცა ამასაც ამბობს: “შექმენი და გაიკეთე”.

სწორედ ასე გავიკეთე პირველი, ჩემთვის მნიშვნელოვანი ტატუ და შორს რომ არ წავიდე, ვისაუბრებ მასზე, როგორც ნახატზე, რომელიც ერთი შეხედვით, ჩემი სხეულის ლამაზი ნაწილია.

მზესუმზირა, სიცოცხლის ხე და გალაქტიკა – ეს სამი რამეა ჩემ პატარა ტატუში გაერთიანებული, თუმცა სანამ გავიკეთებდი, თვეები დამჭირდა იმაზე ფიქრსა და ფანქრის ფაცუნში, რომ მზესუმზირის ყვავილი, რომელიც ძალიან მინდოდა დამეხატა, ყოფილიყო განსხვავებული, ჩემთვის მნიშვნელოვანი სიმბოლოებით დატვირტული და აუცილებლად, ფერს ჰქონოდა ის სიმბოლიკა, რაც ჩემთვის ახლო და მნიშვნელოვანი იყო. ყოფილიყო ჩემი, ალბათ, ფიქრების გამომხატველი და არა უბრალო ყვავილი, რომელსაც ხანდახან ‘სემიჩკით’ მოიხსენიებენ.

ზოგს ჰგონია, რომ ტატუში მთავარი ფორმაა, თუმცა გირჩევდით, რომ ფერადი ტატუს გაკეთების შემთხვევაში, ფერსაც ისეთივე დიდი ყურადღება დაუთმოთ, როგორც ფორმას. შეისწავლოთ ფერთა სიმბოლიკა და ეცადოთ ის ფერი გამოიყენოთ, რომელშიც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. ასევე, კარგი იქნება, დეტალურად გაეცნოთ თუნდაც ცნობილ ნახატებს, რათა უფრო კარგად აღიქვათ, რატომ აქვს ფერებს ამდენი დატვირთვა. გოეთე ამბობდა: “ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო.”
tattoo - თავისუფლება, პოზიცია, ხელოვნება, ემოცია და ∞

სემიჩკის”  მნიშვნელობა

მზესუმზირა სიმბოლოა სულიერი რწმენისა და თაყვანისცემის. როგორც ჩვენ მივდევთ ჩვენს შეხედულებებსა და აზრებს, ისე ის პოულობს და იღებს პოზიციას თავისით – უყუროს მზეს ისე, რომ მაქსიმალურად შეისრუტოს მისთვის საჭირო მაცოცხლებელი მზის სხივები.  მზესუმზირა “მანათობელი” ყვავილია, ამიტომაც, მას ბედნიერების, ერთგულებისა და ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

ყვითელი ფერის სიმბოლიკა ასევე გამოხატავს ბედნიერებას, ინტელექტს, ოპტიმიზმს, იმედს, კრეატივსა და იღბლიანობას.

მზესუმზირას ბერძნულ მითოლოგიაში წყლის ნიმფის სიმბოლო აქვს, რომელიც, მას შემდეგ, რაც თავისი სიყვარული დაკარგა, მზესუმზირად გადაიქცა. ახლა, ყოველთვის მზეს უყურებს და ელოდება როდის გამოჩნდება აპოლოს ეტლი.

მოკლედ რომ ვთქვათ, მზესუმზირა არის ღრმა რწმენისა და გაგების იდეალური სიმბოლო. სიმბოლო მონათესავე სულისა და გულის, რომელსაც კაცობრიობა ყოველთვის ეძებს და რომელსაც ყველა საბოლოოდ, ნათელი მხარისაკენ მიჰყავს.

 

სიცოცხლის ხე

არსებობს მსოფლიო ხის სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ერთმანეთისაგან შედარებით ვიწრო ფუნქციური დატვირთვით გამოირჩევიან: სიცოცხლის ხე, ნაყოფიერების ხე, ცენტრის ხე, აღსავლის ხე, ციური ხე, შამანური ხე, მისტიური ხე, ცნობადის ხე, ასევე გვხვდება კოსმიური ხის შემდეგი ვარიანტები: ბოროტების ხე, მიწისქვეშა ხე და სხვა.

სიცოცხლის ხეს, ზოგადად, ძალიან დიდი წარსული აქვს და ბევრ კულტურასა და მითოლოგიაში გვხვდება. გამიჭირდება ბევრი საუბარი მასზე, ამიტომ მოკლედ ვიტყვი.

სიცოცლის ხე ცნობილია, როგორც მისტიური და საოცარი ხე. ის მდებარეობს სამყაროს ცენტრში – იმ ადგილას, რომლის გარშემოც კონცენტრირებულია მთელი სამყარო. სიცოცხლის ხის სიმბოლიკის საკრალურ მნიშვნელობას სიცოცხლე და უმაღლესი მიზანი – უკვდავება წარმოადგენს. სიცოცხლის ძირითადი ნიშანი თავის მსგავსის წარმოქმნასა და გამრავლებაში მდგომარეობს. ყოველ ცალკეულ სიცოცხლეს ოთხი სტადია ახასიათებს – დაბადება, ზრდა, დეგრადაცია და სიკვდილი. მითოლოგიურ და რელიგიურ სისტემებში განსაკუთრებით ხაზგასმულია სიცოცხლის აღმავალი ხაზი – დაბადებიდან ზრდის მაქსიმალურ სტადიამდე – ყვავილობასა და სიმწიფემდე.

სიცოცხლის ხე გადაკვეთს სამ სკნელს – ქვესკნელს, შუასკნელსა და ზესკნელს. ერთის მხრივ, ეს არის ადგილი, სადაც ცა ყველაზე უფრო ახლოა მიწასთან და მოიაზრება, როგორც კიბე ზეცაში ასასვლელად თუ ქვესკნელში სამოგზაუროდ. მეორეს მხრივ კი, ეს არის ადგილი, საიდანაც დაიწყო ცისა და მიწის ერთმანეთისგან დაშორიშორება.

გალაქტიკა კი გალაქტიკაა – ვარსკვლავთშორისი, მტვრისა და უჩინარი მატერიების დიდი სისტემა, რომელიც გრავიტაციული ზემოქმედებით ერთმანეთს უკავშირდება. თუმცა, არამეცნიერულად თუ შევხედავთ, ის შეიძლება იყოს პირადი გალაქტიკა, სადაც ყველაფერი უკვდავია.  ვარსკვლავები შეიძლება აღვიქვათ, როგორც ისტორიები ან ბედნიერი წერტილები და ა.შ  უჩინარი ემოციებისა და ფიქრების დიდი სისტემა, რომელიც “გრავიტაციული ზემოქმედებით” რეალურ სამყაროსაც უკავშირდება.

 


თეკლა ყიფიანი,
დიზაინერი
Share Button

საუკეთესო სტატიები