ოთხშაბათი
აგვ272015

სოციალური ფოტოგრაფია

სოციალური ფოტოგრაფია

 

რომ მეკითხებიან, ფოტოგრაფიც ხარო? ცოტა პაუზას ვაკთებ და ისე ვპასუხობ: მობაილ ფოტოგრაფერი ვარ – მეთქი. ანუ მაინც ფოტოგრაფი გამოვდივარ, ოღონდ ფოტოებს, უმეტესწილად, ფოტოკამერით კი არა, მობილური ტელეფონის რომელიმე აპლიკაციით ვიღებ. დიახ, მეც ფოტოგრაფი გახლავართ და ამ პოსტში რამდენიმე სიტყვით გესაუბრებით ფოტოგრაფიის იმ ჟანრზე, რომელიც, ჩემი აზრით, მობაილ ფოტოგრაფიას ყველაზე კარგად მიესადაგება. სპეციალურად ამ პოსტისთვის მშრალ ხიდზე კიდევ ერთხელ ვიმოგზაურე.

სოციალური ფოტოგრაფია

 

სოციალური ფოტოგრაფია

სოციალური ფოტოგრაფია სოციუმზე, საზოგადოებაზე დაფუძნებული ფოტოგრაფიის ჟანრია, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს, როგორც ყოველდღიურ თემებს, ასევე ანალიტიკურ-შემაჯამებელ საკითხებსაც. მაგალითად: მიტინგია? ხანძარია? ვინმე მოკლეს? რაღაც აშენდა? – ეს არის სოციალური ფოტოგრაფია, ოღონდ ახალი ამბებისთვის. უმუშევრობის დონე გაიზარდა? შაქარი გაძვირდა? სად და როგორ ცხოვრობენ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული ინდოელი სტუდენტები? – ეს უკვე სოციალური ფოტოგრაფიის ანალიტიკური ნაწილია. არაფერი ხდება? – ესეც სოციალური ფოტოგრაფიაა, რადგანაც უმოქმედოდ დარჩენილ საზოგადოებას ასახავს.

სოციალური ფოტოგრაფია

 

სოციალური ფოტოგრაფია

სოციალური ფოტოგრაფია რომ ტელეფონით უფრო მოსახერხებელია, ეს უკვე დამტკიცდა. საზოგადოების დიდ ნაწილს არ სიამოვნებს როცა უღებენ, ამიტომ ასეთ დროს მობილური ტელეფონი შედარებით ნაკლებად გამაღიზიანებელია. თუმცა, გადაღებისას ზოგიერთები თამაშს და გაპრანჭვას იწყებენ. ამით დიდი არაფერი შავდება, რადგან გაპრანჭული ადამიანი მაინც იგივე ადამიანია, უბრალოდ, შესაძლოა, მან ის აღარ გააკეთოს, რის გამოც მისთვის ფოტოს გადაღება განიზრახე.

სოციალური ფოტოგრაფია

 

სოციალური ფოტოგრაფია

სოციალურ ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანია თითოეული ჟესტი, ნაბიჯი, დისტანცია და თვალისმიერი კონტაქტი. ძალიან შორიდან თუ უღებ, შესაძლოა, ფოტო ძალიან ზოგადი გამოვიდეს, ძალიან ახლოსაც თუ მიხვალ, დიდი შანსია, გადასაღები ობიექტი განგერიდოს ან გაგიბრაზდეს. ამ დროს ერთვება სხვადასხვა ჟესტი და მიმიკა, რომელთა წყალობით ცდილობ ადამიანის გულის მოგებას. თვალებში შეხედვა და მცირეოდენი გაღიმება შველის ხოლმე საქმეს. მთავარია, გადაღების ობიექტმა იგრძნოს, რომ მას საფრთხე არანაირად არ შეექმნება.

სოციალური ფოტოგრაფია

 

სოციალური ფოტოგრაფია

პირადად მე, საქართველოში ხშირად მიწევს თავის უცხოელად მოჩვენება: უფრო ნაკლებ ყურადღებას მაქცევენ, ჰგონიათ, რომ არ მესმის და სადღაც უხარიათ კიდეც, რომ უცხოელი მისით დაინტერესდა. მე კი მიხარია, რომ საწადელს ვაღწევ.

სოციალური ფოტოგრაფია

 

სოციალური ფოტოგრაფია

დაბოლოს, დეტალები. არ არის აუცილებელი, კადრში ადამიანები ყოველთვის ჩანდნენ. ზოგჯერ მათი ხელები, ფეხსაცმელები ან ტანსაცმლის დეტალებიც კი უფრო მეტს ამბობენ. მთავარია, იგულისხმებოდეს ადამიანი და მისი განწყობა ჩანდეს, ანუ კადრში რომ ყოფილიყო, რა ხასიათზე იქნებოდა. ამ ყველაფერს კი აპლიკაციების ფოტოფილტრებით წყვეტ. სოციალური ფოტოგრაფია ხომ რეალობის მხატვრული ასახვით თამაშია.  ეს ფოტოკოლაჟი კი Retrica-ის ერთი ფილტრით გადავიღე.

 

სოციალური ფოტოგრაფია


ზურაბ ბალანჩივაძე,
სოციალური მედია მენეჯერი
Share Button

საუკეთესო სტატიები