სიყვარული, მეგობრობა, ჭამა, ბიზნესი, მარუნ 5…

სიყვარული, მეგობრობა, ჭამა, ბიზნესი, მარუნ 5…

 

ის, რაზეც ახლა უნდა ვისაუბრო, ჩემი და თქვენი ყოველდღიურობაა. ის ყველაფერშია – იქნება ეს სამსახური, დასვენება, მეგობრობა, ოჯახი, რწმენა, საყიდლები, სიყვარული, ჭამა, სექსი, სწავლა, კინო, თეატრი, ბიზნესი, „მარუნ 5“ თუ სხვა. საუბარია იმედებსა და მოლოდინებზე, რომლებიც ხან ამართლებენ, ხან არა.

იმედი ხშირად გამცრუებია, მოლოდინი არ გამართლებულა, რაღაც, რასაც დიდხანს ველოდებოდი სულ სხვანაირად წასულა… ზოგადად, ყველაფერზე ზედმეტად ვნერვიულობ და არც ამ შემთხვევებში დამიკლია. იყო დრო, როცა იმედგაცრუებას მთელი კვირა ან მთელი თვე შეეძლო ჩაემწარებინა, მაგრამ ბოლო დროს რაღაც სხვა განწყობამ შემომიტია – ყველაფერს გამოწვევად აღვიქვამ და შეცდომების დაშვების თუ გაუმართლებელი მოლოდინების სხვა თვალით დანახვის ეშხში ვარ შესული. იმედებისა და მოლოდინების გაცრუებით სავსეა ცხოვრება, მთავარია როგორ აღვიქვამთ.

ხოდა, არ გამოგივიდა ნამცხვარი? მეორედაც გააკეთე! მაინც არაა გემრიელი? ესე იგი, რეცეპტშია პრობლემა!

რადგან ნამცხვარი ვახსენე ყველაზე მარტივით და ნერვების მომშლელით დავიწყებ – გემრიელად ჭამის განწყობით და მოლოდინით. მთელი დღე ან კვირა რომ გეგმავ, რომ სადღაც უნდა წახვიდე და გემრიელად მიირთვა რომელიმე კერძი და აღმოჩნდება, რომ მზარეული არც ისე კარგ განწყობაზე იყო იმ დღეს (ან რამე სხვა), კოვზი მართლა ნაცარში ვარდება. ეს გრძნობა ანგრევს განწყობას, ურთიერთობებს, შენს თავაზიანობას და დღის დარჩენილ მონაკვეთს.

ჩვენი ცხოვრება ხომ პატარ-პატარა კატასტროფებისგან შედგება – კომპიუტერი გაგიფუჭდა, მანქანა „სითი პარკმა“ წაიყვანა, ტაქსი არ მოვიდა, თეთრ შარვალზე წითელი ტყემალი დაგესხა, ახლადწასმული ლაქი გაგეთხაპნა (აი ეს ზოგჯერ ტრაგედიაა) და ა.შ. მაგრამ არანაირ გემოს რეცეპტორს რომ არ გიღიზიანებს კერძი, რომლის ჭამასაც ასე გეგმავდი, გურმანისთვის ერთად აღებულ ყველა კატასტროფასა და იმედგაცრუებაზე მეტია (ეს ლისაბონის ერთ-ერთ რესტორანში დამემართა, სადაც აღტკინებულებმა შევუკვეთეთ Bacalao და საბოლოო ჯამში, ზეთში მცურავი კამიანი კარტოფილის გარდა, რომელიც ძალიან მშობლიურად გამოიყურებოდა, ვერაფერი მივირთვით).

იმედი, მოლოდინი, ყველაზე სარისკო რამაა (ჩემი აზრით), ამიტომ უყურებს ალბათ ზოგიერთი ყველაფერს მაქსიმალურად კრიტიკულად და უიმედოდ, რომ არ გაუცრუვდეს… ან თუ გაუცრუვდა, რომ თქვას „ხომ ვამბობდიო“.

ბევრი რამის დაკავშირება შეიძლება ერთმანეთთან, ჩვენს ცხოვრებაში ხომ ყველაფერი იკვეთება, მაგრამ ბიზნესი და სექსი რაღაცნაირად მოვახდინე ერთმანეთს. ამ ორის შემთხვევაში, ჩემი აზრით, დაახლოებით ერთნაირი მდგომარეობაა – როცა პარტნიორი არ ამართლებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცავ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებს (ალბათ), განიხილავთ პრობლემებს და ეძებთ ამ პრობლემების მოგვარების გზებს. თუ ამანაც არ უშველა საქმეს, ოფიციალურად წყვეტ ურთიერთობას და აცხადებ „ტენდერს“, უკეთესი მომსახურების მოლოდინით.

მთავარია, მეორე მხარეს კარგად გააგებინო რა გინდა. თუ თვითონაც არ ხარ გარკვეული და ყოველთვის დაუკმაყოფილებელი ათას „ტენდერზე ხტუნავ“, ეს უკვე აღვირახსნილობაა ბიზნესშიც და სექსშიც (ათას „ფროფოუზალზე“ გადამხტარიც რა კარგად ჟღერს 🙂 ).

ეს არაადამიანური ურთიერთობები…

გადავიდეთ ადამიანურზე 🙂

სიყვარულისა და მეგობრობის შემთხვევა ცოტა რთულია. როგორც წესი, აქ იმედები და მოლოდინები მთავარია და ხშირ შემთხვევაში, საფუძვლად უდევს უკიდეგანო ნდობასა და თავდადებას. მეგობრის ან შეყვარეუბულის მხრიდან პირველივე იმედგაცრუებას მტკივნეულად აღიქვამ.

როცა განწყობას, რომ თქვენ შორის ნდობა და სიყვარულია, სულ სხვა რეალობა ანაცვლებს:

1. ხდები შეურაცხადი, თავზეხელაღებული, მებრძოლი, რომელიც შურისძიების წყურვილით ანთებული მზად ხარ გაუგონარი სისასტიკით გაამწარო (და შენც გაიმწარო ცხოვრება), სხვა ვერაფერზე ფიქრობ და მთელი დღეები აწყობ ყველაზე საშინელ გეგმებს (განხორციელება და სხვა დეტალები ცალკე პოსტის თემაა). სხვათა შორის, ამ მხრივ ფანტაზია ძალიან მრავალფეროვანი მაქვს და თუ ვინმეს დაჭირდება, შემიძლია იდეები მივაწოდო.

ან

2. უბრალოდ თავს ანებებ – წყნარად, მშვიდად, ცივილურად – იმ იმედით, რომ შენი ასეთი საქციელით სინდისი და დანაშაულის გრძნობა შეაწუხებს, აქვითინდება და ეცდება გამოისყიდოს. ზოგი თვლის, რომ ეს უფრო ღირსეული საქციელია, მაგრამ სულ ტყუილად მეგობრებო. პირველი ვარიანტი ჯობს. თუ ადამიანს ერთხელ შეეშალა, დიდი ალბათობით, რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ შეეშლება.

გამარჯობა, ასეთები ვართ ყველა.

სიყვარული, მეგობრობა, ჭამა, ბიზნესი, მარუნ 5...

დაბოლოს, შევეხები თემასაც, რამაც გადამაწყვეტინა იმედებსა და მოლოდინებზე წერა. ჯერ ვიფიქრე, მეორე პოსტად გამოვაქვეყნებთქო, მაგრამ რადგან იმავე თემაზეა, იყოს აქ. დიდხანს ვიფიქრე იმაზე, თუ რატომ განაწყენდა ქართველი მსმენელი “მარუნ 5”-ის კონცერტზე ბათუმში.

და მივხვდი რატომაც – მოლოდინი იყო სხვა!
(აი აქ გავიაზრე მოლოდინის უსაზღვორო ძალა).

1. რობი უილიამსის კონცერტის შემდეგ, რომელიც მართლა ნიჭიერი მომღერალია და ამასთან, შოუს დადგმა და ხალხთან კომუნიკაცია კარგად გამოსდის, აუდიტორიამ თვალი დახუჭა ტრუსზე და შეეგუა უკანალს. ზოგიერთები სიამოვნების ზენიტში იყვნენ სცენაზე აყვანილ მარიამზე მილიონ სიტყვიანი პოსტების წერით (ეს ცოდვა მეც მომეკითხება). ბათუმში კი, ხალხი რაღაც ისეთს ელოდა, რაზეც ილაპარაკებდნენ. მაგრამ წვიმის გარდა „ისეთი“ არაფერი მომხდარა.

2. ისე რომ „მარუნ 5“-ის არც ერთი ლაივ კონცერტი არ უნახავთ „იუთუბში“, მაყურებელი ადამ ლევინის არაადამიანურად მაღალი დიაპაზონითა და ძლიერი ხმით ბათუმში ღრუბლების გაფანტვას და მინების დამსხვრევას ელოდებოდა. აი მე, ვუყურე ყველაფერს, ისიც ვიცოდი რა სიმღერით დაიწყებდა და რომლით დაასრულებდა კონცერტს. ვიცოდი, რომელ სიმღერაზე როდის ახტებოდა და დახტებოდა. საწვიმარში გახვეული ვიდექი სცენასთან და ვიღებდი ფოტოებს გალუმპული ტელეფონით. თან მომწონდა ასე ახლოს რომ ვხედავდი ტიპს, რომელმაც ვიქტორიას ყველა საიდუმლო იცის.

3. არაადამიანური წვიმის გამო, ხმა ალბათ ყველასთან კარგად არ აღწევდა, თორემ, მე თუ მკითხავ, სხვა ლაივებზე კარგად ბათუმში იმღერა. ყველა მხრიდან წყალი ასხამდა ადამ ლევინსაც და მის ბენდსაც. საერთოდ რომ იმღერა და არ ჩაშალა კონცერტი ძალიან გამიხარდა.

4. ეცვა ისე, როგორი ამინდიც იყო და არც სცენაზე აუყვანია ვინმე. მერე რა, რომ არ დაგვემშვიდობა ან ქართულად არ მოგვესალმა, ან რომელიმე საჭმელზე არ გაგიჟდა. ქართულ სიმღერაზე ხომ გაგიჟდა. მართალია მე არ მომეწონა, მაგრამ გამოიყვანა სცენაზე ეს ხალხი, იმღერეს ერთად (რა შუაში იყო “შენ ხარ ვენახი”, მაგრამ იმ წივილ-კივილში ვერც იმათ და ვერც ჩვენ ვერაფერი გავიგეთ).

ამ შემთხვევაში, იმედგაცრუებას გადავრჩი – წვიმაც მომეწონა და კონცერტიც (დამეხმარა „სხვა თვალი“).

სიყვარული, მეგობრობა, ჭამა, ბიზნესი, მარუნ 5...

მოკლედ, ადამ ლევინი იქით იყოს და, რაც უფრო ძლიერია მოლოდინი, მით უფრო სასიამოვნოა მოლოდინის გამართლება და, რა თქმა უნდა, უფრო მტკივნეულია იმედგაცრუება. ასე რომ, საქმეშიც და ცხოვრებაშიც, ვცდილობ ვიფიქრო რეალისტურად, მაქსიმალურად დავგეგმო ყველაფერი და სადღაც გულის სიღრმეში, ყოველთვის მზად ვიყო უარესისთვის… ვცდილობ 🙂  (ნუ, „სხვა თვალიც“ სულ თან მაქვს ).

გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა არ გამომივიდა, ამიტომ მადლობა რომ წაიკითხეთ.